15 ნოემბერი საქართველოდან მესხების დეპორტირების დღეა

15 ნოემბერი საქართველოდან მესხების დეპორტირების დღეა

   1944 წლის 15 ნოემბერს, სსრკ-ის მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო მკაცრად გასაიდუმლოებული ოპერაციის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც სამცხე-ჯავახეთის 102 სოფლიდან აყარეს და მატარებლის ვაგონებით შუა აზიაში გადაასახლეს120 000-მდე მუსლიმი მესხი.  10 000-ზე მეტი  ადამიანი მატარებლით მგზავრობისას დაიღუპა და როგორც თვითმხილველები ყვებიან, გარდაცვლილებს პირდაპი ვაგონებიდან "ყრიდნენ" .

 

   სსრკ-ს დაშლის შემდგომ, საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო ვალდებულება შეექმნა სამართლებრივი ბაზა გადასახლებული ადამიანების რეპატრიაციისა  და მათი  ინტეგრაციისთვის,  საქართველოს მოქალაქეობაზე უფლების ჩათვლით.

 

   2007 წლის 11 ივლისს მიღებულ იქნა კანონი "ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ".  მიღებული კანონით დადგენილი რეპატრიაციის სისტემა ეფუძნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების პრინციპებს.

 

   ამ კანონის სფუძველზე საქართველოს რეპატრიაციის თხოვნით 5 841-მა სრულწლოვანმა  მიმართა. დღეის მდგომარეობით, რეპატრიანტის სტატუსი მინიჭებული აქვს1 444-ს, ხოლო 173-მა რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირმა  მიიღო საქართველოს პირობადებული მოქალაქეობა. 

 

   2014 წელს საქართველოს მთავრობამ მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა. აღნიშნული სტრატეგიის შექმნა ეს არის ქართული მხარის კეთილი ნება და არა 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აღებული  ვალდებულება.

 

   როგორც სტრატეგიაშია ნათქვამი, რეპატრიანტთა ღირსეული დაბრუნება გულისხმობს რეპატრიანტების მაქსიმალურ ინფორმირებულობას და მათ ახალ სამართლებრივ გარემოში ადაპტირებას. ამ მიზნით განსაზღვრულია რეპატრიანტთა საჭიროებების შესწავლა, რეგიონებში არსებული რესურსების იდენტიფიცირება, რეპატრიანტთა ინფორმირებულობა, აუცილებელი სამართლებრივი თუ საყოფაცხოვრებო საკითხების შესახებ, ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება. 

 

  სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციისთვის აუცილებელია, რეპატრიანტთა მიერ სახელმწიფო ენის ცოდნა, შესაბამისად, მთავრობა გეგმავს მათთვის ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების ორგანიზებასა და სახელმწიფოში არსებული ყველა საგანმანათლებლო რესურსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: