გიგა ბუკია: ვადამდელ არჩევნებს ხელისუფლება მხარს არ დაუჭერს!

გიგა ბუკია: ვადამდელ არჩევნებს ხელისუფლება მხარს არ დაუჭერს!

გვესაუბრება საპარლამენტო „უმრავლეობის“ წევრი გიგა ბუკია.


-როგორც თქვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,ახალი რეალობისათვის“ 15 სექტემბრიდან ქუთაისის პარლამენტიდან დაიწყო აქცია ,,პარლამენტიდან პარლამენტამდე“ ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით. ხვალ, 5 საათზე, მთავრობის სასახლის წინ, იგეგმება ფართომასშტაბიანი შეკრება. როგორ აფასებთ ამ ინიციატივას,  მოჰყვება თუ არა მას საზოგადოების მხარდაჭერა და გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნებს?


-მე მგონი, არჩევნები უკვე ჩატარდა და ახლა ქვეყანაში განვითარებისა თუ სოციალური  პრობლემების მოგვარების დროა და არა მსგავსი აქციებისა. თუმცა, ეს აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების  მოსაზრებაა - მათ აქვთ  აზრის გამოხატვის უფლება, რაც დემოკრატიის მონაპოვარია. მიმაჩნია, რომ  მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და ხელისუფლება ამას მხარს არ დაუჭერს.


ვინაიდან, ქვეყანაში საპარლამენტო, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნები უკვე ჩატარდა და მოსახლეობამ თავისი აზრი უკვე გამოხატა, ყველგან მოსახლეობის სურვილითაა დანიშნული მერი თუ გამგებელი, შემიძლია ვთქვა, რომ მოსახლეობის განწყობის შედეგების ამსახველი არჩევნები უკვე ჩატარებულია!


-ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით დადეგმილი პერმანენტული აქციებით ისარგებლებენ თუ არა რეაქციული ძალები, რამაც შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას?


 -ხალხს, ვინც ამას ითხოვს, რეაქციულობის არაფერი ეტყობა, ხელისუფლება კი იმისაა, რომ თუ ქვეყანაში რამე რეაქციული მოხდება, პასუხი გასცეს.  სხვა, რა,  ახლა ყველას შეუძლია აზრი, თუნდაც აქციით გამოხატოს, ეს დემოკრატიის პრინციპია.  მთავარია, ამ საზოგადოებრივმა მოძრაობამ რეაქციულ ძალებს თავისი თავით არ ასარგებლოს!


-დღეს მრგვალ ბაღთანაც  იმართება აქცია იმავე მოთხოვნით. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ხვალინდელ აქციასაც უამრავი მხარდამჭერი ჰყავს.  ეს უწყინარი შეკრება  არევს თუ არა პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში?


- კიდევ ვიმეორებ: მოსახლეობამ არჩევნების შედეგებით თქვა თავისი სათქმელი. გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალები გარეთ კი არ დარჩებოდნენ, ხალხის ნდობა რომ ჰქონოდათ! ხელისუფლებას აღებული აქვს ნდობის მანდატი და უნდა შევასრულოთ მოსახლეობისთვის მიცემული ყველა დაპირება, მათ შორის, დავიცვათ ქვეყანა არეულობისგან!
                                                          ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: