ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ბიზნესისთვის უსაფრთხოა!

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ბიზნესისთვის უსაფრთხოა!

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმს დაესწრო, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა. მან მსოფლიო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.
 
  პრემიერის განმარტებით, დღეს საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში.


  "ჩვენ დავაბრუნეთ კანონის უზენაესობა საქართველოში, უკომპრომისო ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას და წერტილი დავუსვით თანამდებობის პირთა დაუსჯელობას. საქართველო არა მხოლოდ ღია, არამედ უსაფრთხოც არის ბიზნესისთვის. თქვენთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში.

  ქვეყანაში  ბიზნესისთვის ხელსაყრელი სტრატეგიები, მჭიდრო რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე კიდევ უფრო გაააქტიურებს ეკონომიკურ ზრდას და მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს", - აღნიშნა პრემიერმა.

  როგორც პრემიერმა განმარტა, რომ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ინიციატივები, რომელთა მიზანიც რისკების შემცირება და ამონაგების გაზრდაა.

  "ფართომასშტაბიან დონეზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების დასაფინანსებლად დაარსდა ახალი საჯარო და კერძო საინვესტიციო ფონდები, რომელთა განკარგულებაშიც მილიარდებია. მათ შორის არის საქართველოს პარტნიორობის ფონდი, რომელიც ინვესტიცებს ახორციელებს ფართომასშტაბიან საინვესტიციო ინიციატივებსა და სოფლის მეურნეობის მენეჯმენტის ფონდებში. მიკროდონეზე კი ჩვენ ახლახან წამოვიწყეთ ახალი ინიციატივა (26 მილიონი დოლარი), რომელსაც ჰქვია "აწარმოე საქართველოში". ამ ინიციატივის მიზანია მცირე წარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების მხარდაჭერა", -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  ირაკლი ღარიბაშვილმა  ბიზნესმენებს, გამოიყენონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ისინი  თბილისში, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე - "საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის" მოიწვია.

  "ჩვენ, როგორც მთავრობას, შეგვიძლია ხელის შემწყობის როლის შესრულება, მაგრამ სწორედ ბიზნესმენებზეა დამოკიდებული ამ შესაძლებლობის გამოყენება. ჩვენი სურვილია, ბიზნესმა ჩვენში დაინახოს სანდო პარტნიორი ამ წამოწყებაში. ჩემი გუნდი მზად არის თქვენთან თანამშრომლობისათვის, რათა თქვენი შემოსვლა საქართველოში იყოს მაქსიმალურად მარტივი და მომგებიანი,"- აღნიშნა პრემიერმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: