ქრთამის აღების ბრალდებით გენერალურმა ინსპექციამ საკუთარი თანამშრომელი დააკავა

ქრთამის აღების ბრალდებით გენერალურმა ინსპექციამ საკუთარი თანამშრომელი დააკავა

   იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით საკუთარი თანამშრომელი დააკავა.

 

  სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტმა მიწის ნაკვეთის დაჩქარებული წესით რეგისტრაციისთვის მოქალაქეს 650 ლარი გამოართვა.

 

  "იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კორუფციის ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2014 წლის 5 ოქტომბრიდან მიმდინარეობს გამოძიება მოხელეთა მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

   გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქის (ვ.გ.) ზეპირი შეტყობინება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტის (რ.გ) მხრიდან ქრთამის მოთხოვნის შესახებ.

 

  გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ მოქალაქებმა (ვ.გ.-მ, რ.ბ.-მ) გადაწყვიტეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა შემდგომი რეალიზაციის მიზნით და აღნიშნულის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირება. ამისათვის, 2014 წლის 24 სექტემბერს, მოქალაქე (ვ.გ.) დაუკავშირდა მის ნაცნობს - ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტს (რ.გ.-ს) და სთხოვა დახმარება ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის დაჩქარებული წესით დაყოფასა და რეგისტრაციაში. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტმა დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოქალაქეს (ვ.გ-ს)  მოსთხოვა 650 ლარის გადახდა.

 

  2014 წლის 10 ოქტომბერს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ნაკვეთის დაყოფის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტმა (რ.გ.-მ) მოქალაქისგან (ვ.გ-სგან)  რეგისტრაციის დაჩქარებული წესით (5 სამუშაო დღის ნაცვლად 3 დღეში)  დასრულების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 650 ლარი.

 

   იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტი (რ.გ).

 

 

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას. სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, იღებს და კვლავაც მიიღებს აქტიურ ზომებს ქრთამის დანაშაულთან ბრძოლის მიზნით და საჯარო სამსახურში კორუფცია ვერ დაბრუნდება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: