გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება!

გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება!

  საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ქვეყნის პირველმა პირმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილმა ორდღიანი ვიზიტი შეაფასა და მსგავს ფორუმებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


  "ასეთ ფორუმებში მონაწილეობას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მსგავს ფორუმებზე გვეძლევა შეხვედრების შესაძლებლობა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკოსებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. ასევე გვეძლევა შესაძლებლობა გავაცნოთ მათ ჩვენი ქვეყანა და წარმოვაჩინოთ ის პრიორიტეტული მხარეები, რომლებიც საქართველოს მათთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

  ასევე შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა იმის თაობაზე, თუ რას გვაძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა როგორც ჩვენ, ისე ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. ყურადღება გავამახვილეთ იმ ტრანსნაციონალურ პროექტებზე, რომლებიც კასპიის ზღვის აუზიდან იწყება და გადადის შავი ზღვის აუზში. ასევე განვიხილეთ ქართული ეკონომიკის ლიბერალური და ღია სტანდარტები. მსგავსი შეხვედრები აუცილებლად მოგვცემს შედეგს, მით უმეტეს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. ეს არის ქვეყანა, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან; რომელიც უკვე არის ევროპული, ყველაზე ძლიერი ბაზრის ნაწილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

   გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დღესვე სტამბულის ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერა. პრეზიდენტმა აია სოფიას ტაძარი, ლურჯი მეჩეთი და ტოპკაპის სასახლე მოინახულა. ქვეყნის პირველმა პირმა ტოპკაპის სასახლის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა და აია სოფიას მესვეურებისგან სამახსოვრო საჩუქარიც მიიღო.

   საქართველოში გამგზავრებამდე ქვეყნის პირველი პირი თურქეთის ტელეკომპანიის თღთ-ს გადაცემის ჭორლდ ნეწს-ის სტუმარიც იყო, სადაც გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობასთან, ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან, ეკონომიკურ მიზნებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: