შეუძლებელია ადამიანმა გაძლოს 170 ლარის ამარა

შეუძლებელია ადამიანმა გაძლოს 170 ლარის ამარა

დღეს კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" პროექტი - "საზოგადოებრივი აზრი - საზოგადოებრივ ტრანსპორტში" დაიწყო. პროექტის ფარგლებში ჯონდი ბაღათურია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და კახა ძაგანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში პენსიონრების აზრით დაინტერესდნენ სახელმწიფოს მიერ 10 ლარიან საპენსიო დანამატთან დაკავშირებით.
როგორც ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, საზოგადოებაში არის პროტესტის ძალიან მძაფრი განცდა და ნაწილი შეურაცხყოფად აღიქვამს პენსიის მხოლოდ 10 ლარით გაზრდას.
"ჩვენი აზრით, პენსია მინიმუმ საარსებო მინიმუმადე უნდა გაიზარდოს. როგორც ივანიშვილი არჩევნებამდე ამბობდა, ეს თანხა შეადგენს 220 ლარს და ყოველ ნამუშევარ წელიწადზე სტაჟისა და დამსახურების მიხედვით 2 ლარი უნდა დაემატოს."
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც. მისი თქმით 155 ლარიანი პენსიის 10 ლარით გაზრდა არის სირცხვილი და შეურაცხყოფა პენსიონერთათვის.
"შეუძლებელია ერთი თვის მანძილზე ადამიანმა გაძლოს 170 ლარის ამარა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამონახოს ყველა რეზერვი ამ ადამიანების დასახმარებლად. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც 35 და 40 წელი მუშაობდა და იხდიდა საშემოსავლო გადასახადს იღებდეს პენსიის სახით იგივე თანხას, რასაც იღებს ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ უმუშავია."

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: