ხელოვნური განაყოფიერება და ლიბერტარიანელთა ისტერია

ხელოვნური განაყოფიერება და ლიბერტარიანელთა ისტერია

(კომენტარი კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე, 2014 წელი)

ბოლო დროს, საზოგადოების ფართო წრეებში კვლავაც აქტიურად და ჯერ კიდევ ჩაციკლულად მიმდინარეობს სჯა-ბაასი ამა წლის პატრიარქის საშობაო ეპისტოლის იმ მონაკვეთზე, სადაც ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციას რამდენიმე აბზაცი დაეთმო.

აღნიშნულ თემასა და შექმნილ მოცემულობას, მსურს გამოვეხმაურო ღრმა პატივისცემითა და შვილობრივიმოკრძალებით და დავაფიქსირო მხოლოდ ჩემი პირადი შეხედულება, რომელსაც თავს არავის ვახვევ.

როგორც დილეტანტს, სამედიცინო სფეროში გაუთვითცნობიერებლობის გამო, საწყისშივე მსურს, რომ საკითხის მეცნიერულ განხილვაში ძირეულად არ შევიდე.
გულწრფელად თუ ვისმჯელებთ, მგონი ცოტაოდენ შეცდა მისი უწმიდესობა, კონკრეტულად კი იმ ნაწილში, სადაც ხელოვნურ განაყოფიერებაზე ესოდენ მკაცრი მიდგომაა წარმოდგენილი. არსობრივად, მთლიანობაში, ეთიკური კუთხით შესაძლოა მართალია, მაგრამ დეტალებს, რომ სწორად არ აღწერს, სწორედ ეს ბადებს წუხილსა და შეკითხვებს.

რადგან მისი ეპისტოლე მხოლოდ მისი დაწერილი არაა, (სპეციალისტებს ავალებს ხოლმე რომ ამა თუ იმ თემაზე მიუტანონ კვლევა და სტატისტიკა) ალბათ არასწორად დაანახეს, ან უბრალოდ დეტალები, რომ არ ახსენა ესაა გაურკვევლობის მიზეზი, რითაც ინტერპრეტაციის ბევრნაირი გზა დაუტოვა ხალხს. სწორედ ეს არის პრობლემაც, რომ კონკრეტიკა ნაკლები იყო. სადღეისოდ კი ვნებათაღელვა იმის შედეგია, რომ საზოგადოება კათოლიკოს-პატრიარქის რიგით და ჩვეულებრივ ეპისტოლეს „კათოლიკე ეპისტოლეების“ ან „პავლენის“ დონეზე, შეუმცდარ ავტორიტეტად მოიაზრებს, რაც  საკითხის უმართებულო და თვით არაქრისტიანული რაკურსით დანახვის მცდელობაა.

აგრეთვე, უმრავლესობას არ ესმის ბიო-ეთიკა, თეოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია და შესაბამისად ემოციურ ნიადაგზე აკეთებს იმპულსურ შეფასებებს.
რაც შეეხება ჩვენი ეკლესიის მამამთავრის პიროვნებას, შეუმცდარი და უცოდველი არავინაა, მათ შორის არც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. ეპისტოლეს ჟანრობრივი სტილის გამო კი სიღრმისეული კვლევის წარმოდგენა ალბათ ვერც მოხდებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში ავტორს აქვს უფლება, რომ თემა ბოლომდე არ გაშალოს, რამეთუ უშუალოდ ჰომილია არ წარმოადგენს სამეცნიერო ნარკვევსა და აპრიორი უზუსტეს დასკვნას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველა რელიგიური სწავლება და შესაბამისად მისი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან ხელოვნურ განაყოფიერებას, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ამ წესით გაჩენილ ბავშვებს ვინმემ „პრობლემატურები“ უწოდოს და ამით ნებით თუ უნებლიედ მათ დისკრიმინაციას შეუწყოს ხელი. ეს ლოგიკა დაახლოებით იმას ჰგავს: ვიღაცამ მრუშობის შედეგად მოვლენილ ადამიანს, სიბილწის ნაყოფი უწოდოს და ამის გამო ის დამნაშავედ ან პრობლემატურ არსებად მოიაზროს, როცა მისი ბრალი ამაში არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ მრუშობა უდაოდ ცოდვაა.

ამასთან, თუ თვითონ ბავშვზე, როგორც ინდივიდზე, არ უთქვამს (მჯერა, რომ არ იტყოდა) და მხოლოდ საკუთრივ სიტუაციასა და მის ფსიქო-სოციალურ სირთულეებზე საუბრობს, მაშინ გასაგებია, მაგრამ ალბათ ასე დაწვრილებით უნდა თქმულიყო,  ერთი წინადადებით მაინც უნდა მოეხდინათ სინამდვილის ფორმულირება, იმისათვის, რათა არავინ დაბრკოლებულიყო.

ყბადაღებულ სუროგაციას რაც შეეხება, საგულისხმოა ისიც, რომ ზოგან „სუროგატი დედობა“ სულაც კანონითაა აკრძალული, მაგალითად – გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, იტალიასა და შვეიცარიაში. ხოლო ისრაელში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და ავსტრალიაში კანონი მხოლოდ კომერციულ სუროგაციას კრძალავს, თუმცა ალტრუისტი სუროგატი დედების დეფიციტის გამო, ამ ქვეყნებში სუროგაცია პრაქტიკულად მკვდარია.

სუროგაცია, გარდა რელიგიური ფაქტორისა, აგრეთვე ფსიქო-ფიზიოლოგიური თვალსაზრისითაც ძალზე სარისკო და დამაფიქრებელი ნაბიჯია. როდესაც ბავშვისთვის მუცლად ყოფნის პერიოდის გატარება ხდება უცხო ქალის საშვილოსნოში, რომელიც ამ ნაბიჯზე ძირითადად ფინანსური გათვლით მიდის, სავარაუდოა, რომ ეს გარკვეულ, უარყოფით ზემოქმედებას იქონიებს ნაყოფზე, რაც მეცნიერულად დადასტურებულია.

ქართულ სინამდვილეში კი გარკვეული ორგანიზაციები და ლაბორატორიები, რომლებიც სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას ემსახურებიან, სავარაუდოთ სერიოზული ფინანსური დარტყმის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც თავის მხრივ მათ გააქტიურებასა (ხმაურიან პროტესტს) და მათი მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას ბუნებრივად იწვევს.

ამასთან, როგორც წესი მათ მიმართ სოლიდარობას რამდენიმე, გრანტებით დაგეშილი არასამთავრობო ორგანიზაციაც იჩენს, რომლებიც ყოველთვის აგრესიულად, უტრირებული და პროვოკაციული მეთოდებით მოქმედებენ.

იგივე ითქმის სუროგატ დედებზეც, რომელთა კომერციული თუ ბიზნეს-ინტერესებიც საგრძნობლად შეილახა. მათი სინდისის მისამართით კი მიჩნდება რამდენიმე უხერხული კითხვა:

1) დაუშვათ, ერთმა სუროგატმა დედამ გააჩინა ორი ან მეტი შვილი, ის ბავშვები ერთმანეთისათვის ვინები იქნებიან?
2) სუროგატის მიერ გაჩენილ ბავშვზე შეუძლია თუ არა, რომ იქორწინოს თავად სუროგატი დედის ღვიძლმა შვილმა?
3) თქვენი წიაღიდან ნაშობი ბავშვი თქვენთვის ვინ არის – შვილი, უცხოსხეული, ცოცხალი ობლიგაცია თუ მოსიარულე კაპიტალის განსახიერება?


გაჩნდა ისეთი შეფასებებიც, სადაც ჰეროდეს ქმედება (14 000 ყრმის დახოცვა) იყო მოყვანილი და ნახსენები მაცხოვრის შობის სიუჯეტთან (თითქოს პარალელიც კი გაივლო ემბრიონების დახოცვასთან დაკავშირებით), რაც ნამდვილად ისტორიულ სინამდვილეს შეესაბამება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ისინი ჰეროდეს საკუთარი შვილები არ იყვნენ,  რაც ალბათ საგულისხმოა.

განსხვავება ხელოვნურ განაყოფიერებასა და სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნებას შორის არის ის, რომ დღევანდელი შესაძლებლობებით ერთი სიცოცხლის გაჩენას ეწირება რამოდენიმე განაყოფიერებული კვერცხ-უჯრედი ანუ არსება (ზიგოტა) რომელსაც მიჩნეულია, რომ უკვე სული აქვს, ხოლო ადამიანის სიცოცხლის ხელოვნურ შენარჩუნებას არავის სიცოცხლე არ ეწირება, როგორც წესი და თუ ეწირება, ამ შემთხვევაში ეგეც არასწორია.

სამწუხარო ირონიაა ისიც, რომ ვითომ ადამიანის უფლებათა დამცველნი და გულშემატკივარნი არასდროს არაფერს ამბობენ აბორტის სისაძაგლესა და უმწეო არსებების მოკვდინებაზე. პირიქით, ისინი ამ ცოდვისა და ამორალურობის, ზოგადსაკაცობრიო ბოროტებისა და „უწყინარი“ კრიმინალის აპოლოგეტებადაც კი გვევლინებიან. რეიგანის თქმისა არ იყოს: „ეს ის ხალხია, რომელებიც საკუთარი მშობლების მხრიდან უკვე გადაურჩნენ აბორტს“.

როგორც აქამდე ითქვა, უგუნურება და არაადექვატურობაა პროტესტი გამოუხატო რჩევას, რომელიც ჩვეულებრივ, უბრალოდ შეგიძლია ან მიიღო და გაითვალისინო, ან არ დაუჯერო და უარყო, რაც სრულიად ნორმალური იქნებოდა.

შესაბამისად, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოთქმული ყიჟინა, სატელევიზიო ეთერით გაჟღერებული მუქარები და ლანძღვა-გინება, ვფიქრობ, რომ უწესო და არანორმალური საქციელი იყო. აგრეთვე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესები მავანისგან მართული და დაგეგმილი თანმიმდევრობით წარმოებული კამპანია იყო.

მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქომ აღნიშნული ეპისტოლის აწ უკვე პოპულარულ მუხლზე (რომელიც ერთი შეხედვით მართლაც ბუნდოვანი იყო და საჭიროებდა მეტ კონკრეტიკას), უკვე გააკეთა განმარტება და ბრალდებას იმის შესახებ, სადაც საუბარია ბავშთა დისკრიმინაციაზე, აბსურდული და შეუსაბამო უწოდა, გარკვეული ძალები, კვლავინდებურად ცდილობენ ემოციური ტემპერატურის ინსპირირებას.

ზოგადად კი, როგორც გავარკვიე, ხელოვნური განაყოფიერება ეკლესიის მხრიდან დაიშვება თუ:

1) განაყოფიერებისთვის გამოიყენება მხოლოდ ცოლ-ქმრის უჯრედები;
2) ემბრიონის ჩანერგვა-განვითარება ხდება არა სინჯარაში არამედ ქალის სხეულში;
3)სხეული უნდა იყოს ბიოლოგიური დედისა (ე.ი. ბიოლოგიური მამის მეუღლისა) და არა „სუროგატი დედის“;
4) უნდა მოხდეს ყველა (უგამონაკლისოდ) განაყოფიერებული უჯრედის ჩანერგვა-განვითარება.

ამ ფონზე კი მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლიბერტარიანელთა მხრიდან გამოხატული ზედმეტი ისტერია და გააფთრებული კრიტიკა საფუძველს მოკლებული იმპულსებია და დროა შეწყდეს!

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი), თეოლოგი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: