1993 წლის ტრაგიკული შემოდგომა, ანუ როგორ და რატომ ჩავაბარეთ აფხაზეთი!

1993 წლის ტრაგიკული შემოდგომა, ანუ როგორ და რატომ ჩავაბარეთ აფხაზეთი!

ეს წერილი „ივერიონის“ აქტიურმა მკითხველმა და მხარდამჭერმა დავით ქობალიამ გამოგვიგზავნა. იგი მისთვის ჩვეული ტკივილითა და ობიექტურობით იხსენებს 1993 წლის მართლაცდა ტრაგიკულ შემოდგომას. ვბეჭდავთ ყოველგვარი სარედაქციო ჩარევების გარეშე.


თბილისიდან სამეგრელოსა და აფხაზეთში გადაბარგებული ეროვნული ძალების გასანადგურებლად დაგეგმილი „ბლიცკრიგი“ მალევე ჩაიფუშა და ომში ჩათრეულ სამეგრელოსა და აფხაზეთში უიმედო სიტუაცია შეიქმნა.

...ყოველმხრივ დაძაბული, აუტანელი და მომქანცველი 1993 წლის ზაფხული იდგა საქართველოსთვის, უწინარესად, _ სამეგრელოსთვის!

დღე არ გავიდოდა ვინმე არ ჩამოესვენებინათ ენგურს გაღმიდან, იქ კი უამრავი საფლავი იჭრებოდა - ცხედარს მცირერიცხოვანი ჭირისუფალი მიაცილებდა მამა-პაპათა ტრადიცული საძვალისკენ იმ იმედით, რომ მალე დამთავრდება ძმათამკვლელი ომი, მალე წარსდგებიან მისი გამჩაღებლები მართლმსაჯულების წინაშე და ქვეყანა  მონანიების, შერიგებისა და აღმშენებლობის გზას დაადგება, მაგრამ...

_მაგრამ, სატანას არ ეძინა, იგი კვლავინდებურად ფაფარზე ჩაფრენილი მიაჭენებდა  საქორწილო ბედაურებს ძმათა სასაკლაოზე!

−თბილისი, _ განცხრომას მისცემოდა და ზეიმს ზეიმზე აგუგუნებდა... თბილისის ტელევიზია ბოღმას ანთხევდა და მტრობას თესდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის - უპირველესად, სამეგრელოს წინააღმდეგ!

დიახ, თბილისში, _ „კავკასიისა“ და „თბილისი“-ს ბირჟები სისხლს სწოვდნენ ქვეყანას, მამა-პაპათა მიერ, საუკუნეების განმავლობაში ნაგროვებ ღირსების ტოლფას, რელიქვიად შემონახულ უკანასკნელ სიმდიდრეს აცლიდნენ ხელიდან უმწეო მოსახლეობას, რომელსაც „კამაზებით შემოტანილ კუპონებში“ უცვლიდნენ, დღეს მამასისხლად ნაყიდი ხვალ ჩალის ფასი რომ ღირდა!

_დაიქანცა ხალხი გლოვისგან, ქვეყნის მოღალატე და გამყიდველი პირველი პირისგან, რუსეთში სიკვდილს გამორიდებულმა საკუთარი ქვეყანა რომ დაამხო პირადი და თავის გარეშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის!

...როგორც ზემოთ ვახსენე, უსაშველოდ გაიწელა ქართული ეროვნული მოძრაობის გასანადგურებლად დაგეგმილი  „ბლიცკრიგი“, რომელიც მოკლე დროში საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ წარიმართა აფხაზეთში.

...1993-ის ზაფხულში თითქმის ყველა ხვდებოდა საკუთარ თავს და სამშობლოს დატეხილ უბედურებას, _ განსაკუთრებით სამეგრელოსა და აფხაზეთში (მომიტევოს ყველა დანარჩენმა კუთხემ, მიუხედავად მათი ალალი გულისტკივილისა!), რომ ჩვენ ვკარგავდით ერთმანეთს და უმთავრესს − წინაპართა, მამა-პაპათა, დედმამიშვილთა, შვილთა და შვილიშვილთა საფლავებს!


...სამწუხაროდ, ყველაფერი ისე ახდა, როგორც ამას ვარაუდობდა და გულმტკივნეულობდა ენგურს გაღმა-გამოღმა მცხოვრები კოლხთა (უძველეს ქართველთა) მოდგმა!

კიდევ ერთხელ მომიტევეთ, თუ ვიტყვი: აფხაზეთში ომის გამჩაღებელმა დანარჩენ საქართველოს, „დიდ სამამულო ომში“ დაღუპული 300.000 ქართველი დაავიწყა, 2008 წელს კი, სამაჩაბლოში დატრიალბული ტრაგედიით, აფხაზეთში ზვარაკად შეწირული 30.000 ქართველის ხსენება მიუნავლა დანარჩენ საქართველოს... თუმცა ჭირისუფლისთვის საკუთარი და სხვისი გასაჭირი არ განირჩევა − ამიტომაც ჰქვია მას ჭირისუფალი!

ჩემმა მეგობარმა, რომელმაც აფხაზეთის ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე 16 წლის ბათუ მიაბარა სოხუმის მიწას და ბოლო შესაძლებლობამდე სცადა უბედურებას გადაგებულ ქართველ-აფხაზთა გონზე მოყვანა, ბათუს 25 წლისთავზე, კითხვაზე − „რატომ არ მიდიხარ სოხუმში ბათუს სანახავად?“ − ისედაც გულდამძიმებულმა ათასობით ჭირისუფალთა სახელით უპასუხა: „კარგად ვიცი, მე იქ ჩასვლას აფხაზი არ დამიშლის, მაგრამ ერთი კაცი ყველა საფლავს ვერ მოვეფერები. ჩემი შვილი არაფრით განსხვავდება სხვებისგან, ამიტომაც, როცა დადგება დრო, ყველას ერთმანეთთან მიგვესვლებოდეს,  მაშინ, ვინახულებ მეც ჩემს ბათუს! მანამდე მოვინანიოთ ღვთისა და ჩვენი წინაპრების წინაშე ჩადენილი ცოდვები. იქნებ ამ გზით დავაჩქაროთ ორივე მხარის მიერ ჩადენილ ცოდვათა განკითხვის დასრულების პროცესი!“

_ასე ფიქრობს ენგურს გამოღმა მცხოვრები კოლხი, ენგურს გაღმა დარჩენილ შვილის საფლავზე და მტრადმოკიდებულ აფხაზზე, რომელსაც არანაკლებად სჭირდება სულის განწმენდა!

მაშინ, როცა ძმათამკვლელ ომში გახვეული ქართველ-აფხაზი საბოლოოდ დაიქანცა და ლამის ბედსმინდობილი მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა, არ ეძინა სატანას და ელოდა როდის გამოელეოდა ძალა ორივე მხარეს. მცირეთა, ანუ აფხაზთა მარცხი დამკვეთთა გეგმაში არ შედიოდა, მთავარი იყო საქართველოს დამარცხება, რაც აღსრულდა კიდეც.

...27 სექტემბერს აღასრულა სატანამ „ავი ზრახვანი“ − ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ მრავალი უცნობი... ერთად შესწირეს დამკვეთთა დანაპირების შესრულებას და საკუთარი თავის გადარჩენას!

 
შევარდნაძემ მოსკოვში დადებული პირობაც პირნათლად შეასრულა -  ეროვნული ძალები წელში გადატეხა, ახალი წლის წინა დღეს დევნილი პრეზიდენტიც მოაკვლევინა და  ერთბაშად ჩამოიცილა მომავალი პოლიტიკური მეტოქეები!


ასე გაჩნდა ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე უზარმაზარი სიცარიელე, _ რომელსაც მიზანმიმართულად იკავებდნენ ქურდი და ყაჩაღი, ნაძირალა და ავანტიურისტი, საქართველოსა და უცხოეთში მომზადებული ქვეყნის დამაქცევარნი და ეს პროცესი „მიშა შეურაცხადი“-ს და მისი სახელმწიფო დამნაშავე გარემოცვის მიერ ქვეყნის ათწლიანი ზნეობრივი და ეკონომიკური ნგრევით დასრულდა.

− 21 წელიწადი შესრულდა  აფხაზეთის გასხვისებიდან! 70 წლის გახდებოდა აფხაზეთის ომის გმირი ჟიული შარტავა, რომელმაც 1993 წლის 27 სექტემბერს, ერთ-ერთმა უკანასკნელმა, კიდევ ერთხელ სცადა მშვიდობა ჩამოეგდო ქართველთა და აფხაზთა შორის, მაგრამ ვაი, რომ არც საქართველოს და არც აფხაზეთს ქართველი და აფხაზი არ მართავდა მაშინ! ამიტომაც, არავინ ისმინა მისი შეგონება და უიარაღო, მშვიდობისშემოქმედი 49 წლის ახალგაზრდა კაცი  ლაჩრულად მოკლეს!

−აფხაზი არ იზამდა ამ უკეთურ საქმეს, უიარაღო კაცზე აფხაზი ხელს არ აღმართავდა! როგორ მინდა 21 წლის შემდეგ ვირწმუნო, რომ ეს მართლა ასე იყო!
1992 წლის გაზაფხულზე ზუგდიდში მხედრიონელების მიერ მოკლული გოჩა ჯიქიას დედა საქვეყნოდ მოთქვამდა − „ქართველს ნუ შეურაცხყოფთ, ქართველს არ მოუკლავს ჩემი შვილი, ქართველი ამას არ იზამდაო!“

დრომ თავისი გააკეთა, მხედრიონელთა უამრავ უკეთურ საქმეთა გამომზეურებამ ნათელყო, რომ გოჩა ჯიქიას დედა სრულიად მართალი იყო − მისი შვილი ქართველებს არ მოუკლავთ, რადგან ასეთებს ქართველი არ ეთქმით!


გასულ კვირა დღეს, რუსთავის საკათედრო ტაძარში მეუფე იოანემ უამრავი ადამიანის თანდასწრებით ჟიული შარტავას მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა.

ტაძარში უცნაური ზომის სანთელი შემოიტანეს. იქვე ითქვა, ეს სანთელი აფხაზეთიდან ჩამოიტანესო!..

− ...არავის უკითხავს ვინ გამოაგზავნაო!

− ...იქნებ, დრომ მართლაც და თავისი გააკეთა?!.

− ...იქნებ, ისიც აცხადდეს, რომ − ჟიული შარტავაზე, გენო ადამიაზე, გურამ გაბესკირიაზე, მამია ალასანიასა და კიდევ უამრავ უსახელო ქართველ გმირებზე აფხაზს არ აღუმართავს სიკვდილის ხელი?!.

− ღმერთმა ქნას, ასე იყოს!..


                                                          დავით ქობალია,
                                                          ჟურნალისტი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: