კამპანიამ "არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს! უთხარი "არა" წამებას!" სტარტი აიღო

კამპანიამ "არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს! უთხარი "არა" წამებას!" სტარტი აიღო

   კამპანიას "არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს! უთხარი "არა" წამებას!" არასამთავრობო ორგანიზაციები "მებრძოლი პატრიოტები" და "ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსთვის" შეუერთდნენ. აღნიშნულის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებმა ემზარ ქვარიანმა და ნატალია ხოხიაშვილმა "Frontnews"-ის პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

 

    "მიკაელ კადიევმა საპარტიმროდან არასამთავთრობო ორგანიზაციებისადმი მიმართვა გამოაგზავნა და დახმარება ითხოვა. მას აქვს ეჭვი, რომ საქართველო რუსეთისთვის გადაცემას უპირებს. ეჭვობს, რომ მის მიმართ იგივე ღონისძიება განხორციელდება, რაც მაგომედ მაგომედოვის წინააღმდეგ, რომელიც ერთ დღეს ქუჩიდან გაუჩინარდა და შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციამ რუსეთის ერთ-ერთ ციხეში მიაკვლია. აღნიშნულ ეჭვს კადიევს ის გარემოება უძლიერებს, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მას ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა და არგუმენტად რუსეთის გენერალური პროკურორის პირობა დაასახელა, რომ კადიევი რუსეთის ციხეში წამებას და არაადამიანურ მოპყრობას არ დაექვემდებარება. მინდა, ხელისუფლებას შევახსენო, რომ საქართველო გაერო–ს კონვენციაზეა მიერთებული, რომელიც კრძალავს პირის იმ ქვეყანაში ექსტრადაციას, სადაც არსებობს საფრთხე, რომ იგი წამებასა და ღირსების შემლახველ მოპყრობას დაექვემდებაროს. სამინისტროს გერმანიის მაგალითი მოჰყავს, რომელიც ამავე კონვენციის ხელმომწერია და რუსეთს უმახანოვი გადასცა, რომელიც იმავე საქმეშია ბრალდებული, რასაც რუსეთში კადიევს ედავებიან. მაგრამ უმახანოვის მაგალითი არგუმენტად არ გამოდგება: მან თავად მოითხოვა დაკავებისას რუსეთისთვის გადაცემა, რადგან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, კადიევი კი ცხოვრობდა საქართველოში, აქვს შეძენილი უძრავი ქონება და დაქორწინდა ქართველ ქალზე. ამდენად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაეხმაროს დაღესტნელ ხალხს, უთხრას "არა" წამებას და არ გადასცეს მიკაილ კადიევი რუსეთს, მისცეს მას ქვეყანაში ცხოვრების საშუალება",- განაცხადა ხოხიაშვილმა.

 

    არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც კადიევის დაკავებისას შს მინისტრი იყო და მოუწოდებენ, აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს, რადგან "რუსეთისთვის კადიევის გადაცემის ფაქტი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ლაქად დარჩება".

 

    შეგახსენებთ, რომ ანალოგიური თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას დაღესტნელმა უფლებადამცველებმაც მიმართეს. მათი თქმით, კადიევი აქტიური სამოქალაქო აქტივისტი იყო, აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მისი საქმიანობა ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოსწონდა, რაც მისი დევნის მიზეზი გახდა.

 

    ცნობისთვის, კადიევის სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს გაიმართება. სასამართლო კადიევის ადმინისტრაციულ სარჩელზე იმსჯელებს, რომელიც სამინისტროს მიერ მისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას ეხება.    

 

    კადიევი ქართველმა სამართალდამცველებმა ბიძაშვილთან ერთად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლომ მას 2–წლიანი მსჯავსი განუსაზღვრა, თუმცა თავად კადიევი თავს უდანაშაულოდ სცნობს და აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს.

 

   წყარო: Frontnews

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: