მანანა ნიკოლაიშვილი: ჰკითხეთ ხლისუფლებას, საერთოდ აინტერესებს განათლება?!

მანანა ნიკოლაიშვილი: ჰკითხეთ ხლისუფლებას, საერთოდ აინტერესებს განათლება?!

   "ივერიონს" ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შექმნილ უმწვავეს პრობლემებზე ესაუბრება ექსპერტი განათლების საკითხებში, ქალბატონი მანანა ნიკოლაიშვილი.


-ქალბატონო მანანა, სააგენტო ,,ივერიონში" დაიბეჭდა 116-ე  სკოლის პედაგოგის,  დავით ფერაძის ღია  წერილი  თამარ სანიკიძისადმი , სადაც  იგი ღიად საუბრობს განათლების სამინისტროში არსებულ არაკეთილსინდისიერ, არაეფექტურ  და მიკერძოებულ  დამოკიდებულებაზე  ზოგადად  სისტემის და კონკრეტულად, პედაგოგების მიმართ. -რა მდგომარეობაა დღეს განათლებისა და მეცნიერების განვითარების მხრივ საქართველოში, პასუხობს თუ არა იგი მსოფლიო გამოწვევებს და რაც მთავარია , არის თუ არა განათლება პრიორიტეტული დარგი?


-უნდა აღვნიშნო, რომ განათლებას სჭირდება დიდი ფული. არც ერთმა ხელისუფლებამ საქართველოში ყურადღება არ გაამახვილა განათლების ხარისხის ამაღლებაზე და ის პრიორიტეტულად მხოლოდ ფურცელზე დატოვა.
განათლების პრიორიტეტულობა იმას ნიშნავს, რომ ყოველი წლის ბიუჯეტის შედგენისას, ყველაზე მეტი ფული განათლებაში   ჩადო და არა თავდაცვაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში,  სოფლის მეურნეობაში და ასე შემდეგ!
ქვეყანამ , უპირველესად, უნდა იფიქროს განათლებაზე და არა იმაზე, თუ როგორ ჩააბან ჯარისკაცები სხვათა ომებში და ხოცონ იქ. (ნატოში მაინც არავის შევყავართ).
რა გასაკვირია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო გამოწვევებს ვერ უპასუხებს! 
 ჰკითხეთ ხელისუფლებას : საერთოდ აინტერესებს განათლება?! ჩვენთან, სააკაშვილის დროს (შევარდნაძის დროს უფრო ვერ ბედავდნენ),  დააქციეს სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები. არადა, აღზრდის ევროპული სტილი სწორედ სკოლამდელი დაწესებულებიდან იწყება. თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღზრდი და რას ასწავლი 2-3 წლის ბავშვს. ჩვენთან კი 25 000 ბავშვი ბაგა-ბაღის გარეშეა  დარჩენილი. ეს იმიტომ, რომ, თავის დონზე,  სააკაშვილმა  და მისმა გუნდმა მიითვისა ბაგა-ბაღის შენობები. ,,ქართული ოცნება" ხმას არ იღებს ამ საკითხზე. გაიძახიან, ახალი უნდა ავაშენოთო, იმას კი არ ამბობენ, მიტაცებული ჩამოვართვათო!
საინტერესოა, სად უნდა ააშენონ, როცა ამისთვის საკმარისი მიწა თბილისს არ აქვს? ვაკეში, დიდუბეში, ჩუღურეთში?.. სად? 
წესების მიხედვით,  105 ბაგა-ბაღია ასაშენებელი. ისე კი არა, დღეს 200- მოსწავლიან შენობაში 500 რომ შეხიზნეს.


-სხვათა შორის, ქალბატონ მინისტრს ნეპოტიზმში, ფორმალური ტესტირებების ჩატარებაში და  პედაგოგთა და დირექტორთა იძულებით დევნაში სდებენ  ბრალს.როგორია  თქვენი კომენტარი  ამასთან დაკავშირებით?


-პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებულნი არიან არა მხოლოდ პედაგოგები, არამედ. უმაღლესი სკოლის პროფესორ-მასწავლებლებიც. მათი აღდგენა არა თამარ სანიკიძის, არამედ, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის პრეროგატივაა. თუმცა, ამის პოლიტიკური ნება ,,ქართულ ოცნებას" არ გააჩნია. სხვათა შორის, ბატონ დავით ფერაძის სკოლის დირექტორმა თავის დროზე უამრავი პედაგოგი გაანთავისუფლა. ისინი ჩემთან აცრემლებული მოდიოდნენ.


-რესპოდენტები  ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების კონკურსი კანონდარღვევით ჩატარდა. სად დაუშვა შეცდომა განათლების სამინისტრომ?


-კატეგორიულად ვაცხადებ სააკაშვილის დროინდელი, პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კადრები, დღევანდელ საჯარო სკოლებში დირექტორებად არ უნდა დაებრუნებინათ  (ძალიან ბევრი გაუშვეს, მაგრამ მაინც)!
,,ქართულ ოცნებას" ყველა სკოლაში უნდა შეეშვა სპეციალური კომისია და მას უნდა გადაეწყვიტა, მადლობით გაუშვებდა დირექტორს დაკავებული თანამდებობიდან თუ პროკურატურაში გაგზავნიდა. მე ვიცი, რა დღეშია ბევრი პროფესიონალი სერტიფიცირებული დირექტორი.


-53-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მარიამ რამინაშვილი ადმინისტრაციულ სასამართლოში განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს იმ მიზეზით, რომ მას არ მისცეს უფლება აღნიშნულ სკოლაში კონკურსანტად წარმდგარიყო. ის სხვათა მიმართ დარღვევებზეც საუბრობს. თქვენი კომენტარი.


-მაინტერესებს, ყველა მედიასაშუალება მასზე რატომ ამახვილებს ყურადღებას? თქვენ რა, არ იცით, ის ვინ იყო სააკაშვილის დროს? მასთან რაშია დამნაშავე ეს საცოდავი ხელისუფლება?
-რა აზრის ხართ პედაგოგთა სერტიფიცირებაზე. რა ფორმით გაგრძელდება მომავალში?
-მე კატეგორიულად მოვითხოვ მერაბიშვილ-სააკაშვილის დროინდელი სერტიფიცირების გაუქმებას. რამდენი სერტიფიცირებულია, გაკვეთილებს რომ ვერ ატარებს და მოსწავლე მის გაკვეთილზე ხან ცეცხლის დანთებით ერთობა,  ხან ფანჯარაზეა გადმოკიდებული... მასწავლებელი კლასში, გაკვეთილზე უნდა შემოწმდეს!

                                             ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: