სააკაშვილის შნირები თუ ფულისა და სკამის მონები!

სააკაშვილის შნირები თუ ფულისა და სკამის მონები!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ფრიად „ორიგინალური“ იდეა შემოგვთავაზა: საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრების შემთხვევაში (მეტი არაა ჩემი მტერი, ამათ სააკაშვილი არ დააპატიმრონ!) გიორგი მარგველაშვილის მხრიდან მისი შეწყალების მექანიზმის ამოქმედებას.


ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო, გამოთქმისა არ იყოს, სააკაშვილი ჯერ არავის დაუპატიმრებია და უკვე ხელისუფლების მხრიდან მის შესაძლო შეწყალებაზე ალაპარაკდნენ. ვერავინ დამაჯერებს ეს საზოგადოების დასაბრიყვებელი იდეა ზვიად ძიძიგურმა ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე „დაახეთქა“.

თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარია, რა მზაკვრული ჩანაფიქრი იმალება ძიძიგურის სიტყვების მიღმა და არის თუ არა ეს კიდევ ერთხელ თავზე ლაფის დასხმა საზოგადოებისთვის?!

თუ სააკაშვილი დამნაშავე რეჟიმის ფორმირების სათავეებთან იდგა, თუ მას, როგორც თავის დროზე „ოცნებისტები“ ამბობდნენ, მილიარდები აქვს გატანილი საქართველოდან (არადა, პროკურატურა მხოლოდ 8 მილიონის გაფლანგვას ევალება), მოდით (თუ ამის კეთილი ნება არსებობს ხელისუფლებაში), ჯერ დავადგინოთ, რა დანაშაული აქვს ჩადენილი პრეზიდენტყოფილ სააკაშვილს, მივცეთ სათანადო კვალიფიკაცია, საერთაშორისო სამართლის თანახმად ჩამოვიყვანოთ იგი საქართველოში, დავსვათ საბრალდებო სკამზე და მერე ვიფიქროთ მის შეწყალებაზე, რომ, როგორც ძიძიგური ამბობს, მისი დაპატიმრება „ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელი “ არ აღმოჩნდეს!
ეეხ, ბატონო ზვიად, ნათქვამია, შუბი ხალთაში არ იმალებაო და ვერც თქვენ ახერხებთ საკუთარი ქვენა გრძნობები დამალოთ და თვითლუსტრირება არ მოახდინოთ. რა გინდათ ამით რომ უთხრათ საზოგადოებას - საერთაშორისო თანამეგობრობა (სააკაშვილის ე.წ. პატრონები) გიკრძალავთ პრეზიდენტყოფილის სამაგალითოდ დასჯას (თუ რა თქმა უნდა, ამისთვის საკმარისი არგუმენტები არსებობს. არადა, პირველკურსელმა იურისტმაც იცის, რომ არსებობს!) თუ თქვენ ღიად და საჯაროდ გვეუბნებით, რომ სამართალი ქვეყანაში ურმითაც არ დადის და ყველას ყველაფერი შერჩება ხახვივით!

ამით იმასაც ხომ არ გვაჩვევთ, რომ როცა თქვენი ხელისუფლების განკითხვის დღე დადგება, ხელი სააკაშვილისკენ გაიშვიროთ და იმას, რაც გაუკეთებია, იმაზე უარესი ჩვენ რა გავაკეთეთო - გვითხრათ?!!

გასაგებია, ფულმა და სკამმა შეჩვევა იცის. მითუმეტეს, თუ დიდხანს ზიხარ მაგ სკამზე, მაგრამ ერთხელაც იქნება და იხუვლებს ქართული საზოგადოება და დაბადების დღესაც გაწყევლინებთ - იმედია, თვალებზე ლიბრს დროულად მოვიშორებთ, ვარდისფერ სათვალეებს მოვიხსნით, ყურებიდან საცობსაც გამოვიღებთ და...

ნუ დასცინით ხალხს ფულისა და სკამების მონებო: გეშინოდეთ, მალე „ცრუს“ ბედი არ გაიზიაროთ - ერთხელ იქნება და მოვა ძუ მგელი (განრისხებული ხალხი) და განაჩენი ძალიან მკაცრი იქნება!

გეშინოდეთ!..გეშინოდეთ!

                                                           საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: