რაში დაეხმარება მსოფლიო ბანკი საქართველოს მართლმსაჯულებას?

რაში დაეხმარება მსოფლიო ბანკი საქართველოს მართლმსაჯულებას?

  მსოფლიო ბანკი იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მართლმსაჯულების რეფორმის შედეგების შეფასების მექანიზმის შექმნაზე იმუშავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე მიიღეს.
 
  საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე დღეს ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის დირექტორატს და პროგრამების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

  შეხვედრაზე საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან რეფორმას, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ორ ტალღას და დაგეგმილ მესამე ტალღას. აღინიშნა, რომ აუცილებელია, შეიქმნას სამივე ტალღის შედეგების შეფასების მექანიზმი, რათა რეფორმა ეფექტური იყოს და გამოჩნდეს ის დადებითი მხარეები, რაც რეფორმამ მოიტანა; ხარვეზები კი, თუკი ასეთი იარსებებს, დროულად აღმოიფხვრას. აღნიშნული მექანიზმის შექმნაში იუსტიციის სამინისტროს მსოფლიო ბანკი დაეხმარება.

  შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს დღეს უკვე შეუძლია, სხვა ქვეყნებში გაიტანოს მნიშვნელოვანი რეფორმები. მხარეები ამ მიმართულებითაც აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

  იუსტიციის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ დღესვე ვაშინგტონში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს. ქართული დელეგაცია ხვალ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: