მიხეილ სააკაშვილი:-"ივანიშვილის საქართველო არის ჩუმად და ჩვენი საქართველო კი ხმაურობს"

მიხეილ სააკაშვილი:-"ივანიშვილის საქართველო არის ჩუმად და ჩვენი საქართველო კი ხმაურობს"

   რუსთაველზე აქცია "არა ანექსიას!" ჰიმნით დასრულდა, მანამდე კი აქ შეკრებილ საზოგადოებას უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. სიტყვის დაწყებამდე სააკაშვილმა ქედი მოიხარა კახა ბენდუქიძის, უკრაინაში დაღუპული დავით ყიფიანისა და ყველა იმ ბიჭის ხსოვნის მიმართ, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინასა და საზღვარგარეთ საქართველოს ღირსეულად წარმოადგენენ.

   -"არასდროს ყოფილა ჩვენს წინაშე მდგომი არჩევანი ასე ცხადი. ჩვენ წინაშეა 2 ურთიერთდაპირისპირებული მოდელი - ერთი, რომლისაც გვჯერა ჩვენ და მეორე, რომელიც უნდა ივანიშვილს. ამ ორ ხედვას შორის ძალიან, ძალიან დიდი სხვაობაა. ერთის მხრივ, არის ღირსეული საქართველო და მეორეს მხრივ, მიჯირყვნილი საქართველო. ერთის მხრივ, არის საქართველო, რომელიც წინააღმდეგობის მიუხედავად, საკუთარი ღირსებისთვის მაინც იბრძვის და მას უნდა მეორე საქართველო, რომელიც ბაბაიას ეძახის დათვს და მორჩილად მოჰყვება მას ბუნაგში. ერთის მხრივ, არის საქართველო, რომელიც ხმამაღლა საუბრობს ოკუპაციაზე, ჩვენს უფლებებზე, ლტოლვაზე თავისუფლებისკენ და მეორეს მხრივ, მათ უნდათ საქართველო, რომელსაც არ სჯერა, რომ რუსეთს დაპყრობის გეგმები აქვს.

   ივანიშვილის საქართველო არის ჩუმად და ჩვენი საქართველო კი ხმაურობს, როგორც დღეს ხმაურობს რუსთაველი, თბილისი, თითოეული ჩვენგანი საქართველოს ყველა კუთხეში. ივანიშვილის საქართველო მარტოა, ჩვენს საქართველოს კი მეგობართა დიდი არმია ჰყავს. ივანიშვილის საქართველო დაჩმორებული და გაბანძებულია. ჩვენი საქართველო კი არის ის, რაც ყოველთვის იყო ამაყი, ღირსეული, განსაკუთრებული ქვეყანა. ჩვენს წინაშე არის ორი ფუნდამენტურად განსხვავებული ხედვა", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ "ახლა დროა, მთელი ერი გაერთიანდეს და ივანიშვილს ხმამაღლა უნდა ვუთხრათ, რომ ერი მისი ოცნებას არ იზიარებს". 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: