Iverioni
«    სექტემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
31-10-2014, 12:47
ნანახია: 2163

დემურ გიორხელიძე: თუ ამ ხელისუფლებამ თავისი „მოკლული ძაღლი“ არ გადაათრია, თვითონ მას „გადაათრევენ“!

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე „ივერიონთან“  საქართველოში არსებულ უმუშევრობაზე,  ნავთობპროდუქტების ,,გაყინულ“ ფასებზე, მინისტრთა კეთილმოწყობილ ყოფა-ცხოვრებასა და 15 ნოემბრის ე.წ. ,,ნაციონალურ აქციაზე“ საუბრობს.


- მოძველებული ამბავია, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასმა იკლო. იგრძნობა თუ არა ეს საქართველოში?
- არა, ის ფასი, რომელიც ახლა არის საქართველოში ნავთობპროდუქტებზე , არ შეესაბამება მსოფლიოში ნავთობის ფასზე პრაქტიკულ ვარდნას! მაგრამ ეს არ უნდა გვიკვირდეს - ეს საქართველოა! აქ ხალხის ძარცვის კარგად დამუშავებული მექანიზმი მოქმედებს, აწყობილი და უწყვეტად მომუშავე. ხელისუფლებების ცვლილება არ ცვლის დამოკიდებულებას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბუნებრივ აირზე (გაზზე) ფასი მიბმულია ნავთობის ფასზე (სპეციალური ფორმულით), - გასაგები უნდა იყოს, რომ საქართველოში ჯერ არაფერი იგრძნობა!


- რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოში უმუშევრობა ტოტალურად იზრდება. ხომ არ იზოგება თანხები, რომელიც რაღაც უკეთეს საქმეს ხმარდება, ვიდრე მოსახლეობის დასაქმებაა?

- არა, თანხების დაზოგვა არაფერ შუაშია. შეუძლებელია დასაქმების უზრუნველყოფა საბიუჯეტო დაფინანსების ხარჯზე... საქართველოში, სახელმწიფო სექტორში, ისედაც აუცილებელია სახელმწიფო მოხელეთა რიცხვის ოპტიმიზირება, - საჭიროა კვალიფიციური და ეფექტური მოხელეები და არა ის რაოდენობა, რომელიც არის!
უმუშევრობა იმიტომ იზრდება, რომ ხელისუფლებებს, უკვე ორი ათეული წელია, არ ესმით მთავარი - მთელს მსოფლიოში დასაქმებას და ადამიანისთვის მისაღებ შემოსავლებს უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც საქართველოში უყურადღებოდ არის მიტოვებული და დანაშაულებრივად შევიწროებულია, დღესაც კი... მსოფლიოში სტატისტიკა ასეთია: 10 შექმნილი სამუშაო ადგილიდან, 8 სამუშაო ადგილი მცირე და საშუალო ბიზნესში იქმნება; წამყვანი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში, მთლიან შიდა პროდუქტის უმეტეს ნაწილს, მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის მისი მასიურობის და განვითარების გამო, საქართველოში კი... უმნიშვნელოა მათი წვლილი. აქ ე.წ. „დიდი ფირმები“, ხელისუფლების მიერ ხელდასმული მონოპოლისტური ჯგუფები ბატონობენ და სწორედ ამიტომაა ტოტალური უმუშევრობა და დაქცეული ეკონომიკა!


- როგორ მიიღო საზოგადოებამ ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მობილური ტელეფონი ზოგიერთ ტრაქტორზე ძვირია?
- „უნახავმა რა ნახაო“-ს ვარიანტია, - ხელისუფლების ძალიან მცდარი და ზიანისმომტანი საკადრო პოლიტიკის შედეგია... ხალხმა ცუდად მიიღო ეს ფაქტიც და პრემიებისადმი ჩვენი ე.წ. მაღალჩინოსნების სიხარბე და თავშეუკავებელი ლტოლვა!..
უყაირათოდ და ჩინოვნიკების კეთილდღეობასა და ფუფუნებაზე დახარჯული თანხები რომ დათვალოთ, - თმები ყალყზე დაგიდგებათ.... სამწუხაროდ, მოსპეს და გაანადგურეს კონტროლის პალატა, რომ სახელმწიფო სახსრების კონტროლი არ განეხორციელებინა კონსტიტუციური სტატუსის მქონე უმაღლეს მაკონტროლებელ ორგანოს - ეს წინა ხელისუფლებას არ აწყობდა და ახლაც გრძელდება ეს დამოკიდებულება... შექმნეს რაღაც უსიცოცხლო და უუნარო სამსახური, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჰქვია და მისი არსებობა, მგონი, მისი თანამშრომლების მეტმა არავინ იცის...

ასე იცის უკონტროლობამ, - უმაღლესი თანამდებობის ჩინოვნიკი-მინისტრი უშიშრად ყიდულობს ძვირადღირებულ ტელეფონს... იცით რატომ? მას ამ თანამდებობაზე შრომით და გარჯით არ მიუღწევია! ამ თანამდებობაზე იგი „მუქთად“ მოხვდა, - უშრომელად, ვიღაცის წყალობით და ამიტომ ჰკიდია მასაც და სხვებსაც ხალხის დამოკიდებულება ცალ ფეხზე, - მთავარია „ის“ მფარველ-მარჩენალი ჰყავდეთ კარგად და...

- როგორ დააიმედებთ სამსახურის მაძიებლებს, დასაქმდებიან თუ არა  ისინი  მერიებსა და გამგეობებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე პროტექტორების დახმარების გარეშე?
-  თუ ამ ორწლიან პრაქტიკას გადავხედავთ (არაფერს ვამბობ იმ 9-წლიან შავბნელ პერიოდზე, წინა ხელისუფლებას ვგულისხმობ), თავისუფალი ღია და გამჭვირვალე კონკურსები პრაქტიკულად გამორიცხულია... იქ, სადაც ნეპოტიზმი და პარტიული ერთგულების ნიშნით ურთიერთობები დომინირებს, ამ ჩაკეტილი სისტემების გარეთ მყოფ ადამიანებს საკუთარი კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობის დაკავების ნაკლები შანსი აქვთ...


-15 ნოემბერს ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია არის თუ არა რუსულ-აფხაზური თემით პოლიტიკური მანიპულირება  (ისინი რუსულ-აფხაზურ სამოკავშირეო დოკუმენტის შესაძლო გაფორმებას აპროტესტებენ)?
- ცხადია, ეს ყოფილების პროვოკაციული აქციაა. პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერების დაუკვირვებელმა და დანაშაულებრივმა საქციელმა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა გამოიწვია, - დღეს ამ თემით სპეკულირებდეს, შეიძლება სასაცილოც კი იყოს, მაგრამ სიტუაცია სულაც არ არის სასაცილო, - პირიქით, - საშიშია! ვნახოთ, მთავრობა როგორ გაართმევს თავს 15 ნოემბერს...
სწორედ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მთავრობის უდიდესმა შეცდომამ დააყენა ეს პროვოკაციული ძალა (,,ნაციონალური მოძრაობა“  მყავს მხედველობაში) ფეხზე, გააძლიერა და მოუმზადა ნიადაგი ასეთი აგრესიული განცხადებებისა და ქმედებებისათვის... ახლა, რომ იტყვიან, - „ძაღლი ვინც მოკლა, იმან გადაათრიოსო“, თუ არადა, ეს ხელისუფლება ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს, თვითონ მას „გადაათრევენ“ და ეს უდიდეს პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას. მაშინ  რა მოხდება, რა დაპირისპირებები განვითარდება ქვეყანაში, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს...


- რამდენიმე პარტიას ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადეგმილ აქციაში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდა. თქვენი აზრით,  ისინი ნამდვილი ეროვნული საქმისთვის იბრძვიან?
- ისინი, ძირითადად, მარიონეტული სატელიტი პარტიებია და მათი „პოლიტიკური აქტივობა“ მათი პატრონების დაკვეთაზეა დამოკიდებული... მათ სახელად ჰქვიათ პარტიები, თორემ ხალხში ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ! მოკლედ, ეს დოღი საქართველოში - დოღი ქართველი ხალხის „დაბოლებისა“ და დაცინვისა - გრძელდება და ამას, ჯერ-ჯერობით, ჩვენი ხალხი მშვიდად ეგუება. ეს კი ძალიან ცუდია.


- რა პოლიტიკური ვითარებაა დღეს საქართველო-,,დასავლეთსა“  და საქართველო-რუსეთს შორის. შეგიძლიათ თქვათ, რომ რომელიმე პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით ყინული დაძრულია?

- არა, არ ასებობს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ერთი საკითხიც კი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტის სტადიაშია ანდა იგრძნობა პროგრესი მათი გადაწყვეტის საქმეში.


- ჩამოგვითვალეთ ის რამდენიმე პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც, თუნდაც ხვალიდან,  საქართველომ თავისი უკეთესი მომავლისათვის უნდა გადადგას.

•    პოლიტიკური სისტემის ფორმირება;
•    ახალი კონსტიტუციის მიღება, რომელიც ასახავს საქართველოს რეალობას და არ იქნება უზროდ კალკირებული ანდა ისეთი უაზრო კომპილიაციის შედეგი, როგორც „ნაცმოძრაობის“ მიერ მიღებული, დღეს მოქმედი კონსტიტუციაა;
•    ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა და უარის თქმა ამ ბოლშევიკებიდან მომდინარე დარაიონების სისტემაზე (ამჟამად რომ მუნიციპალიტეტები უწოდეს, თითქოს ეს ცვლის არსს);
•    პოლიტიკაში საერთო „თამაშის წესებზე“ შეთანხმება პარტიებს შორის, -
ეს კი მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმდება მთავარზე: როგორი საქართველო გვინდა ჩვენ, რა არის ხელშეუხებელი სახელმწიფოში; შეთანხმება მომავალზე: რა არის განვითარება, როგორი იქნება დამოკიდებულება ქართული თვითმყოფადობისადმი, კულტურისადმი, ენისადმი, ხალხისადმი... თუ ჩვენ საერთო მიზნებში შევთანხმდებით, მერე ამ შეთანხმების ფარგლებში იმოძრავენებ პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად შეხედულებათა სხვაობისა, - ანუ: ჩარჩო-შეთანხმება იქნება ის წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთა პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნება ნებისმიერი დარღვევისთვის.

სანამ ეს ჩარჩო-შეხედულებები არ ჩამოყალიბდება და არ შეთანხმდება, ვიქნებით იმ ნაგავში, რომელშიც ჩაეფლო მთელი ქვეყანად. სწორედ ამიტომაა შეუთავსებლობა და შეურიგებლობა ქვეყანაში, სწორედ ამიტომაა, რომ ბოლშევიკური სისასტიკით და ზიზღით ესაუბრება საზოგადოების ერთი ნაწილი მეორეს... ანუ, თუ ასე გაგრძელდება,  წინ ისევ ქაოსი გველოდება და, საბოლოოდ, - კონტროლის სრული დაკარგვა ამ ქვეყანაზე... გვინდა ეს?

თუ არ გვინდა, გონიერებას მოვუხმოთ და ლაგამაშვებული ე.წ. პოლიტიკოსები თავის ადგილზე უნდა დააყენოს ხალხმა, - შედეგზე ორიენტირებული ქმედებები მოითხოვოს...

                                                               ესაუბრა ია ჯღარკავა