რა შუაშია განათლების სისტემის ნგრევასთან თამარ სანიკიძე?!

რა შუაშია განათლების სისტემის ნგრევასთან თამარ სანიკიძე?!

თითქმის ერთი თვეა „ივერიონში„ იბეჭდება თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგის დავით ფერაძის და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამოაშკარავების მსურველთა კრიტიკული პუბლიკაციები განათლების მინისტრის - თამარ სანიკიძის მისამართით.

განსაკუთრებით მწვავე და არგუმენტირებული იყო დავით ფერაძის ღია წერილი მინისტრისადმი, რომელსაც ასევე მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა და ლამის „ივერიონის“ რეიტინგიც შეეწირა (როგორც აგვიხსნეს, განათლების სამინისტრომ ყველა საჯარო სკოლაში დაბლოკა „ივერიონის“ ვებ-გვერდი, თუმცა, „ივერიონთან“ ბრძოლა ამით არ დამთავრებულა, რაზეც უახლოეს ხანებში დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს ერთგულ მკითხველს).

ის, რომ განათლების სისტემაში შეუწყნარებელი სიტუაციაა, ამას სპეციალისტთა დასტურიც არ სჭირდება - საუბარია არა მარტო ზოგადად განათლების პროცესის არაადეკვატურობაზე, არამედ, თვით სპეციალისტთა (პედაგოგთა და განსაკუთრებით საჯარო სკოლების დირექტორთა) შერჩევის პრაქტიკაზეც.

როგორც დავით ფერაძის სტატიებსა და ინტერვიუებში და განათლების სისტემის პრობლემებთან დაახლოებული ჯგუფების კომენტარებში ვკითხულობთ, დღევანდელი განათლების მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და იგი სისტემიდან კვალიფიციური კადრების ნებაყოფლობით გადინებას უწყობს ხელს!

ასე მაგალითად, განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე დენის დავითაშვილი საჯაროდ აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს მესვეურები თავიანთ თანამდებობებს „განათლებაში ყოვლად უკანონო, არაკომპეტენტური და გაუაზრებელი „ექსპერიმენტების“ ჩასატარებლად იყენებენ.“

ბ-ნი დენისი წინააღმდეგია პროფესიულ კოლეჯებში ნაცვლად კანონით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა, შემოიღონ მოდულური პროგრამები, რადგან, ამისთვის სათანადო ბაზა არ მომზადებულა და დღემდე არ შესწავლილა „შრომის ბაზარი და მისი დამოკიდებულება მოდულურ პროგრამასთან დაკავშირებით... დღემდე არ დამტკიცებულა არც ერთი მოდულური სტანდარტი, არც ერთ მოდულურ პროგრამას არა აქვს გავლილი სათანადო ექსპერტიზა, არ შემუშავებულა სათანადო სახელმძღვანელოები, მითუმეტეს, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში არ არის ასახული დამატებითი ასიგნებები მოდულურ პროგრამებზე გადასასვლელად“.


დავითაშვილის ღია წერილი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარესადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო განათლების სისტემის საქართველოში და როგორი სპეციალისტები შეიძლება ჰყავდეს ქვეყანას მომავალში.

საკმაოდ დამაფიქრებელია არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი კანონი, თავისუფლება“ განცხადებაც, სადაც განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები არაჯანსაღადაა შეფასებული. აქ განსაკუთრებით საუბარია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, უნდა მომხდარიყო მასწავლებელთა 4 კატეგორიად („მენტორი მასწავლებელი“, „მკვლევარ-მასწავლებელი“, „წარჩინებული მასწავლებელი“, „პრაქტიკოსი მასწავლებელი“) დაყოფა.

მართალია, კანონპროექტი პარლამენტმა სათანადო არგუმენტების არქონის გამო დაიწუნა, მაგრამ ამან დამატებითი კითხვა გააჩინა - რასთან გვაქვს საქმე: არაკომპეტენტურობასთან თუ განათლების სისტემის საბოლოო ნგრევასთან? მითუმეტეს იმ ფონზე, როცა საერთაშორისო კვლევის თანახმად, საქართველო განათლების დონის მიხედვით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა!

ცალკე საუბრის თემაა პედაგოგთა ხელფასები და განათლების მინისტრის ექსკლუზიური უფლება პედაგოგის სტატუსის ერთპიროვნულად შეჩერების თაობაზე...

მართალია, ბ-ნი დავით ფერაძე სოციალურ ქსელში ამაყად გვამცნობს, რომ პედაგოგთა ხელფასების მოწესრიგება დაიძრა მკვდარი წერტილიდან და მინისტრს პედაგოგთა სტატუსის ერთპიროვნულად შეჩერების უფლებაც არ ექნება, მაგრამ ისიც საკითხავია, რამდენად სანდო შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია!..

ერთი სიტყვით, მტკიცება არ უნდა, რომ საქართველოს განათლების სისტემაში შექმნილი სიტუაცია ფრიად სავალალოა - შეიძლება ითქვას, კატასტოფულიც. თუმცა, რა შუაშია ამასთან ქალბატონი თამარ სანიკიძე? აქ მარტო მის არაკომპეტენტურობასთან და ხუშტურებთან გვაქვს საქმე - პრობლემა უფრო ღრმაა და კვალი უფრო მაღალ ეშელონებამდე მიდის!!!

საქმე იმაშია, რომ თამარ სანიკიძე მარტო საკუთარი სურვილით არ მოსულა განათლების მინისტრად. იგი იმ მთავრობის ერთ-ერთი წევრია, რომელი მთავრობაც დღეს მართავს საქართველოს და რომელიც თავიდან ბოლომდეა პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ფაქტია ისიც, რომ არც ერთი მინისტრი დამოუკიდებელ პოლიტიკას არ ატარებს. აქედან გამომდინარე, თამარ სანიკიძე იმ პოლიტიკას ახორციელებს, რა დირექტივაც აქვს მიღებული საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას „ზემოდან“!

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემის ნგრევის დაწყება კახა ლომაიას სახელს უკავშირდება, ის მთლიანად ჯდებოდა წინა ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაში. უბრალოდ, კარგი შემსრულებელი იყო.

ასეა დღესაც - თამარ სანიკიძე ირაკლი ღარიბაშვილის (მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილის კანდიდატურაა) რჩეულია, რომელიც მან მემკვიდრეობით ივანიშვილისგან მიიღო.

აქედან გამომდინარე, კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ განათლების სისტემას საბოლოოდ თამარ სანიკიძე ანაგრევს - სისტემას ანგრევს ის, ვინც სანიკიძე დაგვისვა მინისტრად და ასეთი ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების გატარების უფლება მისცა!

დიახ, დიახ, რა შუაშია განათლების სისტემის ნგრევასთან თამარ სანიკიძე?!

                                        ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: