როდის ავირჩიოთ ახალი პრეზიდენტი?

როდის ავირჩიოთ ახალი პრეზიდენტი?

საპრეზიდენტო ვადებთან არსებულ გაუგებრობებზე "ივერიონი" კონსტიტუციონალისტ გია მეფარიშვილს ესაუბრა. ის მიიჩნევს, რომ თუ პრობლემა დროზე არ გადაიჭრა ეს არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ პოლიტიკურ პრობლემებსაც შექმნის.


- ბატონო გია, როგორც კონსტიტუციონალისტი, როგორ შეაფასებთ საპრეზიდენტო ვადებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო გაუგებრობას. რასთან გვაქვს საქმე, რატომ გაჩნდა ეს პრობლემა?


- ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობისას, მოხდა ძალიან სერიოზულ დარღვევა, სერიოზული ფაქტორები ვერ გაითვალისწინებს და  ამან პრობლემებიც შექმნა. სხვათაშორის, ეს პრობლემები არა მხოლოდ კანონიერი, არამედ პოლიტიკურიცაა. ამ  საკითხის  გადაწყვეტა  მწვავე იქნება. მიუხედავად ამისა, ეს საჩოთირო საკითხი დროულად უნდა გადაწყდეს.


საქართველოს პრეზიდენტი არჩეულია 5 წლით. მას  უფლებამოსილება 2013 წლის 5 იანვარს ეწურება, მან ფიცი დადო 20 იანვარს, ანუ მისი პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის  ლეგიტიმური ვადა  5 იანვარს მთავრდება.


- რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს ამ კონსტიტუციური გაუგებრობიდან?


- საკითხი ასე დგას: რა შეიძლება მოვიმოქმედოთ არსებულ სიტუაციაში, როცა ერთია კონსტიტუციაში არსებული დებულება და მეორეა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება ოქტომბერში. ორი წინააღმდეგობრივი ნორმაა და რაღაცა გონივრული გამოსავალი უნდა მოიძებნოს. მე მეჩვენება, რომ ამის გაკეთება  შესაძლებელია, თუ იქნება ნდობა. პირველი გზა, რა თქმა უნდა, ეს არის საკანონმდებლო გზა და ვფიქრობ, რომ ამას პარლამენტი გააკეთებს. ცხადია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამას სიამოვნებით დაუჭერს მხარს საპარლამენტო უმცირესობა და კონსტიტუციურ ცვლილებას მივიღებთ, მაგრამ არის კიდევ ერთი  მიდგომა, რომელზეც სხვათაშორის, არ საუბრობს საზოგადოება, თუმცა მიმაჩნია, რომ ამაზე საუბარი ღირს. ვინაიდან არსებობს ასეთი წინააღმდეგობა, სრულიად შესაძლებელია, რომ განმარტების საქმეში  საკონსტიტუციო სასამართლო ჩაერთოს. საკონსტიტუციო  სასამართლოს დღვანდელი უფლებამოსილების ფარგლებში, გააჩნია უფლება გააკეთოს შესაბამისი განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა მეშინია, რომ თუ გადაწყვეტილება სწრაფად არ იქნა მიღებული და არ გადაწყდა კონსტიტუციით არსებულ ფარგლებში, მან შეიძლება პოლიტიკური ხასიათი მიიღოს.


- როგორც თქვენ აღნიშნეთ, იანვარში პრეზიდენტს ლეგიტიმური ვადა ეწურება. ანუ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ოქტომბრამდე "უკანონო" პრეზიდენტი გვეყოლება?


- მთლად ესეც ნუ ვიტყვით, უბრალოდ იწურება უფლებამოსილების ვადა. საქართველოს კონსტიტუციაში წერია ასეთი დებულება, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა არის 5 წელი. ერთადერთი საფუძველი ამ ვადის გაგრძელებისა არის არჩევნების არჩატარება, ისიც ორ შემთხვევაში: საგანგებო სიტუაციასა და საომარი მდგომარეობისას. ვადის გაგრძელების სხვა შესაძლებლობას ჩვენი კონსტიტუცია არ ითვალისწინებს.


საქართველოს დღევანდელ  კონსტიტუციაში არსებობს ძალიან უხერხული ჩანაწერი, რომელიც შემთხვევითი არ არის. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს ხელისუფლების უკანონო  გადაცილებას, რასაც ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ აუცილებელია, ყველამ ვიფიქროთ აქედან გამოსავალის ძებნაზე. ამ სიტუაციაში არსებობს ერთი -საკანანომდებლო გზა და მეორე - ჩაერთოს ამაში საზოგადოება.


- რეალურად, რა ცვლილება შეიძლება მოგვცეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებულმა განმარტებამ, ანუ მას შეუძლია ეს ვადა შეცვალოს?...


- წინააღმდეგობის საკითხი, სისტემური საკითხი უნდა მოხსნან,თუ მიმართვის სუბიექტი პარლამენტი იქნება,  მათ შეუძლიათ  და ვალდებულნიც არიან თქვან   როგორი იქნება არსებული კონსტიტუციის განმარტება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს და მე, როგორც, თავის დროზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვთვლი, რომ ამ მიმართულებით ღირს განხილვა.


- როგორც ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, ნებისმიერი ცვლილების განხორციელება კონსტიტუციაში "წყალში ჩაყრის 2009-2010 წლებში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს"...


- ყველას თავისი  მოსაზრება გააჩნია და ყველა ადამიანის მოსაზრებას უნდა ვცეთ პატივი. ერთი ბედნიერება, რაც ამ კონსტიტუციით გვაქვს, ის არის, რომ ჩვენ არ ვართ შეზღუდული საკუთარ გამოთქმებში. მოსაზრება, რომელიც მე მოგახსენეთ, ეს არის ჩემი პირადი აზრი და რა თქმა უნდა, იქნება განსხვავებულიც.


პოლიტიკოსები იმისთვის არ ხდებიან პოლიტიკოსები, რომ საპარლამენტო უფლებებზე ისუბრონ. მათ კეთილი ინებონ, დასხდნენ და  ოპტიმალური გამოსავალი მოიფიქრონ. რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ახლა შეფასებებზე თუ წავალთ და ვიტყვით, რომ ეს არის არაჩვეულებრივი, ეს არის გადასარევი და ეს ასე უნდა იყოს და ოქტომბრამდე არჩევნები არ უნდა ჩავატაროთ, ძალიან ბევრი კითხვა რჩება და ეს კითხვები არ არის მარტო სამართლებრივი და მას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს.


ვშიშობ,  თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება არ მიიღებს  შესაბამის გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება არ ჩაჯდება  კონსტიტუციისა და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, ამ პრობლემას შეიძლება გარკვეული გართულებები მოჰყვეს, რაც არ არის საჭირო ისედაც სუსტი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.


ესაუბრა ნინო ქოჩიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: