რა მისწერა დავით ფერაძემ ივანე კიღურაძეს?!

რა მისწერა  დავით ფერაძემ ივანე კიღურაძეს?!

   თბილისის 116 სკოლის პედაგოგმა, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა  დავით ფერაძემ  განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე  და კონკრეტულ დარღვევებზე  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს  ივანე კიღურაძეს წერილი მისწერა.  აქტუალობიდან გამომდინარე, "ივერიონი" სრულად გთავაზობთ მას.
     საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და  კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ივანე კიღურაძეს

 ბატონო ივანე,

ხელთ მაქვს ჩემ მიერ მოძიებული ინფორმაციები, რომლებიც ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დღემდე ჩატარებულ საჯარო სამსახურის სხვადასხვა მოხელეთა შესარჩევ კონკურსს. კერძოდ, საგანმანათლებლო რესურს ცენტრების უფროსებისა და საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსებს. ასევე, ჩემ ხელთაა ინფორმაციებიც, რომლებიც საეჭვოს ხდის სამინისტროს მიერ განხორციელებული ზოგიერთი საქმიანობის მართლზომიერებასთან შესაბამისობას.
დავიწყებ რესურსცენტრების თემით:
2013 წლიოს 18 იანვრიდან მიმდინარეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსთა შესარჩევი კონკურსი.
კონკურსი ჩატარდა ისე, რომ არ არსებულა შესაბამისი ნორმატიული აქტი (მინისტრის შესაბამისი ბრძანება) კონკურსის გამართვის წესის (დებულება) შესახებ;
კონკურსის პირველი ეტაპი, ტესტირებითი გამოცდა ჩატარდა ამ საქმიანობისთვის სპეციალურად შექმნილი და საამისოდ უფლებამოსილი პირის გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდის ავლით, გაურკვეველი დეპარტამენტის თუ სამსახურის მიერ, რის გამოც საეჭვო გახლდათ საგამოცდო ტესტების ვალიდურობა;
კონკურსის მესამე ეტაპზე, გასაუბრების კომისიის სხდომათა ოქმების ნამდვილობა საეჭვოა, რადგან, ის, ვფიქრობთ დაწერეს კონკურსის დასრულებიდან რამდენიმე დღეში. ამიტომ, კარგი იქნება თუ ოქმების ორიგინალები გადამოწმდება.
ჩემს ხელთ არსებული ასლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,  ის შედგენილია "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 106-ე მუხლის იგნორირებით: 1) არ ჩანს განხილვის საგანი; 2) სხდომას (და არა კომისიას) არ ჰყავდა თავმჯდომარე, 3) არაა განსაზღვრული ქვორუმი; 4) არაა განსაზღვრული სხდომის დღის წესრიგი; 5) ე.წ. "ოქმს" ხელს აწერს მინისტრი, რომელიც ითვლებოდა კომისიის თავმჯდომარედ, მაგრამ არ ესწრებოდა სხდომებს (ზოგიერთი რაიონის კონკურსანტთა შერჩევისას სხდომას ესწრებოდა ოთხი წევრი და მათ ოქმზე ხელს აწერს 14); 6) ე.წ. ოქმი ადასტურებს, რომ სხდომაზე გასაუბრების უპირატესობით (სხვა წევრთა დისკრიმინაცია) რატომღაც სარგებლობდა მისი ერთ-ერთი წევრი, მინისტრის მოადგილე - ალუდა გოგლიჩიძე, რომელიც კონკურსანტს "მიმართავდა წინასწარ ჩამოყალიბებული კითხვებით" (ციტ. ოქმიდან). 7) ოქმში არ ფიქსირდება ეს კითხვები; 8)"საჭიროების შემთხვევაში კომისიის დანარჩენი წევრები პასუხის დაზუსტების მიზნით უსვამდნენ კანდიდატებს ქვეკითხვებს" (ციტ. ოქმიდან.). გაურკვეველია, რა "საჭიროებაზეა" საუბარი, კონკრეტულმა წევრმა რა კონკრეტული შეკითხვა დასვა და საერთოდ, რას გულისხმობს "ქვეკითხვა" ; 9) ოქმი არ ასახავას კონკურსანტთა პასუხებს, რის შედეგადაც ჯერ კომისია, ხოლო შემდეგ მინისტრი მიიღებდა გადაწყვეტილებას; 10) ოქმი არ ასახავს, როგორ შეაფასა სხდომამ გასაუბრების პირველი ეტაპი - ფუნქციური წერის უნარი (სხვათა შორის, ამ ეტაპის შესახებაც წინასწარ არაფერი იცოდნენ კონკურსანტებმა); 11) არაა ასახული სხდომის წევრთა მიერ კონკურსანტთა შესახებ გაკეთებული მოსაზრებები, სხდომის მსჯელობა და კენჭისყრის პროცედურა, არც კენჭისყრის ფორმაა დადგენილი; 12) არაა გამოტანილი სხდომის დადგენილება.
კომისიის გადაწყვეტილებიდან ჩანს კომისიის უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები, კერძოდ, ის, რომ კომისიამ რესურსცენტრის უფროსად ექვსი თვის საგამოცდო ვადით დანიშნა უფროსი! ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ მინისტრს. რაღა თქმა უნდა, შეამაჯამებელი სხდომის შედეგების საფუძველზე, მას შემდეგ რაც გამოვლინდება გამარჯვებული.
რესურსცენტრების უფროსები დანიშნეს იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო განხილული და დასრულებული გასაჩივრების ვადა, რომელიც ხელთ მაქვს, და რომელიც ამ შემთხვევაში თავის მხრივ არის იმის მაჩვენებელი, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზემოხსენებულის გარდა  დაარღვია "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 104 და 105 მუხლები, ანუ უგულებელყო კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის მიმდინარეობის წესი და მოთხოვნა კვორუმის შესახებ.
ამ დარღვევების შემდეგ განათლების სამინისტრომ ოც რაიონში დანიშნა რესურ-ცენტრების უფროსები, დარჩენილ რაიონებში კი განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა, ოღონდ კონკურსის მსურველები ახალი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების წინაშე აღმოჩნდნენ. მაგალითად, ასეთია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, რაც არ მოეთხოვებოდა პირველად კონკურსში მონაწილეებს.
ზემო თქმულის გარდა საეჭვოა როგორც რესურსცენტრებთან, ისე დირექტორების შერჩევასთან დაკავშირებული კომისიის ლეგიტიმაციის საკითხიც, და ეს გარემოება იძლევა ყველა დასახელებული კონკურსის შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადების საფუძველსაც. კერძოდ: "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების მიხედვით შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს, სამინისტროში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"" საქართველოს კანონით, ხსენებული დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა"(მუხლი 8,1). ხსენებული ნორმატიული აქტის დარღვევით, როგორც რესურსცენტრების უფროსთა, ისე საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიების წევრი გახლდათ სამინისტროს აუდიტორები. ეს დასტურდება კომისიის საოქმო ჩანაწერებზე მათი ხელმოწერით. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავისივე ნორმატიული აქტების დარღვევით,რამდენიმე სკოლაში დისკრეციული უფლებით 6 წლის ვადით დანიშნა ისეთი დირექტორები, რომლებსაც სამინისტროსთვის არ წარუდგენიათ სკოლების განვითარების სავალდებულო სტრატეგიული ხედვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მოითხოვს:
1. ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლიდან დღემდე სამინისტროს მიერ დარღვევებით ჩატარებული კონკურსების შედეგები;
2. შეიქმნას სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისია 2013 წლიდან დღემდე ჩატარებული კოკურსებში დარღვევების გამოსავლენად.
3. დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ პირებს, ვინც ხელმძღვანელობდა საკონკურსო კომისიებს, კერძოდ 2013 წლისთვის ესენი გახლდნენ ამჟამინდელი პრეზიდენტი და განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, და მისი მაშინდელი მოადგილეები, მათ შორის ამჟამინდელი ვიცე მერი ალუდა გოგლიჩიძე და სხვები. ხოლო 2014 წელს ამჟამინდელი მინისტრი თამარ სანიკიძე.
პატივისცემით:
დავით ფერაძე
პედადაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი,
116-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი.

დავით ფერაძე 


21.11.2014 წ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: