თამაზ ელიზბარაშვილი:-"მე არა ვარ ისეთი სუსტი ადამიანი, ვინც უსამართლობას წინ ვერ დაუდგება!"

თამაზ ელიზბარაშვილი:-"მე არა ვარ ისეთი სუსტი ადამიანი, ვინც უსამართლობას წინ ვერ დაუდგება!"

   თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, ის სისასტიკე რაც მან საკრებულოში ნახა, მხოლოდ გლდანის ციხეში აქვს ნანახი. ბიზნესმენი დანებებას არ აპირებს და როგორც თავად აღნიშნავს, "საკრებულოს ყურის აწევის პრინციპს არ შეუშინდება".

   -"პირველ რიგში მინდა განვმარტო რა არის თავშესაფარი. ყველას ჰგონია, რომ ეს არის ადგილი, სადაც შეუძლიათ მოიყვანონ პატრონისგან უარყოფილი ცხოველები, ან მაწანწალა ძაღლები, აქ 24 საათის განმავლობაში ხდება არა მარტო ძაღლების მიღება, არამედ სხვა ცხოველებისაც და მერე მათი გაშუქება. თავშესაფარი არის ადამიანის სისასტიკის ამსახველი სარკე, მე მინდა დავანახო ადამიანებს, რომ არ შეიძლება მუდმივად ამ სისასტიკეში ცხოვრება. მე ყველა ქვეყნის თავშესაფარში ვარ ნამყოფი და ვხედავ, როგორ მიდიან იქ ოჯახები, მიჰყავთ ბავშვები და პატარაობიდანვე ასწავლიან ცხოველის სიყვარულს, რითიც აღვივებენ ღმერთისგან ჩადებულ სიკეთის მარცვალს.

 სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ თავშესაფრის გაკეთება. ვიყიდე 2000 კვადრატული მეტრი და გავხსენით თავშესაფარი, მაგრამ აქ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი დადის, სადღაც 5%. აივნიდან ხდება ძაღლების დათვალიერება, რაც იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანებმა ამ ცხოველების ნაღვლიანი თვალები ნახონ.

  არ შეიძლება ლეკვი, რომელსაც პატარაობისას უვლი, ეთამაშები და ანებივრებ, არ შეიძლება მოხუცებულობის დროს მოიძულო და ჩააბარო, ამას ნახავს ბავშვი და ასევე მოგექცევა შენ.

 დღეს 300 ძაღლი და 8 დათვია თავშესაფარში. დათვებიც სისასტიკის მსხვერპლნი არიან, გარემოს დაცვის სამინისტრომ მთხოვა მათი მიღება და დავუდექი გვერდით სახელმწიფოს.

   მე არავისი დახმარება არ მჭირდება, უბრალოდ პრობლემა იმ ხალხშია, რომლებმაც საკრებულოში  შეუსწავლელად დაიწყეს ამ საქმის განხილვა.

 მე მითხრეს, რომ საჩივარიაო შემოსული თავშესაფარზე და ითხოვეს დათვალიერება, მაგრამ მოხდა საოცრება -  გადაიღეს გარეთ მიმდებარე ტერიტორია, შიგნით არც კი შემოსულან და არც ჩვენ შეგვხვედრიან, შეხვდნენ მხოლოდ მომჩივან მხარეს".

   ბიზნესმენის განცხადებით, სწორედ იმ ადამიანს, რომელმაც იჩივლა, არაერთხელ დაეხმარა თანხით და თავად გაუკეთა ფანჯრები. 

   -"აი, ამ ადამიანმა ყოველთვე მახდევინა მისთვის ფული, მაგრამ 2014 წელს აღარ მივეცი მოთხოვნილი 1000 ლარი და დაიწყო ჩივილი. მერე აიყოლია მეორე ოჯახი. აქ 8 ოჯახია და მხოლოდ ეს ორი ოჯახი ჩივის და ესეც იმიტომ, რომ ახლა ნახეს,  აქვე ვაშენებ კინოდარბაზს ბავშვებისთვის, სადაც ისევ ცხოველებზე იქნება ფილმების გაშვება და თან უფასოდ, მომავალი თაობისთვის და მათ უნდათ რაიმე გამორჩენა ნახონ".

   P.S. მომჩივანი მხარე აცხადებს, რომ თუ საკრებულომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაშინ თავშესაფრის და თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში შეიტანენ.

   ქეთი მიქაძე

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: