დავით ფერაძე: თამარ სანიკიძე სრული დილეტანტია და მას განათლების სისტემა არ უნდა შეეწიროს!

დავით ფერაძე: თამარ სანიკიძე სრული დილეტანტია და მას განათლების სისტემა არ უნდა შეეწიროს!

„ივერიონს“ საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მისი მხრიდან გამოცხადებულ „ომზე“ ესაუბრება ქ. თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგი დავით ფერაძე.


- ბატონო დავით, რა მიზანს ისახავს თქვენ მიერ საჯარო სკოლებში მოულოდნელად დაგეგმილი ვიზიტები?


- მოულოდნელი ვიზიტები,  ანუ, რასაც პირობითად „პარტიზანული თავდასხმა“ დავარქვი,  იგეგმება კონკრეტული მიზნების მისაღწევად: პედაგოგები გავერთიანდეთ საბაზო ხელფასის ზრდის, ნეპოტიზმის და  მასწავლებლობის სტატუსის ჩამორთმევის  განათლების მინისტრის უფლებამოსილებაში გადასვლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.


- თქვენ ,,პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი ბრძანდებით, რაც იმას ნიშნავს, სკოლებში სერიოზული პრობლემებია, თუმცა, თქვენ ჯერჯერობით მარტო იბრძვით!


- პედაგოგები, ჯერ-ჯერობით, კიდევ ვერ ბედავენ ღია მხარდაჭერას. ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც მე სამდღიანი გამაფრთხილებელი მჯდომარე აქცია გავმართე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ლოზუნგით: „არა უხელფასობას, ნეპოტიზმს, ცენზურას! სანიკიძე წადი!“  თუმცა ისინი ფეისბუქზე, სხვა სოციალურ ქსელებსა და პირად შეხვედრებში ან  სატელეფონო საუბრისას  მიცხადებენ მხარდაჭერას და მათზე მუდმივი  ზეწოლის გამო ღიად  ვერ დგებიან ჩემს გვერდით. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა მე თავად მივსულიყავი მათთან, ჩემს კოლეგებთან.


- საჯარო სკოლებში მოულოდნელი ვიზიტების შემდეგ, იგრძნობა თუ არა მასწავლებელთა აქტივობა?


- არ შეიძლება არ აღინიშნოს 53-ე საჯარო სკოლის პედაგოგთა გამბედაობა. იმ დროს, როდესაც სხვა სკოლებში, ჯერ-ჯერობით, ეზოშიც ვერ ბედავენ გამოსვლას, აქაურმა კოლეგებმა გაბედეს და სკოლის სამასწავლებლოში შემოვიდნენ ჩემთან სასაუბროდ.  ერთი-ორი ფსევდოპედაგოგი აქაც გამოერია. წარმოიდგინეთ, მე ვეუბნები, რომ ხელფასის გაზრდისთვის ვიბრძოლოთ-მეთქი და, სკოლის დირექტორისგან დაგეშილი მართლაც, მხოლოდ ორი მხცოვანი პედაგოგი მოვარდა, და მეუბნებიან, რატომ გვაძულებთ თავსო. სასაცილოა, არა?!


და ყველაზე მნიშვნელოვანი - სკოლას ჰყავს ზრდილობასთან საკმაოდ მწყრალად მყოფი ხელმძღვანელი. ჩემი ვიზიტისას, ვეჭვობ, რომ ის ქალბატონი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, ნამდვილი შოუ მოაწყო. გამძვინვარდა, ატეხა ლანძღვა და ისტერიკული კივილი, თუმცა, თავისი თავი გაიმასხარავა. აი, ასეთი დირექტორი დანიშნა მინისტრმა სანიკიძემ  მასწავლებელების, სამეურვეო საბჭოსა და მშობლების ნების წინააღმდეგ.


იქაური მოსწავლეები ახლაც ვერ მალავენ აღშფოთებას, მაგრამ რა ქნან? პოლიციისა და უშიშროების სამსახურების გამოყენებით სანიკიძემ აიძულა ისინი დამორჩილებოდნენ  დირექტორ გახარიას. ახლაც ძალოვნების კონტროლქვეშ არიან. როგორ შეიძლება სკოლა მუშაობდეს პოლიციურ რეჟიმში! ერთ-ერთ არგუმენტად ესეც მომიყვანეს იმ სკოლაში, რომ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთო და სკოლა თქვენგან უნდა დავიცვათო. მე ვურჩევ ძალოვნებსაც და სამინისტროსაც, რომ სკოლა ჩემგან და ხელფასების მომატებისთვის ბრძოლისგან კი არ დაიცვან, სჯობს მისი ამჟამინდელი დირექტორისგან დაიცვან, თუნდაც იმით, რომ სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარონ მის დირექტორს.


სკოლის მასწავლებლები უკვე ვიზიტებამდეც მეხმაურებიან. პირველი „თავდასხმის“ შემდეგ გაჩნდა სურვილი სხვა სკოლებიდან, რომ მივიდე, მაგრამ მე წინასწარ არ ვაცხადებ მისვლის გრაფიკს.


წარმოიდგინეთ, უკვე გააფრთხილა სამინისტრომ სკოლები, რომ იყვნენ  მზადყოფნაში, რადგან არ იციან, როდის „დავეცემი“ თავს.
თუ მე წინასწარ გამოვაცხადებ, მაშინ იმ სკოლაში რამე სხვა ღონისძიებას დანიშნავენ და პედაგოგებს, თუნდაც ფანჯრებიდანაც, აღარ ექნებათ ჩემთან ურთიერთობის საშუალება.


ხდება ასეთი საშინელებაც: მაგალითად, ერთ-ერთ სკოლაში დირექტორმა ორი გაკვეთილის განმავლობაში იძულებით „დააპატიმრა“  მასწავლებლები, რათა ჩემთან კონტაქტის საშუალება არ ჰქონოდათ. ამის გარდა, რამდენიმე სკოლაში ჩაატარეს თათბირი, რომელიც ჩემს ლანძღვა-გინებას ეძღვნებოდა.


- თქვენი აზრთ, რატომ არ ინტერესდება განათლების მინისტრი და პარლამენტის განათლების კომიტეტი პედაგოგთა ღვაწლის სათანადო შეფასება-დაფასებით?


- განათლების მინისტრი არა თუ არ ინტერესდება, რომც მოინდომოს დაინტერესება, არც იცის, რა ქნას, იმიტომ, რომ ის არის სრული დილეტანტი, აქედან გამომდინარე, მას განათლების სისტემა არ უნდა შეეწიროს. თუმცა, მას თავისი დილეტანტიზმისა და და დაუინტერესებლობის გასამართლებლად აქვს არგუმენტი, რომ თურმე პედაგოგების აბსოლუტური უმრავლესობა არის არაპროფესიონალი და ამიტომ არ იმსახურებენ სათანადო ანაზღაურებას!


მეც არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის პედაგოგიური კორპუსი, მაგრამ არიან მათ შორის გამორჩეულები. აი, მაგალითისთვის დავასახელებდი ჩემს ერთ-ერთ კოლეგას, რომელსაც მხოლოდ ფეისბუქიდან ვიცნობ- ნინო აბულაძეს. ეს ადამიანი, როგორც ვაკვირდები, ძილშიც კი თავის საქმეზე ფიქრობს და რამდენია ასეთი!  შეიძლება, რომ თავად არაკომპეტენტურმა და არაპროფესიონალმა სანიკიძემ ასეთებს ლაფი ესროლოს? კონკრეტულად ამ ადამიანისთვის არ უსვრია ლაფი, მაგრამ მის ზოგად განცხადებაში ასეთებიც ხომ მოჰყვნენ!...


- თუ გისაუბრიათ იმ პედაგოგებთან, რომლებიც თავიანთი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილნი არიან?


- მე არც შემხვედრია და არც მინახავს ასეთი პედაგოგი (ის თუ პედაგოგია). რაღა თქმა უნდა,  არიან ადამიანები, რომლებიც შემთხვევით მასწავლებლობენ, დაუმსახურებლად. მათ რაზე უნდა გამოთქვან პრეტენზია? ზოგიერთ სკოლაში რომ მივდივარ, პედაგოგები მალავენ რომ პედაგოგები არიან. მალავენ, რათა ჩემთან საუბარი არ მოუწიოთ და ამის გამო სკოლის ადმინისტრაციისგან საყვედური არ მიიღონ. ვინ ვინ და პედაგოგი რომ ასეთი მიზეზით პედაგოგობას დამალავს, უნდა იყოს პედაგოგი? თან რისი ეშინია? მე ვითხოვ მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ის არათუ მხარს არ მიბამს, პედაგოგობას უარყოფს.


- განათლების მინისრტმა თქვა, რომ პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება, სხვა რა მიზნისკენაა მიმართული თქვენი ბრძოლა?


- აი, ეს შეკითხვა გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ „ფანდმა“ უკვე დააბნია მასწავლებლები.


ჯერ ერთი,  ხელფასი უპირობოდ კი არ იზრდება, არამედ 2015 წლის ბიუჯეტში განათლების სფეროს დაფინასების ზრდის ინიციატივით გამოვიდა სამინისტრო. თუ პარლამენტი ამ ინიციატივას მიიღებს, განათლების ბიუჯეტი ასი მილიონით გაიზრდება, მაგრამ არა მხოლოდ პედაგოგთა ხელფასებისთვის. სამინისტროს ინიციატივით გაზრდილი ბიუჯეტი უნდა მოხმარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მის სხვა უწყებებს და პედაგოგთა ხელფასის ზრდა მხოლოდ ერთ-ერთი  ელემენტია ამ საქმეში. (ესეც იმიტომ, რომ მე აქცია მქონდა და  სკოლებში დავდივარ). ამ სიცრუით ცდილობენ პედაგოგების ანკესზე წამოგებას, რათა არ ამყვნენ. სინამდვილეში კი რა გამოდის: მასწავლებელთა ხელფასის ზრდა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, მიაღწევს მხოლოდ 30-50 ლარამდე. ესაა ზრდა? აქ მარტო ერთ პოზიტივს ვხედავ: ჩემმა, ანუ ერთი კაცის „ომმა“, აიძულა სამინისტრო ეს ნაბიჯი გადაედგა და, დანარჩენი პედაგოგებიც რომ გააქტიურდნენ, მაშინ წარმოიდგინეთ...


- რამდენად აჰყვა ქართული მედია თქვენს მიერ გამოცხადებულ ომს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ?


- ვფიქრობ, რომ ინტერნეტმედია და ბეჭდვითი პრესა სათანადოდ აშუქებს, განსაკუთრებული მადლობა „ივერიონს“ და მის რედაქტორს! ტელე-რადიო მედიაც აშუქებს, მაგრამ მეტია საჭირო.


ჩვენ გვიჭირს რეგიონების სკოლებთან კონტაქტი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ ზოგიერთი ინტერნეტმედია საშუალებები დააბლოკვინა. ტელევიზიამ, მათ შორის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომლისთვისაც პედაგოგებიც ვიხდით გადასახადს, ცოტა უფრო ხშირად უნდა გააშუქოს ჩვენი აქტივობა.


- მიიღებს თუ არა თქვენი აქცია ფართომასშტაბიან სახეს და შემოგიერთდებიან თუ არა რეგიონის პედაგოგები?


- ეს დამოკიდებულია პედაგოგების აქტივობის ხარისხზე. ,,ივერიონში“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში მე ვისაუბრე მასწავლებლის მოთმინების ფიალაზე. იმედია, ის მთლად უძირო არაა, თუმცა მათზე დიდი ზეწოლა და მუქარაა. ირიბად თუ პირდაპირ, ისინი გავლენის მსხვერპლნი არიან, მაგრამ უნდა გაბედონ! ეს შიში უსაფუძვლოცაა. აქციებში ჩართვის გამო შეუძლებელია სკოლებიდან მასწავლებელები გაუშვან. რომ გაუშვან, ვის მოიყვანენ ასე ერთბაშად? ამიტომ უნდა გაბედონ! ხელისუფლება მხოლოდ ასეთ დროს დათმობს - თავად მოიკლებენ და პედაგოგებს ღირსეულ ხელფასს მისცემენ. მე ვიცი, რომ ის ე.წ. „სქემაც„ არავის არ უნდა. თუ ერთიანობა იქნება, ეს პრობლემაც მოგვარდება!


- მართალია, რომ სკოლებში თქვენი ავტორობით გამოცემული წიგნის ყიდვა აკრძალულია?


- ჩემი წიგნი არის დამატებითი სახელმღვანელო ისტორიაში აბიტურიენტებისთვის, ასევე საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებლად. „არტანუჯმა“ გამოსცა წელს. ის გამოცემისთანავე მოიწონეს. ახლაც იყიდება, აკრძალვის უფლება არავის  აქვს, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ ახლახან ზოგიერთ სკოლაში „შავი პიარის“ მსხვერპლი გახდა. სასაცილოა!


- რას შეცვლიდით დღევანდელი განათლების სისტემაში?


- პირველ რიგში, იმით უნდა დავიწყოთ, რისთვისაც მე ვიბრძვი, ანუ საბაზო ხელფასის გაზრდით. თუ მშენებელს არ უხდი და მშიერი გყავს, ის კარგ შენობას კი არა, საერთოდ არაფერს  გააკეთებს. ჩვეულებრივი ჭეშმარიტებაა: ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. ჰოდა, სახელფასო მატების შემდეგ, პედაგოგს ანაზღაურების შესაბამის მუშაობას, განვითარებასა და მუშაობის მეტ შედეგზე გასვლას მოვთხოვთ.


გასაუქმებელია მონოპოლია მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. პედაგოგმა თვითონ უნდა აარჩიოს, სად წავა პროფესიის ასამაღლებლად და არ უნდა აიძულო, რომ ის წავიდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში, რომელიც, ფაქტობრივად, განათლების სამინისტროს ქვეუწყებაა და ფულის გათეთრების საშუალებას წარმოადგენს.


სკოლები უნდა იყვნენ დეცენტრალიზებული, დირექტორები სკოლებმა პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ. ასეთ შემთხვევაში,  დირექტორი მინისტრის მონა-მორჩილი კი არ იქნება, არამედ სასკოლო საზოგადოების წინაშე იქნება ვალდებული. დღეს ეს სიტუაცია რომ გვქონოდა, ხელფასისთვის ბრძოლაში დირექტორებიც კი შემომიერთდებოდნენ.


ამის გარდა, თუ სკოლა ავტონომიური იქნება, კონკურენტული გარემო შეიქმნება. (შეჯიბრება  გაიმართება სკოლებს შორის). რომელი სკოლაც ხარისხიან განათლებას მისცემს, მოსწავლეც იქ შევა!


                                          ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: