ნანა კაკაბაძე: "გათამამებული საზოგადოების" დასაშინებლად 72 ადამიანის დაპატიმრება იგეგმება!

ნანა კაკაბაძე: "გათამამებული საზოგადოების" დასაშინებლად 72 ადამიანის დაპატიმრება იგეგმება!

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით არსებობს ე.წ. "შავი სია", სადაც შედის 72 ადამიანი უბნების მიხედვით და ეს ადამიანები უნდა დააკავონ, ძირითადად, ნარკოტიკების ჩადებით , რათა საზოგადოებაში შიში გამოიწვიონ. ამის შესახებ კაკაბაძემ "კურიერში" ეთერში განაცხადა

: "არის 72 კაციანი სია და ამ სიაში შემავალი პირები უნდა დააპატიმრონ, უბნების მიხედვით. ამათ უნდა ჩაუდონ ნარკოტიკები. ამ მეთოდის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ "გათამამებული საზოგადოება" შეშინდეს და ჰქონდეს დასჯის შიში. ამ სიის არსებობა იცის შსს-მ, პროკურატურამ და ყველა საჭირო სტრუქტურამ. სავარაუდოდ, თენგო ერისთავის შემთხვევაც ამ კატეგორიიდანაა", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ნანა კაკაბაძემ ასევე ისაუბრა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა გახშირებული გარდაცვალების, თვითმკვლელობის ფაქტებზე და განაცხადა, რომ საგანგაშოა თვითმკვლელობის ის ფორმაც, რომლებსაც პატიმრები, უმრავლეს შემთხვევაში, იყენებენ:

"გარდაცვალების რიცხვი საგანგაშოა, მაგრამ უფრო მეტად შემაშფოთებელია ამ თვითმკვლელობათა ფორმა - ყელის გამოჭრა. მე ვსაუბრობ იმ შემთხვევებზე, როცა თვითმკვლელობა ეჭვს არ იწვევს. ამის ერთი მიზეზი, შესაძლოა, იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომლებსაც პატიმრები წლების განმავლობაში ღებულობენ და მეორე არის იმედგაცრუება, რადგან ეს პატიმრებიც და საზოგადოებაც ელოდა, რომ ისინი იპოვიდნენ სამართალს", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ "კურიერში".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: