დავით უსუფაშვილი: უნდა გაიგონ დასავლეთში, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ დევნის სააკაშვილს!

დავით უსუფაშვილი: უნდა გაიგონ დასავლეთში, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ დევნის სააკაშვილს!

   "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა - პუტინთან "შეკრული" ივანიშვილი", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილს წერილს.

  როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს ეშინიათ საქართველოში დევნისა და ანგარიშსწორების ნიშნების გაჩენის, რაც მისთვის გასაგებია. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ისინი საქართველოდან მცდარ ინფორმაციას იღებდნენ.

  "მათ პოზიციას აღვიქვამ საქართველოს მხარდაჭერად და სურვილად, იხილონ ჩემი სამშობლო განვითარებულ და შემდგარი დემოკრატიის ქვეყნად. მესმის, ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური მეგობრების რეაქცია. რთულია იმის ყურება, როგორ განიცდის კრახს ერთ დროს შენი პოლიტიკური მოკავშირე, რომელიც დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული. ვიცი და კარგად მესმის, რა იწვევს მათ შეშფოთებას. მათ ეშინიათ, რომ შესაძლოა, პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნიშნები გაჩნდეს სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიაში ცხოვრების მწირი გამოცდილება აქვს. შემიძლია გავუგო მათ, რადგან წლების განმავლობაში ისინი საქართველოდან იღებდნენ მცდარ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ყვაოდა დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში. ახლა კი, მათ უჭირთ იმის დაჯერება, რომ ახალი მთავრობა არ აპირებს, გადაუხვიოს დემოკრატიის გზას. ამიტომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უპასუხოდ არ უნდა დატოვოს მათი კითხვები, რაოდენ უსამართლო და დაუსაბუთებელიც არ უნდა იყო ეს კითხვები. არის საკითხები და ეჭვები, რომელშიც სიცხადის შეტანა რთულია, რადგან რთულია ცალკეული პროცესების მუდმივი და ეფექტიანი მონიტორინგი ან ყველა ფაქტის გადამოწმება", - წერს დავით უსუფაშვილი.

  უსუფაშვილი ასევე საუბრობს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დევნის საკითხზეც და აღნიშნავს, რომ უკვირს იმ პოლიტიკური ფიგურების, რომლებსაც აქვთ საკმარისი ინფორმაცია, თუმცა მაინც აცხადებენ, რომ ახალი ხელისუფლება დევნის საკააშვილს.

  "ისინი, ვისაც არა აქვთ საჭირო ინფორმაცია ან არ უნდათ, რომ ჰქონდეთ, შეიძლება მართლაც ადვილად მოიხიბლონ ამ ჰოლივუდური სიუჟეტით. მაგრამ გაოცებას იწვევს იმ ცალკეული პოლიტიკოსების დამოკიდებულება, ვისაც არც ინფორმაციის ნაკლებობა აქვს და არც გამოცდილების", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: