კონკურსი "რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში" დაიწყო

კონკურსი "რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში" დაიწყო

   თბილისის მერია, სკოლა-სახელოსნო "ტემპერა" და "ტფილისის ჰამქარი" იწყებენ კონკურსს - "რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში?".  სპეციალურად ამისთვის ფაცებოოკ-ში შეიქმნა ახალი აპლიკაცია - "რა ძეგლს ვისურვებდი".

   სკოლა-სახელოსნო "ტემპერას" დამფუძნებელმა, მარიამ ქუთათელაძემ განაცხადა, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. ბავშვებმა მათთვის სასურველი ქანდაკება პლასტელინისგან უნდა გამოძერწონ, გადაუღონ სურათი და ატვირთონ ფეისბუქის შესაბამის გვერდზე.

   კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრების თიხაში შესრულებას ხელოვნების სახელოსნო "ტემპერა" უზრუნველყოფს, რის შემდეგაც ქანდაკებები თბილისის საკრებულოს შენობაში გამოიფინება. საუკეთესო ნამუშევრის ავტორები სიმბოლურად დასაჩუქრდებიან. საკონკურსო განაცხადების მიღება 6 ნოემბრის 00:00 საათზე შეწყდება.

ჟიურის წევრები არიან: ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, ურბანისტი ლადო ვადოსანიძე, მხატვარი მამუკა ცეცხლაძე, მსახიობი ნატა მურვანიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიგებაშვილი.

   თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, კონკურსის იდეა ძალზე მიმზიდველია, რადგან ამ ასაკის პატარებს ყველაზე თამამი და ორიგინალური იდეები უჩნდებათ. "ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იდეა - ერთად ვიზრუნოთ თბილისზე, ყველა ასაკისა და თაობის ადამიანის ქალაქის განვითარებაში ჩართვას გულისხმობს. სწორედ ამ ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ჩვენი შვილები  ჩვენს ქალაქზე ზრუნვას. საინტერესო იქნება მათი თვალით დანახული თბილისი" - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერი ბავშვებს და მშობლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, რათა ღირსეულთა შორის ღირსეული გამოვლინდეს.

   დავით ნარმანიამ  მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებს, სკოლა სახელოსნო "ტემპერას", "ტფილისის ჰამქარს" და  ჟიურის წევრებს.

   "ტფილისის ჰამქრის" ხელმძღვანელის, ცირა ელისაშვილის თქმით, კონკურსის მონაწილეებს ორგანიზაცია ძველ თბილისში ტურს შესთავაზებს, ხოლო გამარჯვებული "ტფილისის ჰამქრის" საპატიო წევრი გახდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: