ფარული გარიგება თუ „გუნდური“ პრინციპების ღალატი?!

ფარული გარიგება თუ „გუნდური“ პრინციპების ღალატი?!

„მანამ მე მაქვს სახელმწიფოსთვის მუშაობის სრული თავისუფლება, მე და ჩემი გუნდი ვრჩებით იუსტიციის სამინისტროს სათავეში და ვაგრძელებთ მუშაობას სახელმწიფოსთვის“  - ეს სიტყვები იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომელიც მან საგანგებო ბრიფინგზე გამოსვლისას გააჟღერა.

წულუკიანმა ცივი წყალი გადაასხა ზოგიერთის მოლოდინს, რომ იგი ალასანია-პეტრიაშვილ-ფანჯიკიძეს დემონსტრაციულად უკან გაედევნებოდა და „გუნდური“ პრინციპებისადმი ერთგულებას საკუთარ ჩინოვნიკურ კომფორტზე მაღლა დააყენებდა.

ძნელი სათქმელია რამ იმძლავრა მასში - სახელმწიფოსადმი სახელმწიფოებრივმა დამოკიდებულებამ თუ ცოტა „წინ გაიხედა“, მაგრამ მისი ამჟამინდელი არჩევანი აშკარად საღი გადაწყვეტილების შთაბეჭდილებას ტოვებს!

სხვათაშორის, მან ასევე საღი პოზიცია დაიკავა ჯერ კიდევ ივანიშვილის პრემიერობის პერიოდშიც, როცა თავის თანაგუნდელს და ასევე პარტიულ ლიდერს ირაკლი ალასანიას უნებლიედ „შეეშალა“. წულუკიანმა მაშინ ივანიშვილის რეაქციას ობიექტური შეფასება მისცა და თანაგუნდელს საქციელი დაუწუნა.

ასევე ძნელი სათქმელია, საერთოდ გაემიჯნა თუ არა იგი ირაკლი ალასანიას და რა პოზიციას დაიკავებს „თავისუფალი დემოკრატების“ ახალი პარტიული სტრატეგიის ფორმირებისას, მაგრამ ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება - წულუკიანი სერიოზულ გადაწყვეტილებას ემოციურ ფონზე არ იღებს, რაც მას, როგორც სახელმწიფო მოხელეს დადებით რანგში წარმოაჩენს!

თუმცა, ვერც იმას გამოვრიცხავ, არსებობს თუ არა ფარული შეთანხმება ალასანია-წულუკიანს შორის და რამდენად სჭირდება იგი თავის პარტიულ ბოსს დღევანდელ მთავრობაში.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის გულისამაჩუყებელ განცხადებას: „ბედმა გამიღიმა და მოვხვდი ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებთანაც მქონდა, მაქვს და მექნება ერთიანი დასავლური ღირებულებები“ - ამით მან „კოჭი გაუგორა“ ივანიშვილს და ღარიბაშვილს და ერთხელ კიდევ „დაადასტურა“ დღევანდელი ხელისუფლების „ევროპული არჩევანი“ .

შესანიშნავი დიპლომატიაა - სწორება წულუკიანისკენ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: