ვახტანგ ძაბირაძე: ,, ან მინისტრის გამგზავრებამდე დაეპატიმრებინათ ისინი, ან მის ჩამოსვლას უნდა დალოდებოდნენ!

ვახტანგ ძაბირაძე: ,, ან მინისტრის გამგზავრებამდე დაეპატიმრებინათ ისინი, ან მის ჩამოსვლას უნდა დალოდებოდნენ!

-ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გამოყენებულ ვეტოს უფლებას. მან ამით პარლამენტსა და მთავრობას საკუთარი ძალა ზედმეტად ხომ არ აგრძნობინა?

-გასული კვირა ამ მხრივ მეტად საინტერესო იყო. პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო სწორი და დემოკრატიული. უბრალოდ, ეს ფაქტი საზოგადოებამ აღიქვა უცნაურად- უცხო ხილად, ხოლო პრემიერმა ღარიბაშვილმა პრეზიდენტის საქციელს უწოდა დემოკრატიული, თუმცა დასძინა, რომ თვითონ  ასე არ მოიქცეოდა.
,,კანონი მოსმენების შესახებ" მხოლოდ კანონად რომ არ დარჩეს, თვითნებური მოსმენების აღსაკვეთად, საჭიროა შემუშავდეს მეთოდები, რათა  შსს -მ ვერ შეძლოს უკანონო მოსმენა (რისი უკანონოდ განხორციელებაც შეუძლია). მან ამის უფლება სასამართლოს დადენილებით უნდა გამოითხოვოს.
-თქვენი აზრით, ხომ არ მწიფდება კოალიცია ,,ქართული ოცნების" დაშლისა და პრემიერ ღარიბაშვილის შესუსტების პროცესი?
-არანაირი შესუსტება, თუმცა მომავალი ორი წელი ,,ქართული ოცნებისთვის" გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე გასული ორი წელი იყო. ამ კოალიციაში ფრაქციული პოზიციები მკაფიოდ  უნდა დააფიქსირონ, რათა მერე არ დაიწყონ: ,,არ მითქვამს",  ,,წინააღმდეგი ვიყავი!" თუ ვინმე რაიმეს არ ეთანხმება, უნდა წამოვიდეს და საზოგადოებას ეცოდინება, ვის რა პოზიცია უკავია ამა თუ იმ საკითხის მიმართ.
-დიდი ურზაურია ატეხილი თავდაცვის სამინისტროს გარშემო. რაზე მიუთითებს ის ფაქტი,  რომ იქ ე.წ. მაკომპრომატირებელ მასალას ხელისუფლება მინისტრ ირაკლი ალასანიას საქართველოში არყოფნის დროს პოულობს?
ის, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები მინისტრ ალასანიას საფრანგეთსა და გერმანიაში საქართველოსთვის სერიოზული და სასიკეთო შეხვედრების დროს დააპატიმრეს, არასასიამოვნო ფაქტია. პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს, რა აუცილებლობას წარმოადგენდა ამ ქმედების ასე სწრაფად განხორციელება - ან მინისტრის გამგზავრებამდე დაეპატიმრებინათ ისინი, ან მის ჩამოსვლას დალოდებოდნენ, ქვეყანა ხომ არ ინგრეოდა?!
პროკურატურა ისე იქცევა, თითქოს იზოლირებულ გარემოში ცხოვრობდეს. ყველამ იცის, რომ ეს პროცესი პოლიტიკურია, უფრო სწორად, ეს ფაქტი პოლიტიკური სკანდალია, როცა თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი მხილებულია, ბრალდებულია თუ ეჭვიმიტანილია კორუფციაში. ეს მინისტრსაც ცუდ ფონს უქმნის და სახელმწიფოსაც.
-თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის კორუფციაში მხილება ალასანიას ,,ჩაძირვას" ემსახურება თუ ის კიდევ ერთხელ გამოიწვიეს მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა?
-ჯერ ერთი, ამით ალასანიას თუ უთხრის ვინმე ძირს, ისიც უნდა იცოდეს, რომ ეს ფაქტი არც საქართველოს იმიჯზე იმოქმედებს დადებითად.
მეორე, ჩვენ ბევრი ხმაურიანი დაპატიმრების შესახებ გვსმენია, რომელთა გამოძიების შემდეგ, მინისტრი უდანაშაულო აღმოჩენილა.  ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას.
-ვეტოს უფლების გამოყენების დემონსტრირებით, გაიზარდა პრეზიდენტ მარგველაშვილის რეიტინგი თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ წინასწარშეთანხმებული თამაშია?
-არ მგონია, ეს თამაში ყოფილიყო. უბრალოდ, ასეთ რამეს საზოგადოება მიჩვეული არ არის. ეს ფაქტი სამ უწყებაში  ომის დაწყების წინაპირობა კი არა, არამედ მარგველაშვილის, ღარიბაშვილისა და უსუფაშვილის მიერ დემოკრატიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს! 
რაც შეეხება პრეზიდენტის რეიტინგს, ასეთი მომენტალური ძვრები და ერთი ქმედითი ნაბიჯი მის რეიტინგს არ გაზრდის, ჯერ-ჯერობით, ეს არასტაბილური რეიტინგია!..

                                        ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: