საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობასა და პარლამენტს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობასა და პარლამენტს მიმართავს

   პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს პარლამენტს, რომ უახლოეს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ჩანიშნოს.


  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავით პატარაიას თქმით, კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, პრეზიდენტი უფლებამოსილია, მიმართოს ხალხს და პარლამენტს.


  მისივე თქმით, ამ შემთხვევაში არ იგულისხმება სახელმწიფო მეთაურის ყოველწლიური მოხსენება.


  "პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების შესაბამისად, უახლოეს დღეებში ოფიციალურად მივმართავთ პარლამენტს თხოვნით, რომელიმე პლენარული სხდომის დღის წესრიგში პარლამენტისადმი პრეზიდენტის მიმართვა გაითვალისწინოს. აქ არ არის საუბარი ყოველწლიურ მოხსენებაზე. მისი პროცედურები რეგულირდება და ეს წელიწადში ერთხელ, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ხდება. გიორგი მარგველაშვილის მიერ მოთხოვნილი მიმართვა წარმოადგენს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებას. შესაძლოა, ეს უფლებამოსილებები პარლამენტის რეგლამენტში პირდაპირ არაა გაწერილი, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ბიურო ის ორგანოა, რომელიც პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის შედგენისა და ნებისმიერი საკითხის დღის წესრიგში ჩასმას წყვეტს. ჩვენ პარლამენტს ოფიციალური წერილით უახლოეს დღეებში მივმართავთ", - განაცხადა დავით პატარაიამ.

  რაც შეეხება მთავრობასთან დაკავშირებულ განცხადებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტი უფლებამოსილია, მთავრობას მოთხოვნით მიმართოს, რომ მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ცალკეული საკითხი გაითვალისწინოს.

  "ამ საკითხების განხილვას ესწრება თავად პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს წევრები. სწორედ ეს იყო გაცხადებული პრეზიდენტის მიერ გუშინ, გვიან ღამით და წერილობითი მოთხოვნა ამის თაობაზე მთავრობას უახლოეს დღეებში გაეგზავნება, რათა უახლოესი ერთ-ერთი მთავრობის სხდომის დღის წესრიგში პრეზიდენტის მიერ დასმული საკითხი იქნას გათვალისწინებული", - განაცხადა პატარაიამ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: