NGO: პრემიერმინისტრის პოზიცია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველია!

NGO: პრემიერმინისტრის პოზიცია  სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველია!

  არასამთავრობო ორგანიზაციები "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის ძმის საქმესთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან.

  არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის განცხადებით, პრემიერის განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის კერძო მედიასაშუალების თანამშრომლის ოჯახის წევრის საქმეს პირადად უწევს მონიტორინგს, დაინტერესებულია მისი მიმდინარეობით და მედიის მიერ ამ მოვლენის გაშუქებით.

  "2 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა მედიასაშუალებები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ არ გააშუქეს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის საქმე და სოლიდარობა არ გამოუცხადეს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტს, ზაზა დავითაიას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს "თავისუფალი ზონის" წევრებმა სცემეს.

  პრემიერის განცხადებაში შეშფოთებას იწვევს შემდეგი გარემოებები:

1. პრემიერი დეტალებში არის ინფორმირებული ჟურნალისტის ძმის მიმდინარე საქმეზე.

  გუშინდელი განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პრემიერმინისტრი პირადად უწევს მონიტორინგს კერძო მედიასაშუალების თანამშრომლის ოჯახის წევრის საქმეს, დაინტერესებულია მისი მიმდინარეობით და მედიის მიერ ამ მოვლენის გაშუქებით. გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია პრემიერის ამგვარი დაინტერესება კონკრეტული საქმით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს მაღალი საჯარო ინტერესის საგანს. პრემიერის ასეთი დაინტერესება და ინფორმირებულობა ამ საქმის დეტალებით, შესაძლოა, ჟურნალისტების მიმართ გაფრთხილებად აღვიქვათ, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ არიან.

2. პრემიერი საჯაროდ საუბრობს არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმდინარე საქმეზე.

  მიუღებელია პრემიერმინისტრის მხრიდან ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის სასამართლო პროცესის შესახებ საჯაროდ საუბარი. პრემიერი მთელ რიგ დეტალებს მიმოიხილავს, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება არასრულწლოვანის იდენტიფიცირება. გაუგებარია, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა პრემიერმინისტრის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელება და ამ გზით არასრულწლოვნის საქმის პოლიტიზება. საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ ადგენს არასრულწლოვანის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე განხილვის ვალდებულებას, რომ ითვალისწინებს არასრულწლოვანის უპირატეს ინტერესს, რისი გათვალისწინებაც, სამწუხაროდ, პრემიერმინისტრის მხრიდან არ მოხდა.

3. პრემიერმინისტრმა არასრულწლოვანის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.

   პრემიერმინისტრმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან სასამართლოს მითითებული ბრალდებულის მიმართ არ მიუღია გამამტყუნებელი განაჩენი. ამ ვითარებაში პრემიერმინისტრი დადასტურებულად, მტკიცებით ფორმაში, საუბრობს დანაშაულზე.

4. პრემიერის შეფასებები, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს სასამართლოს მიუკერძოებლობაზე.

  მითითებულ საქმეზე სასამართლოს ჯერჯერობით არა თუ განაჩენი არ გამოუტანია, არამედ საქმის არსებითი განხილვა არც კი დაწყებულა. ამ ვითარებაში პრემიერმინისტრის მხრიდან საქმისადმი ასეთი ინტერესი შეიძლება უარყოფითად აისახოს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. გარდა ამისა, გაუგებარია პრემიერმინისტრის პოზიცია თუ რატომ არის საქალაქო სასამართლოს მიერ არასრულწლოვანის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების ფაქტი ,,დამადასტურებელი იმისა, რომ სასამართლო დღეს არის თავისუფალი". მით უმეტეს, რომ თუ "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმისთვის პატიმრობის შეფარდება-არშეფარდების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს სასამართლოს თავისუფლების ხარისხი, მაშინ ამავე ლოგიკით გამოდის, რომ თავისუფალი არ არის სააპელაციო სასამართლო, რომელმაც შეცვალა პირველი ინსტანციის განჩინება და არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდა.

5. პრემიერი საყვედურობს მედიასაშუალებებს, კონკრეტული ფაქტების გაშუქებისა თუ არგაშუქების გამო.

  ეს არ არის პირველი შემთხევევა, როდესაც ხელისუფლების მეთაური თუ მთავრობის პრესსამსახური უკმაყოფილებას გამოთქვამს მედიის საქმიანობის გამო, აკრიტიკებს კონკრეტულ მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს და მიუთითებს მედიას, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა გააშუქონ. პრემიერმინისტრის გუშინდელი კრიტიკული განცხადება შესაძლებელია შეფასდეს, როგორც ხელისუფლების ჩარევა მედიასაშუალებების საქმიანობაში, რაც გაუმართლებელია. სარედაქციო დამოუკიდებლობა მედიის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რაც გულისმხობს მედიის დისკრეციულ უფლებას, თავად გადაწყვიტოს, თუ რა წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს და გაავრცელებს თუ არა ინფორმაციას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ,  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო",  "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება'  (IშFED);  "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (ჩიDA). 

ცნობისთვის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის გაოგნებულია, რომ ჟურნალისტები სოლიდარულები არ იყვნენ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას მიმართ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: