ირმა ინაშვილი: ერთსულოვნება რომ ყოფილიყო, სააკაშვილის რეჟიმი 10 წლით არ დაგვაჯდებოდა თავზე!

ირმა ინაშვილი:  ერთსულოვნება რომ ყოფილიყო, სააკაშვილის რეჟიმი 10 წლით არ დაგვაჯდებოდა თავზე!

   ჟურნალისტ ირმა ინაშვილს მიაჩნია, რომ მიზნების მისაღწევად საზოადოების ჩართულობა და ერთსულოვნებაა საჭირო. ირმა ინაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს  facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

 

"მარტო ოთახებიდან ბრძოლა რომ საკმარისი არაა, ამას ხომ ჩემზე უკეთესად ხვდებით", - აცხადებს ირმა ინაშვილი.

 

"ბევრი ვიფიქრე და ორიოდ სიტყვა საზოგადოების პასუხისმგებლობაზეც მინდა დავწერო. ჩვენ შევეჩვიეთ მოვლენების შეფასებას სოციალური ქსელიდან. შევეჩვიეთ მწვავე კომენტარების წერას ხელისუფლებაზე, თუ ნაცისტებზე... ცალკეულ პოლიტიკოსებსა, თუ პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ ფეისბუქ-საზოგადოების და გარე-საზოგადოების დიდი ნაწილი კომპიუტერთან, ან თბილ ღუმელთან რჩება მაშინაც კი, როცა საჭირო გარეთ გასვლაა.
 ახლა, ვიცი, ბევრი მომწერს, რომ გარეთ უკვე იყო, იომა, იბრძოლა, დაიღალა, იმედი დაკარგა და ქუჩაში გასვლას აღარ აპირებს. არაფერს გაძალებთ... სულ მეგონა, რომ პარლამენტის წინ ემზარ კვიციანის მხარდამჭერ აქციაზე მილიონნახევრიანი თბილისიდან სულ ცოტა 10 000 კაცი მაინც გამოვიდოდა... გუშინ მეგონა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობაში ეჭვიტანილი პირების დასჯის მოთხოვნით, დიდუბის ეკლესიასთან დღეს სულ ცოტა 500 კაცი მოვიდოდა... საღამოს 6 საათისთვის რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ დიდუბის ეკლესიასთან არ მივსულიყავი, ღამე როგორ უნდა დამეძინა, თქვენთვის თვალებში როგორ უნდა შემომეხედა?! სოციალური ქსელის სივრცეში შემოხვალ და მილიონი "პედაგოგი" მოგწერს:" იმოქმედეთ", "რას აკეთებთ?", "გააპროტესტეთ", "მოითხოვეთ დამნაშავეების დასჯა"...მეგობრებო, პასუხისმგებლობა მარტო ხელისუფლებას კი არა, ჩვენც გვაქვს, საზოგადოებას.
თავის დროზე ერთსულოვნება რომ ყოფილიყო, სააკაშვილის რეჟიმი 10 წლით არ დაგვაჯდებოდა თავზე და ამდენ უბედურებასაც ავცდებოდით. ახლა ქუჩაში გასვლა საშიში არაა, პოლიცია არ გარბევს, სამსახურიდან არავინ გათავისუფლებს და მაინც მარტო სახლიდან მიცხადებ სოლიდარობას... გამოდი, დალოცვილო, და დაუდექი ია მეტრეველს ერთი საათით გვერდში... ირინა ენუქიძეს, იას, იური ვაზაგაშვილს, ჯამბულ გამცემლიძეს (თუ ვინმე გამომრჩა, მაპატიეთ) ხმა რომ არ ამოეღოთ, კიდევ 140 ბიჭს მოგვიკლავდნენ ქუჩაში... არა, სახლიდან რომ თანამიგრძნობ, ესეც ძალიან კარგია, მაგრამ მარტო ოთახებიდან ბრძოლა რომ საკმარისი არაა, ამას ხომ ჩემზე უკეთესად ხვდებით...
 ნაცისტები რომ გარეთ გამობრძანდნენ და მათსავე მიზეზით განხორციელებული ოკუპაცია გააპროტესტეს, საზოგადოების დიდი ნაწილი შეურაცხყოფისგან ბრდღვინავდა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:
 1. ვინც მიწები დაგვაკარგინა და მტერს, თუნდაც, დალის ხეობა აჩუქა, ის აპროტესტებდა ოკუპაციას;
 2. საქართველოში ჯერ კიდევ დავინახეთ ადამიანთა მცირე ნაწილი, ვისაც ნაცისტების აქციაზე მისვლის არ რცხვენია.
 მარტივ კითხვაზე მიპასუხეთ, ცუდი იქნებოდა, რომ თავმოყვარე საზოგადოების დიდი ნაწილი, 20 000, 30 000, 40 000, ან სულაც, 50 000 კაცი რამდენიმე დღის შემდეგ შეკრებილიყო საჯაროდ და ამ ხალხისთვის, ნაცისტებისთვის ეთქვა:" თქვენგან დემოკრატიასა და ოკუპაციაზე საუბარს არ მივიღებთ! კანონის წინაშე ყველა თანასწორია! დამნაშავეები უნდა დასაჯონ! თქვენ არა გაქვთ გაწამებული ხალხის დამოძღვრის უფლება!" არარედაქტირებულ ლოზუნგებს ვწერ... არ ვიცი, გასაგებად გადმოვცემ ჩემს აზრს, თუ გაუგებრად, მაგრამ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობისთვის მინდოდა ხაზი გამესვა... თორემ, მე ის ომიც ვიცი, როცა მარტო ხარ და 1000 კაცს ერევი... იმიტომ, რომ მართალი ხარ და ღმერთი გეხმარება. სწორად მინდა გამიგოთ, ჭკუას არავის ვასწავლი, მორალს არავის ვუკითხავ, მაჰათმა განდობას არავისგან ვითხოვ, დავფიქრდი და ჩემი დაფიქრების მიზეზი გაგიზიარეთ. ერთ რამე მკაფიოდ ვხედავ, თუ ნაცისტები არ დაინახავენ, რომ ბევრნი ვართ, ძალიან ბევრნი და უკვე ყელში ამოვიდნენ თავიანთი ცინიზმით, თავხედობით, არსინანულით და გონორით, ძალიან ცუდად იქნება საქმე", - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: