ვახტანგ მაისაია: საქართველოსთვის საწვრთნელი ცენტრის შექმნა სასარგებლო და მომგებიანი იქნება!

ვახტანგ მაისაია: საქართველოსთვის საწვრთნელი ცენტრის შექმნა სასარგებლო და მომგებიანი იქნება!

   ზოგიერთმა ქართულმა სამთავრობო სტრუქტურამ უარყო ამერიკულ ჟურნალ  "ფორინ პოლისში"  გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველო შეერთებულ შტატებს თავის ტერიტორიაზე სირიელი ამბოხებულებისათვის საწვრთნელი ცენტრის შექმნას სთავაზობს. ამასთან, თბილისის რეაქცია აღნიშნულ სტატიაზე საინტერესოა იმით, რომ ირიბად ადასტურებს გავრცელებულ ხმებს უმაღლეს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არსებული განხეთქილების თაობაზე: ზოგმა სტრუქტურამ უარყო, ზოგმა კი, ფაქტობრივად, დაადასტურეს, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - იური როქსი).


  ექსპერტი ვახტანგ მაისაია გაკვირვებულია საქართველოს ხელისუფლების რეაქციით, როცა სამთავრობო სტრუქტურები სხვადასხვანაირ განცხადებებს ავრცელებენ. "შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ "სირიელი ბოევიკებისაგან" დისტანცირება სურთ. არადა, სირიაში დიქტატორ ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სხვადასხვა ძალა იბრძვის - რადიკალური ისლამური დაჯგუფება და "სირიის თავისუფალი არმია", რომელიც უფრო სეკულარულია (საერო ხასიათისაა). შესაბამისად, ვაშინგტონს სწორედ მისი - "თავისუფალი არმიის" გამოყენება სურს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.

  ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ საქართველოსთვის საწვრთნელი ცენტრის შექმნა სასარგებლო და მომგებიანი იქნება. "ანტიისლამურ კოალიციაში მონაწილეობა საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას ხარისხობრივად გაზრდის. საქართველოს შესაძლებლობა ექნება, თავდაცვისუნარიანობის სხვადასხვა კომპონენტები გააძლიეროს. გარდა ამისა, კოალიციაში თბილისის მონაწილეობა შეამცირებს იმ საფრთხეებს, რომლებიც ხალიფატისაგან საქართველოს მიმართულებით შეიძლება არსებობდეს".

  საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების რეაქციის ყურადღებით შესწავლისას შეიძლება, ერთგვარი კანონზომიერება შევამჩნიოთ: "ფორინ პოლისში" გამოქვეყნებულ ინფორმაციას ყველაზე მეტად უარყოფენ ის სახელისუფლებო ორგანოები, რომლებიც პრემიერ-მინისტრს ექვემდებარებიან, ხოლო პრეზიდენტის "ქოლგის ქვეშ" მყოფი სტრუქტურებიდან ზოგი დაეთანხმა ცენტრის შექმნის საფუძველს, ზოგმა კი დუმილი ამჯობინა. თუ ეს შემთხვევითი არაა, მაშინ გამოდის, რომ საქართველოში ორხელისუფლებიანობის სიმპტომები ჩნდება. ამას ადასტურებს ამ დღეებში პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის მომხდარი დაპირისპირება აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით: მართალია, გიორგი მარგველაშვილმა უკან დაიხია და ამერიკაში  ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრა, მაგრამ პრეზიდენტმა მთავრობის მისამართით, რბილად რომ ვთქვათ, "საყვედური გამოთქვა", რომ აშშ-ში არწასვლით მას მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩაეშალა. "ფორინ პოლისის" სტატიისა და მთავრობის უარყოფითი რეაქციის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ თბილისში კითხვები დაიბადება: მაინც რა შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი პრეზიდენტს?

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: