ღორმუცელები და... ფინიები!

ღორმუცელები და... ფინიები!

არ არსებობს ჯამაგირი კაცს რომ ეყოს, კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს! - თუთაშხიასეული ეს უნიკალური ფორმულა გვაფიქრებინებს, რომ ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება (თუ რა თქმა უნდა, რწმენითა და სულიერებით არ არის შებოჭილი) უკიდეგანოა და პირდაპირი გაგებით, ღორმუცელობამდე დადის!

ხელფასი, ანუ ჯამაგირი, როგორც წესი ადამიანის იმ საქმიანობის საფასურად ეძლევა, რომელსაც იგი თავისი ფიზიკური თუ ინტელექტუალური შრომით გამოიმუშავებს.

სხვათაშორის, კომუნისტებს საკმაოდ მახინჯი, არაადექვატური სახელფასო სისტემა ჰქონდა _ მეკუჭნავის (მაშინდელი ტერმინით საწყობის გამგეს), რომელსაც მილიონობით მანეთის საქონელი ებარა, ოფიციალური ხელფასი 90 მანეთს აღწევდა. რა თქმა უნდა, ასეთი არაადექვატური ანაზღაურება აიძულებდა მას რისკზე წასულიყო და ექსტაზში შესული თვეში 100-ჯერ 90-ს მაინც იჯიბავდა, თუმცა შეწერილ „გეგმასაც“ პატიოსნად ასრულებდა და ზემოთაც ხეირიანად „აჭმევდა“ ხოლმე. რაიონის პროკურორის ხელფასი 240 მანეთს არ აღემატებოდა, ხოლო რაიკომის მდივანი  - კომუნისტური რეჟიმის ადგილობრივი „მეფე“ ხელფასის სახით 400 მანეთამდე თუ იღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფულს „წონა“ ჰქონდა, საბჭოური სისტემა (განსაკუთრებით გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან) ქვევიდან ზევით და პირიქით, მთლიანად კორუმპირებული იყო. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ დუმდა!

იყო სამაგალითო დასჯის პრაქტიკაც, რომელსაც საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა ხოლმე და ჭოღიდან (ჩემი სოფლიდან) შორეულ ტაიგამდე პარტიული ორგანიზაციების მსჯელობისა და შეჩვენების საგანი ხდებოდა.
თითქმის ანალოგიური იყო შევარდნაძის დროინდელი პოსტსოციალისტური სახელფასო სისტემაც - იყო დრო საჯარო (სახელმწიფო) მოხელეებს, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა, ხელფასის სახით 20-30$-ის ექვივალენტი ეძლეოდათ.

მართალია საკუთარი ვალუტის შემოღების შემდეგ სახელწიფო სტრუქტურებში ხელფასები მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა, მაგრამ ოდნავადაც არ იყო მიახლოებული რეალობასთან.
ნიშანდობლივია, რომ საკმაოდ დაბალი ხელფასები იყო სამართალდამცავ სტრუქტურებში, რაც  ნოყიერ ნმიადაგს ქმნიდა კორუფციის აყვავებისთვის. მძღოლებს გვახსოვს 2-5 ლარიანი „გაიშნიკები“, რომლებიც ყოველთვის იმის ცდაში იყვნენ, რაღაც გამოეგლიჯათ.

ცალკე თემაა თვეობით დაურიგებელი ხელფასებიც.
სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საჯარო სამსახურებში ხელფასების მოწესრიგების გზას დაადგა. ეს საკითხი განსაკუთრებით მოწესრიგდა სამართალდამცავ სტრუქტურებში, რომლის მიღმა საკმაოდ გონივრული ჩანაფიქრი იდგა - უსიტყვო მორჩილება და ერთგულება!

სხვათა შორის, ჩინოვნიკთა ხელფასები რეალურს დაუახლოვდა სხვა საჯარო დაწესებულებებშიც, რაც „ნაციონალურ“ რეჟიმს მხარდამჭერთა გარანტირებულ არმიას უქმნიდა.

ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ „ნაციონალებმა“ სახელფასო სისტემის იდეალური მოდელი შექმნეს - პირიქით, სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკთა პრემია-დანამატებს და უაზრო ხარჯებს ეწირებოდა, მაგრამ შევარდნაძის პერიოდთან შედარებით, მოჩვენებითად მაინც ამ თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს...

ის, რაც საზოგადოების კანონიერ აღშფოთებას იწვევდა და რაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას ლაიტმოტივად გასდევდა (ქამრის მოჭერა - უარის თქმა უაზრო პრემიებსა და დანამატებზე), დღევანდელმა ხელისუფლებამ საერთოდ დაივიწყა და როგორც ჩანს, განცხრომას მიეცა - ძვირადღირებულ ჯიპებზე და გადაჭარბებულ (ქართული რეალობისთვის მიუღებელ) დელეგაციებზე რომ არაფერი ვთქვათ, როგორც ჩანს, მადა გაეხსნათ ადგილობრივ ჩინოვნიკებს (მინისტრებზე და მათ მოადგილეებზე დეპარტამენტებიან-სამმართველოებიანად ადრე დაიწერა) და საკუთარი („დაუღალავი“) შრომის ადექვატური ანაზღაურებაც მოინდომეს. ხელფასმა რომ არ „იყვიროს“, თურმე მისი შევსება დანამატით სცადეს და იმდენი გამოუვიდათ, ერთი თვის ხელფასით ოჯახის წევრებისთვის მეორად ავტომანქანასაც კი იყიდიან.
როგორც ჩანს, ცინიზმს და თავხედობას არა აქვს საზღვარი!

ჯერ ერთი, დილიდან საღამომდე სამსახურში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ურთულესი პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრით უსკდებათ თავი, მეორეც, დღევანდელმა ხელისუფლებამ თითიც არ გაატოკა, დაეწყო მართვის „ნაციონალური“ სისტემის დემონტაჟი და არსებითად ეფიქრა მოქნილ, რეალობაზე და მეცნიერულ გათვლებზე დაყრდნობილი სისტემის ფორმირებაზე!

პირიქით, ნებიერად მოაჯდნენ არსებულ სისტემას და ახლა მხოლოდ იმის ცდაში არიან, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ ხალხისგან. ხალხის პრობლემებზე ფიქრით კი თავი არ აიტკიონ.

საზოგადოების მხრიდან კანონიერი პროტესტი მოჰყვა თბილისის მერის გადაწყვეტილებას მერიის 29 თანამშრომლისთვის ხელფასებზე სოლიდური დანამატის დანიშვნის შესახებ. აქ არა იმდენად 152 000 ლარზეა საუბარი (თუმცა, რატომაც არა, ხომ შეიძლება ეს სოციალურად დაუცველთა ელემენტარული პრობლემების გადაწყვეტას მოხმარდეს), რამდენადაც პრეცედენტზე - საკუთარ მოსახლეობას სულში ჩააფურთხო და მე ვარ და ჩემი ნაბადიო უმტკიცო!

თუმცა, დამტკიცება რად უნდა, გამადიდებელი შუშის გარეშეც ყველაფერი ნათელია.

არა მგონია, ასეთი ელემენტარული „იაღლიშებით“ დასრულდეს დღევანდელი მთავრობის „თვითშემოქმედება“. ეს ალბათ მხოლოდ სურათია და კინოსაც მალე ვიხილავთ, რომელიც ძალიან ამაზრზენი სანახავი იქნება!..

ერთია, როცა ასეთ თავხედურ გადაწყვეტილებას იღებენ ასევე თავხედი (ჩვენივე რჩეული) ღორმუცელა ჩინოვნიკები, მეორეა, როცა ამის „გაპრავებას“ ცდილობენ მათი თანამაზრე ფინია-ჩინოვნიკები. ასე მაგალითად, პარლამენტარები ეკა ბესელია და ზაქარია ქუცნაშვილი (ალბათ „ოცნების“ აბსოლუტური უმრავლესობა) თვლიან, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკს ადექვატური ხელფასი უნდა ჰქონდეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, რას ნიშნავს „ადექვატური ხელფასი“ და შეიძლება თუ არა ხალხს ასე ურცხვად დასცინო, ან რას აკეთებენ ისინი ისეთს, ასე გამორჩეულად დავაჯილდოვოთ?!

მოკლედ ღორმუცელა და ფინია ჩინოვნიკების დოღია საქართველოში

P.S. არა ბატონებო და ქალბატონებო, ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება, უფრო სწორად, წაყრუება არ შეიძლება. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და გასაშიშვლებელიც დროზე გავაშიშვლოთ.

ღმერთმა იცის ამათი მადა სადამდე გაუბერავს და ვიდრე ჩვენს გადასანსვლასაც მოინდომებენ, წითელი უნდა ავუნთოთ!

საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: