რას უპირებს მონსტრ-მინისტრი პედაგოგებს და რამდენად უძიროა მათი მოთმინების ფიალა?!

რას უპირებს მონსტრ-მინისტრი პედაგოგებს და რამდენად უძიროა მათი მოთმინების ფიალა?!

ცხოვრებაში არის პერიოდები, როდესაც მეტის მოთმენა შეუძლებელია - თამამად ვერ ვიტყვი სად გადის მასწავლებელთა შესაძლებლობასა და მოთმინებას შორის ზღვარი, ძნელი სათქმელია, რამხელაა მათი „მოთმინების ფიალა“ და საერთოდ აქვს თუ არა მას ძირი, თუმცა ის კი რეალობაა, რომ უფრო და უფრო უარესობისკენ მიგვაქანებს ჩვენი, განათლების სისტემის „მმართველი ელიტა“და მისი „შეფი“.

 

არც შეძახილებმა, არც მხილებამ, არც უნდობლობამ, არც ზიზღმა, არც სამინისტროსთან გამართულმა ჩემმა სამდღიანმა აქციამ, არც პარლამენტარების კრიტიკამ ... არაფერმა არ შეაჩერა ეს ადამიანი. სკოლის დირექტორების კორუფციულ-ნეპოტისტური დანიშვნა ხომ ჯიუტად რიხინ-რიხინით მიმდინარეობს. მერე რა, რომ ყველფერი ნათელი გახდა. მერე რა, რომ საზოგადოება მკაცრად აფასებს ამას, მთავარი ისაა, რომ მონსტრ-მინისტრ სანიკიძეს ბუზიც ვერავინ აუფრინა.

 

ზოგადად ცინიზმსაც აქვს საზღვარი და ყველაფერსაც, მაგრამ სანიკიძისთვის საზღვარი რომ პირობითობაც არ არის, მაშინაც გამოჩნდა, როდესაც განათლების სამინისტროსა და პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელმოწერით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა დაიწუნა და ახალი სახით წარდგენა მოითხოვა, ხოლო სამინისტრომ  დაწუნებული ვარიანტი უფრო გააუარესა: ალბათ, ყველამ იცის, რომ „გადახედვის“ შემდეგ განათლების სამინისტრომ კანონპროექტში სხვა „დრაკონიზმთან“ერთად ჩაამატა მუხლი, რომელიც ამ უკანასკნელს მასწავლებლის სტატუსის შეჩერების უფლებას მიანიჭებს (კიდევ კარგი, პარლამენტმა ჯერ-ჯერობით უარით გაისტუმრა „ნოვატორი“ ავტორები). მსგავსი რამ, ალბათ, მსოფლიოს არცერთი ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელს სიზმრადაც არ ექნება ნანახი!

თუ ღმერთი გაგვიწყრა და შემდეგ მოსმენაზე პარლამენტმა ეს ცვლილება მაინც დააკანონა, მაშინ რა მოხდება:

 

უმაღლესმა სასწავლებლებმა, უმრავლეს შემთხვევაში,ჩვენი პედაგოგობა სტატუსად კი არადა - პროფესიად ოფიციალურად აღიარა. წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს ცუდ ხასიათზე გაიღვიძა მართლაცდა  გაურკვეველი პროფესიისა და სტატუსის მქონე მინისტრმა სანიკიძემ (გაურკვევლი იმიტომ, რომ ადრე ეს ადამიანი ბუღალტერ-ეკონომისტი მაინც მეგონა და, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ამ პროფესიის დოკუმენტურად დასაბუთებაც კი ძნელი ყოფილა) და მავან თქვენგანს პედაგოგის სტატუსი შეუწყვიტა პროფესიული სტანდარტის (მუხლი. 12.3) დარღვევის მომიზეზებით. რა გამოდის?

 

უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ 4-5 წელი გვასწავლა, პროფესიონალებად გვაქცია, მერე გამოცდილებაც შევიძინეთ, ზოგიერთმა ჩვენგანმა სერთიფიცირებაც გავიარეთ, და ღმერთმა ნუ ქნას და თუ ე.წ. „კასტებად დაყოფის სქემის“ დაკანონების შემდეგ „უმაღლეს კასტაშიც“ აღმოვჩნდით, სანიკიძის ან მისთანას „ხუშტურა პოსტსიზმრისეულმა„ უხასიათობამ შესაძლოა, ყველაფერს წერტილი დაუსვას?!  იქნებ თქვას ვინმემ,  პროფესიულ სტანდარტს არ დავარღვევ და რას იზამსო. როგორ გეკადრებათ?მსგავსი რამეების შეთითხვნა-შეკოწიწებაში სანიკიძეს და მის დამქაშებს რომ არავინ შეედრება,  ამას სკოლის დირექტორთა არჩევის „ნამდვილი და თვით ევროპის გამაოცებელი დემოკრატიული მოდელიც“ ადასტურებს.  ეს „მოდელია“, რაცაა და მაგით გამოიჭერენ კაცს, პროფესიული სტანდარტის დაარღვევაში...

არა, მაინც რა საოცარია: მოგდებენ ბრალს, მაგალითად, პროფესიული სტანდარტის 5,ა. მუხლის  დარღვევაში, რომელშიც წერია შემდეგი: „მასწავლებელი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე“, სამინისტრო გადაწყვეტს, რომ ვერ აცნობიერებ ამ პუნქტით დაკისრებულ პასუხისმგებლობასო. მიდი და უმტკიცე, რომ აცნობიერებ.

ან, ავიღოთ, მაგალითად, იგივე სტანდარტის 10.დ. მუხლი: „მასწავლებელი ხელს უწყობს კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში“. თუ სამინისტრო შეედავება, რომ კოლეგებს ხელს არ უწყობო, რაღას იზამს პედაგოგი, როგორ დაამტკიცებს თავის სიმართლეს? ან, იქნებ, თვითონ არის სხვა კოლეგისგან ხელშესაწყობი, მაშინ როგორ მოიქცეს?

 

სტანდარტის ყველა თავი, ყველა მუხლი და ყველა პუნქტი ასეთი ზოგადი შინაარსისგან შედგება და ღმერთმა უწყის, რას ნიშნავს პროფესიული მათი დარღვევა?

 

როგორც ითქვა, სანიკიძისა და მისი უწყების ცინიზმს საზღვარი არ აქვს მეთქი და ასეცაა. ჯერ ხომ წინანდელზე უარესი კანონპროექტი წარადგენინა პარლამენტში. თვითონ არც იკადრა მისვლა. მერე ადგა და პარლამენტარებს სულ არაკომპეტენტურები ეძახა. გესმით, მეგობრებო? სანიკიძე, რომელსაც განათლების სამინისტროში მოკალათებამდე განათლებასთან, ალბათ, შეხება არც ჰქონია, კომპეტენტურობაზე საუბრობს (!) აქ მაინც დამთავრებულიყო ცინიზმი, მაგრამ, ნურას უკაცრავად. როგორც სანიკიძე განმარტავს, თურმე:ამ სქემის შემუშავებაში 12 000 მასწავლებელი იყო ჩართული“. (საუბარია „მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემაზე, რომლის დაკანონებასაც სამინისტრო ცდილობს ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანით). მიაქციეთ ყურადღება,  პედაგოგები განხილვაში კი არა (თუმცა, ეგეც საკითხავია, განხილვამ როგორ ჩაიარა), შემუშავებაში ყოფილან ჩართული.

 

ღმერთო გამაგებინე, ნეტავ, როდის მუშაობდნენ ამ სქემაზე მასწავლებლები -  სანამ ის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტს წარედგინა, თუ მას შემდეგ, რაც კომიტეტმა დაიწუნა? თუ პედაგოგები საკომიტეტო მოსმენამდე მუშაობდნენ, მოსმენის შემდეგდროინდელი ცვლილებები, მათ შორის ზემოხსენებული სტატუსის შეწყვეტის საკითხი საიდანღა გაჩნდა პარლამენტთან წარდგენილ პაკეტში?  ხოლო თუ კომიტეტის დაწუნების შემდეგ ხელახლა დატრიალდა 12 ათასი მასწავლებელი, აქაოდა პარლამენტს „ჩვენი იდეები იქნებ როგორმე მოვაწონოთო“, საინტერესოა,  რომელ პედაგოგს გაუჩნდა აზრად, რომ მათი სტატუსის შეწყვეტა მინისტრის ნება-სურვილზე დამოკიდებული გაეხადა.

 

თუმცა, რაღა ბევრი გავაგრძელო და სიმართლე ის გახლავთ, რომ ამ ავადსახსენებელ სქემასა და საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტზე 12 ათასს კი არა, 12 მასწავლებელსაც არ უმუშავია და არა თუ არ უმუშავია, შეკითხვის ღირსადაც არ გაგვხადეს პედაგოგები. უფრო მეტი: სქემის არცერთნაირი ოფიციალური ვერსია (არც ელექტრონული და არც პოლიგრაფიული) საჯარო სივრცეში არ არსებობს და პირადად ჩემამდე ის მხოლოდ გასაიდუმლოებული გზით და  აქა-იქ თავად სამინისტროს მესვეურთა მიერ გავრცელებული თეზისების სახით აღწევდა ხოლმე, სწორედ მათზე დაყრდნობით რამდენიმე თვის წინ გამოვაქვეყნე პრესაში სქემის ანალიზი, სადაც არგუმენტებზე დაყრდნობით ვამტკიცებ, რომ პედაგოგისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია კატეგორიებისთვის საჭირო კრედიტების მოგროვება, რადგან ის არაოპტიმალურ დროსა და შრომით დანახარჯს, ასევე არაადეკვატურ ინტელექტუალურ და სხვა რესურსს მოითხოვს. (თუ მკითხველის და კოლეგების სურვილი იქნება, შემიძლია სამომავლოდ კვლავ შემოგთავაზოთ ხსენებული სქემისა და მისგან მოსალოდნელი საფრთხეების დეტალური ახლებური ანალიზი) მაგრამ, ბრიყვს, როგორც წესი, არგუმენტებით ვერ მოერევი.

 

სანიკიძის ცინიზმი პიკს აღწევს, როდესაც ის აცხადებს, რომ „სქემა“ თურმე ზეციური ხსნა იქნება მასწავლებლებისთვის, რადგან სქემამდე „არიყოდარეგულირებულისახელფასოპოლიტიკა. ერთადერთი, რასაცსერტიფიცირებულიმასწავლებელიიღებდა, იყო 75 ლარიანიდანამატი“.(ეს სანიკიძის სიტყვები გახლავთ). გასაგებია, რომ პედაგოგები გაუბედავები ვგონივართ ამ უხეირო სიცრუის ავტორს, მაგრამ ჩვენ დაბრმავება- დაყრუებასაც რომ ცდილობს - ახალი სქემა არეგულირებს სახელფასო პოლიტიკასო!  ამდენი ხანია, სულ მაგას გავიძახით, რომ თუ საბაზო ხელფასი არ გაიზარდა და კატეგორიებს თუ ხელფასები არ მიება, ვის რად უნდა ამგვარი სქემა. (თუმცა, არც ისე არავის სჭირდება) და ახლა ეს ქალბატონი ბრძანებს, რომ თურმე სქემა ხელფასებს დაარეგულირებსო. კი, მაგრამ როგორ?! მარტო ასე მორიგი ცრუ ზეპირი განცხადებით?!

 

 ნახეთ, მეგობრებო, როგორ უნდათ თვალების აბმა:

 

წელს, ნოემბერში გადაწყდება, როგორ გაიზრდება კატეგორიებზე მიბმული ხელფასი 2017  წლამდე“.  - ასეთია მთავრობის უკანასკნელი პერიოდის განცხადები. ჯერ ხომ ისიც არ ვიცით, როგორ გადაწყდება და მერე, თუ გადაწყვეტას საშველი დაადგა, ხომ არ გგონიათ სახელფასო ზრდა მომდევნო 2015 ან 2016 წლებში მოხდეს?  არა, ბატონებო და ქალბატონებო, არა...მთავრობის ინიციატივით სახელფასო ზრდა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც არსებულ ხელისუფლებას კონსტიტუციური ვადა ამოეწურება. მანამდე კი, თუ სანიკიძემ „არაკომპეტენტური“ პარლამენტარების დარწმუნება და ზოგადი განათლების შესახებ კანონში  ცვლილებების შეტანაც შეძლო, იმდენ მასწავლებელს შეუწყვეტს სტატუსს (სავარაუდოდ ჩემგან დაიწყებს), რომ 62-ათას პედაგოგს ალბათ „სქემის შემმუშავებელთა“ რაოდენობამდე - 12 ათასამდე  დაიყვანს და მერე, დაზოგილი  თანხების ხარჯზე როგორმე კი გაზრდის ხელფასს, აბა. რა იქნება?  თუ, დავუშვებთ, რომ ეს არ გაამართლებს, თუ 2017-ში, გადახალისებულ ან ახალ პოლიტიკურ ძალას ვიხილავთ აღმასრულებლებად თუ კანონმდებლებად, მერე, მიდი და სთხოვე ძველების დანაპირები ახლებს, მაინც არავინ შეასრულებს და...

 

რა სურს მონსტრ-მინისტრ სანიკიძეს, რას გვიპირებს? განა ასეთს რას ხედავს პედაგოგთა საქციელში, რომ ასეთი სიავე განიზრახა? ბოლოსა და ბოლოს, ერთი მე ვყვირი და ვომობ ამდენ დასაქმებულ პედაგოგთა შორის და ერთი კაცისთვის ღირს ასეთი უკანონობის დაკანონება? იქნებ, სწორედაც ესაა ერთ-ერთი მიზეზი  და თუ ასეა, მაშინ დროა დავანახოთ ერთობა და ერთიანობა ამ, თითზე ჩამოსათვლელი  „ტარტაროზების“ ხროვას.

 

 

დავით ფერაძე

116-ე  საჯარო სკოლის პედაგოგი.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: