ქართულ პოლიტიკას არა მესამე ძალა, არამედ, ახალი ძალა სჭირდება!

ქართულ პოლიტიკას არა მესამე ძალა, არამედ, ახალი ძალა სჭირდება!

საქართველოს ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი ბ-ნ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც იგი მესამე ძალის აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული განწყობის მიხედვით, მესამე ძალის აუცილებლობა აშკარაა, რომლის ლიდერი ახალი, პოლიტიკაში გაუსვრელი ფიგურა უნდა იყოს!..

მეც ვიზიარებ ამ მოთხოვნას, ოღონდ ღრმადპატივცემულ გოცირიძეს ვერ დავეთანხმები ფორმულირებაში, სადაც იგი ახალი ლიდერის გამოჩენას თვალში ნაცრის შეყრას და ერთპიროვნულობაზე აგებული პოლიტიკის შენარჩუნების სურვილს უწოდებს!

თუმცა, არის მეორე უკიდურესობაც, რომელზეც არა მარტო გოცირიძე, არამედ საზოაგადოების უმეტესი ნაწილი ყურადღებას არ ამახვილებს.

კერძოდ, როცა ჩვენ მესამე ძალის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, ავტომატურად ვუშვებთ ორი ძალის არსებობას, რაც აბსურდია.

ჯერ ერთი, დანაშაულებრივი „ნაციონალური“ რეჟიმი არ შეიძლება დღეს პოლიტიკურ ძალად მოიაზრებოდეს _ თუ ამ წარსულის გადმონაშთს პოლიტიკურ ძალად ვაღიარებთ, გამოდის, რომ მათ აქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების უფლება, რაც არა მარტო ერის ღირსების შელახვა, არამედ სრული კატასტროფაც იქნება!

მეორეც, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა გვაფიქრებინებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ცნება“ (განსაკუთრებით გამოკვეთილად ლიბერალური პარტიები) ერთი ძალაა, რომლებიც კოჰაბიტაციის წყალობით კუკუდამალობანას მშვენივრად თამაშობენ და როლებიც ასევე მშვენივრად აქვთ განაწილებული.

სხვა თუ არაფერი, „ქოცებიც“ თითქმის იგივე სისტემით მართავენ ქვეყანას და აშკარა ძალადობის ელემენტებს თუ არ გამოვრიცხავთ, სხვა მხრივ ყველაფერი ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს. მაგალითები გნებავთ? ნეპოტიზმი, კომფორტით გატაცება (ძვირადღირებული ჯიპები, პრემია-დანამატები, ასევე ძვირადღირებული ვოიაჟები უცხოეთში) ეროვნული ფასეულობების ნიველირება... (ამ თვალსაზრისით მარტო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაც იკმარებს!).

აქედან გამომდინარე, ჩვენ არა მესამე ძალაზე, არამედ, ახალ, ეროვნულ ღირსებულებებზე დაფუძნებულ ადამიანთა ერთობაზე უნდა ვიფიქროთ, რომლის არა მარტო ლიდერი, არამედ ძირითადი შემადგენლობაც პოლიტიკაში გაუსვრელი, საკუთარი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტები უნდა იყვნენ!

დიახ, არ გვინდა ბატონო ის გაცვეთილი და ბოლომდე გაშიშვლებული მარაზმი და უმსგავსობა, რომელსაც თითქმის 25 წელია ქართულ პოლიტიკას ვეძახით და რომელმაც არა მარტო დაპირისპირებულ ჯგუფებად აქცია საქართველო, არამედ ზნეობრივად გახრწნა იგი და ლამისაა ქართული სულიც გამოაცალოს!

დაკვირვება ფხადყოფს, რომ თანდათან მწიფდება საზოგადოების მოთხოვნილება ახალ ძალაზე, რომელიც საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით თავისუფალი იქნება ყოველგვარი გარეშე ვალდებულებებისგან. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს - ანგარიში არ გავუწიოთ მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და გარესამყაროსგან გარიყული აღმოჩნდეს საქართველო!

უკვე დროა (თუ დაგვიანებული არა!) საქართველოში არსებულ მარგინალიზებულ პოლიტიკურ პარტიებს ვუთხრათ - გაგვატარეთ, გეთაყვა და გზა ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დაუთმეთ, რომელიც თავის მხრივ გზას გაუხსნის ახალ რეალობას!
წინ, ახალი რეალობისკენ!..

 

P.S. საქართველოში არსებულ მარგინალიზებულ პოლიტიკურ პარტიებზე და ახალი ძალის აუცილებლობაზე „ივერიონი“ ანალიტიკურ სტატიას უახლოეს ხანებში შემოგთავაზებთ.

                                     საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: