მთავარი პროკურატურა - ჩვენება №3

მთავარი პროკურატურა - ჩვენება №3

საქართველოს მთავარი პროკურატურა  თავდაცვის სამინისტროს იმ ყოფილ თანამშრომელთა ჩვენებებს აქვეყნებს, რომელთა საფუძველზეც დაკავებულნი არიან თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა.

 მოწმის პირადი მონაცემები ტექსტში მითითებული არ არის.

"ივერიონი" რიგით მესამე ჩვენების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

საქმის ირგვლივ მოგახსენებთ შემდეგს: საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი 2004 წლიდან. 2011 წლის დაახლოებით სექტემბრის თვიდან ვმსახურობდი მეოთხე ქვეით ბრიგადაში, უფროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდებით. 2011 წლის ოქტომბრის თვეში ზუსტი რიცხვი არ მახსოვს საღამოს საათებში, როდესაც ვიმყოფებოდი ყაზარმაში მოვიდა მეოთხე ბრიგადის G1, მგონი მისი გვარი უნდა იყოს ს. მაგრამ ზუსტად არ მახსოვს. მან მე ბ-ს და ხ-ს გვითხრა რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით თავდაცვის სამინისტროში რადგან გვიბარებდა მინისტრი ბაჩო ახალაია. ჩვენ მე ბ., ხ., და მძღოლი ერთი სამხედრო მანქანით დაახლოებით ნახევარ საათში მივედით თავდაცვის სამინისტროში. ამ დროისათვის არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცოდით თუ რატომ გვიბარებდნენ. სამინისტროს შენობის პირველ სართულზე ჩვენ დაგვხვდა მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურა შამათავა. მივესალმეთ თუმცა მას ჩვენთვის პასუხი არ გაუცია და ლიფტით აგვიყვანა მეხუთე სართულზე მინისტრის კაბინეტთან. იქ დაგვხვა რამოდენი სამხედრო მოსამსახურე, რომლები ვერ ვიხსენებ, საბოლოოდ მინისტრის კაბინეტთან თავი მოვიყარეთ მე, ხ., ბ., რ., კ, და გ. ამის შემდეგ დაიწყეს მინისტრის კაბინეტში ჩვენი შეყვანა სათითაოდ, პირველი ვინ შეიყვანეს ზუსტად არ მახსოვს მაგრა ერთ-ერთი პირველი რომ იყო ბ. ვიცი. ჩემს წინ შეიყვანეს ხ., ამ დროს გამოვიდა გიგი კალანდაძე და სამხედრო პოლიციელებს უთხრა რომ ამოეტანათ ბორკილები. მალე გამოიყვანეს ხ. ბორკილებდადებული და შეიყვანეს გვერდით ოთახში. ამის შემდეგ მინისტრის ოთახში შემიყვანეს მე, სადაც ბევრი ადამიანი იჯდა. ყველას ვერ ვიხსენებ, მათ შორის შემიძლია დავასახელო მინისტრი ბაჩო ახალაია, ბატალიონის მეთაური ი. ს. მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურა შამათავა, ასევე იქ იდგა ბ-ც  მე დამსვეს მინისტრის სამუშაო მაგიდის წინ, მომიახლოვდა მინისტრი ბაჩო ახალაია და მითხრა: ბიჭო დროზე მოყევი, სად და რა უნდა დაგელიათ და რა უნდა გაგეკეთებინათ, რაზეც მე ვუპასუხე, რომ მე ფეხის ტკივილის გამო არ ვსვავდი კარგა ხანია და ამის გამო ჰოსპიტალშიც ვიყავი. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ მან უბრძანა გავეყვანე. სამინისტროში ვიყავით დაახლოებით ერთი საათიდან საათნახევრამდე. მე გამომიყვანა ორმა სამხედრო პოლიციელმა და ჩამიყვანეს ქვემოთ სხვა ჯარისკაცებიდან განცალკევებით ჩამსვეს სამხედრო პოლიციის მანქანაში და წაგვიყვანეს ვაზიანში მეოთხე ბრიგადაში. მეოთხე ქვეით ბრიგადაში ყველანი შეგვიყვანეს მეოთხე ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთ დიდ ოთახში, სადაც დაგვხვდა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობა, ჩემი აზრით ყველანი. ასევე იყვნენ სამინისტროდან და სამხედრო პოლიციიდან სხვადასხვა პირები, რომლებიც იყვნენ სამოქალაქო ფორმაში, მათი სახელები და გვარები არ ვიცი. ნამდვილად შემიძლია დავასახელო მინისტრი ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე, ბრიგადის მეთაური შამათავა,  და ე. ასეულის მეთაური ბ. მ.და სხვა ოფიცრები. ბრიფინგის ოთახში მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ოფიცრებს უთხრა, რომ ჩვენ ვიყავით ის სამხედროები, რომლებიც ერთმანეთში საუბრისას ვაგინებდით ოფიცრებს. მან მოსთხოვა ოფიცრებს ამაზე გამოეთქვათ თავი აზრი, რა დროსაც სიტყვით გამოვიდა რამოდენიმე სამხედრო, მათ შორის მახსოვს ჯ. რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ბრიგადაში გვქონდა ყველაზე საუკეთესო პირობები, რაც ჩვენ ვერ შევირგეთ და ვიმსახურებდით უმკაცრეს დასჯას. ბაჩო ახალაიამ და გიგი კალანდაძემ ამის შემდეგ ჩამოგვიარეს და, როგორც ვითომდა უღირს სამხედრო მოსამსახურეებს აგვახიეს სამხედრო მოსამსახურის ფორმებიდან განმასხვავებელი ნიშნები. ამის შემდეგ ბაჩო ახალაიამ უთხრა გიგი კალანდაძეს ყველანი დავექვეითებინეთ რიგითებამდე და "ვეპახავებინეთ". შემდეგ გვკითხა რომელიმეს რაიმე პრეტენზია გვქონდა თუ არა. ამ დროს  როგორც მახსოვს ვიდექით ხუთი სამხედრო მოსამსახურე - მე, ბ. გ.კ. და ხ.. მხოლოდ კ. გამოთქვა, რომ ჰქონდა პრეტენზია და არ იმუშავებდი დამლაგებლად, რა დროსაც გიგი კალანდაძემ უკნიდან პატარა ბავშვივით ყური აუწია. ასევე ცემა დაუპირა შამათავამაც. ბრიფინგის ოთახში ჩვენ ვიყავით დაახლოებით საათნახევრიდან ორ საათამდე. შემდეგ გაგვიყვანეს გარეთ, მე ჩამსვეს სამხედრო პოლიციის მანქანაში და პირველი გამომიყვანეს ბაზის ტერიტორიიდან, ცოტა ხანში შემაბრუნეს ისევ უკან, რა დროსაც მე მანქანიდან ჩამომიყვანეს და მომიახლოვდა ზურა შამათავა, რომელმაც მე დამარტყა და შემაგინა. ცოტა ხანში ჩვენ წაგვიყვანეს ისევ თავდაცვის სამინისტროში და აგვიყვანეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც გაგვანაწილეს ცალ-ცალკე ოთახებში. კარებთან მცველებად დააყენეს სამხედრო პოლიციის ორ-ორი თანამშრომელი, მე მუდმივად უნდა მეყვირა "გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას". ამ დროს ჩემს მიერ ამ სასჯელის ზუსტად შესრულებას აკონტროლებდა სამხედრო პოლიციის ერთერთი თანამშრომელი, გვარად გ.. ჩემი ასეთი წამება გაგრძელდა ერთ დღე-ღამეზე მეტი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ მქონია ოჯახთან კავშირი, ასევე ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ თუ სად ვიყავი. მე გამომიშვეს პირდაპირ ქუჩაში. სამხედრო ნაწილში მივედი იმავე საღამოს ჩემი პირადი ნივთების და მობილური ტელეფონის წამოსაღებად. თავდაცვის სამინისტროდან გამოშვების შემდეგ, მე დამავალდებულეს არ დამეტოვებინა ქალაქი, ქალაქში ჩემი ყველა მოძრაობა წინასწარ მობილური ტელეფონით შემეტყობინებინა სამხედრო პოლიციის თანამშრომლის ლ. წ-თვის. მე ასევე გარკვეული პერიოდულობით მიბარებდა და მივდიოდი სამხედრო პოლიციაში. მე ასე მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიყავი 2011 წლის ბოლომდე. თუ რა ფორმით, რა საფუძვლით ვარ დათხოვილი შეიარაღებული ძალებიდან ჩემთვის უცნობია, რადგან მე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია არანაირ სამანდატო კომისიაზე, სადაც განხილული იქნებოდა ჩემი საკითხი. ამასთანავე სამხედრო პოლიციაში მე ჩამომართვეს ახსნა-განმარტება, სადაც იძულების ქვეშ მაღიერებინეს ვითომდა მე უნდა შემეტანა სასმელი, დამელია და მომეწყო ბუნტი სამხედრო ნაწილში. მომაწერინეს ხელი ასევე პატაკზე, რომ მე მსურდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლა და არანაირი პრეტენზია არავისთან არ გამაჩნდა. ვადასტურებ, რომ მაშინ არც ჯანმრთელობის მხრივ, არც ოჯახური მდგომარეობის გამო არ მსურდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლა. 

 

თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ შემიძლია აგიღწეროთ ის ადგილები სადაც მე ვყავდი. კერძოდ მინისტრის მისაღებში ავედით ლიფტით, ლიფტის მოპირდაპირე მხარეს დგას საპატიო ყარაული და საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლოები. საპატიო ყარაულის გვერდით არის კიბეები. ლიფტის წინ არის დაახლოებით ოცდაათი-ორმოცი კვადრატული მეტრი ფართობის თავისუფალი ადგილი. სადაც დგას რამოდენიმე სავარძელი, კედლებზე ჰკიდია სახელმწიფო ჯილდოების ნიმუშები. ლიფტიდან მარჯვენა მხარეს არის მინისტრის კაბინეტის მისაღების შესასვლელი. მისაღების შემდეგ შედიხართ მინისტრის კაბინეტში საიდანაც ხელმარცხნივ დგას მინისტრის სამუშაო მაგიდა. სხვა აღწერილობა აღარ მახსოვს, რადგან იმ დროს ვიყავი ძალიან აღელვებული. მეოთხე ბრიგადიდან ჩვენ მიგვიყვანეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, კიბეებით აგვიყვანეს მესამე სართულზე, შესასვლელიდან მარცხენა მხარეს მდებარეობს საპირფარეშო, ხოლო მარჯვნივ კორიდორის დაახლოებით ნახევარი სიგრძის გავლის შემდეგ არის იატაკი ცოტათი დადაბლებული იქიდან მარჯვნივ მეორე თუ მესამე ოთახში ვყავდი მე, ოთახი იყო პატარა ზომის, სადაც იდგა ორი სამუშაო მაგიდა და სკამები.

 

თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მეოთხე ქვეით ბრიგადაში ეზოში როდესაც ჩაგვიყვანეს ვიდექით ხუთივე ჩვენგანი, კერძოდ, მე, კ. ბ. ხ. და გ.გვაგინებდნენ. 

 

თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ბრიგადაში ოთახში ყოფნისას ბ-ს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, თავში ჩაარტყა პატარა ჯოხი, რომელიც ხელში ეჭირა. დამატებით მოგახსენებთ მე მსურს, რომ კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჩემს სამსახურიდან უკანონოდ გამოგდებაში და მომექცნენ არაადამიანურად. სხვა ჩვენებაზე დასამატებელი ამ ეტაპზე არაფერი მაქვს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: