თემურ მურვანიძე: „ცხელი შემოდგომა“ აუცილებლად გვექნება!

თემურ მურვანიძე: „ცხელი შემოდგომა“ აუცილებლად გვექნება!

საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ მიერ დაწყებულ აქციაზე და ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე გვესაუბრება სალომე ზურაბიშვილის პარტია „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარე თემურ მურვანიძე.


-როგორც თქვენთვს ცნობილია, საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,ახალი რეალობისათვის“ 15 სექტემბრიდან ქუთაისის პარლამენტიდან დაიწყო აქცია ,,პარლამენტიდან პარლამენტამდე“ ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით. ხვალ, 5 საათზე, მთავრობის სასახლის წინ, იგეგმება ფართომასშტაბიანი შეკრება. როგორ აფასებთ ამ ინიციატივას,  მოჰყვება თუ არა მას საზოგადოების მხარდაჭერა და გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნებს?


-როცა სალომე ზურაბიშვილის  პარტია „საქართველოს გზის“ თავმჯდომარე  ვიყავი, მაშინაც ვსაუბრობდი ამის აუცილებლობაზე. საზოგადოებრივი მოძრაობის ,,ახალი რეალობისთვის“ მოთხოვნა აბსოლუტურად სამართლიანია, როცა ,,ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ასე მასშტაბურად ზის. დღევანდელი პარლამენტი არანაირად არ შეესაბამება მოსახლეობის დაკვეთას და განწყობას, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს საზოგადოებრივი მოთხოვნა დაგვიანებულიცაა.


- თქვენი აზრით, მომწიფებულია თუ არა საზოგადოებრივი აზრი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის?


- მე ვიტყოდი, რომ ცხელი ზაფხულის შემდეგ შემოდგომაც ცხელი იქნება. ეს  პროცესები გაარკვევს მოსახლეობის მომწიფებულობას  ამ საკითხთან დაკავშირებით.


-ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით დადეგმილი პერმანენტული აქციებით ისარგებლებენ თუ არა რეაქციული ძალები, რამაც შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას?


-რა თქმა უნდა, ისარგებლებენ! გამოჩნდებიან ,,კმარას“ ტიპის მსგავსები, ან კიდევ უარესები და  არეულობის შემოტანას შეეცდებიან. სხვათა შორის, ამით ,,ნაციონალური მოძრაობაც“  ისარგებლებს. ამან, შესაძლოა, დესტაბილიზაციაც წარმოშვას.


-თქვენ თუ შეუერთდებით ამ აქციას?


-მე ჩემს მეგობრებს დავუკავშირდები და შევუერთდებით. ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი მოთხოვნაც იყო.


-დასაშვებად მიგაჩნიათ თუ არა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში და ენდობა თუ არა მას საზოგადოება კიდევ ერთხელ?


-არის ამის სურვილი საზოგადოებაში, ხალხი ელოდება კიდეც მისგან სიტუაციის გამოსწორებას. ვერიდები ახალი ხელისუფლების კრიტიკას, მაგრამ, აშკარაა, მათ ვერაფერი შეცვალეს. მაინც მაქვს იმედი, რომ  რეალურ ნაბიჯებს გადადგამს.


-იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დათანხმდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რა ძალები მოვლენ ქვეყნის სათავეში?


-პარლამენტმა ხალხის განწყობა უნდა ასახოს. პროჩინურია თუ პროევროპული, ხალხს უნდა მოუსმინოს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმ მხრივაც იქნება ხელსაყრელი, რომ ბევრი პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტდება და ასე უფრო დემოკრატიული იქნება.

                                                                                                   ესაუბრა ია ჯღარკავა
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: