მრავალშვილიან ოჯახებს გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ

მრავალშვილიან ოჯახებს  გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ

 ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველი გია ბენაშვილი ოქროყანაში, №119 აგარაკზე მცხოვრები თათული და გიორგი წიკლაურების მრავალშვილიან ოჯახს ეწვივნენ.
 გასულ ზამთარს ოჯახის დავალიანებამ 565 ლარს მიაღწია. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინიციატივით მრავალშვილიან ოჯახს გაზმომარაგება უკვე აღუდგა, ხოლო დაგროვილ დავალიანებას ისინი ეტაპობრივად თვეში 10-10 ლარობით დაფარავენ.
  სოციალური დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 2000-მდე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" 2014 წლის 24 ოქტომბერს სოციალურად დაუცველი, დევნილი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მიზნით შემუშავებული გეგმის თანახმად, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტებს, სადაც ოთხი და მეტი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, ზამთრის პერიოდში გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ,  ხოლო დაგროვილ დავალიანებას ეტაპობრივად დაფარავენ.
  ამ ინიციატივას დედაქალაქის მასშტაბით უკვე გამოეხმაურა ასზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახი. მათ უკვე გაიარეს შესაბამისი რეგისტრაცია შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" რაიონულ ბიზნესცენტრებში, სადაც მათ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განწილვადების განსაკუთრებული პირობები შესთავაზეს. ყველა შემთხვევაში კომპანიამ დაუყოვნებლივ აღადგინა გადაუხდელობის მიზეზით შეწყვეტილი გაზმომარაგება.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კომპანია მრავალშვილიანი ოჯახების, ისევე როგორც სოციალურად დაუცველი აბონენტების პატრონაჟს მუდმივად გააგრძელებს. აბონენტებს, რომელთაც ეჭვი ეპარებათ მათ ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობლების ან გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების გამართულობაში, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად შეუძლიათ დარეკონ კომპანიის ბიზნესცენტრებში და კვალიფიციური სპეციალისტები მათ უსასყიდლოდ შეუმოწმებენ გაზის დანადგარებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: