თბილისის მერია ატესტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია ატესტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  თბილისის მერია ატესტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მერიასა და გამგეობებში ატესტაციის თარიღი მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.


  "ატესტაციის თარიღის გამოცხადებისთანავე, ტესტების ნიმუში, ატესტაციის წესებთან ერთად, გამოქვეყნდება თბილისის მთავრობისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე, ასევე, გამოიკვრება მერიაში, საქალაქო სამსახურებსა და რაიონულ გამგეობებში, რათა საჯარო მოხელეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, თუ რა სახის ტესტები იქნება ატესტაციაზე.

  აქვე, გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის მერიასა და მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა ატესტაციასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, თითქოს საგამოცდო ტესტები წინასწარ დაურიგდა თანამშრომელთა ნაწილს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ატესტაცია არ ეხება მერიის ადმინისტრაციასა და სხვა საქალაქო სამსახურებში, ასევე, გამგეობებში დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ პირებს, ვინაიდან, კანონის თანახმად, მათ კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალდანიშნული თანამშრომლებისთვის წინასწარ გახდა ცნობილი ტესტები, რათა კარგად მოემზადონ ტესტირებისთვის, არ შეესაბამება სინამდვილეს.


  რაც შეეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ტესტების ნიმუშს, ეს არის 2013 წლის ივლისში დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტი, რომლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემდეგ  მისამართზე:   http://www.dusheti.org.ge/?m=4&sm=4&ID=221#Doc221", - აღნიშნულია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: