ივანე კიღურაძე: მე არ შევურიგდები ქართული ენის გერის როლში ყოფნას საქართველოში!

ივანე კიღურაძე: მე არ შევურიგდები ქართული ენის გერის როლში ყოფნას საქართველოში!

გვესაუბრება პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე.

- ბატონო ვანო, რამდენადაც ვიცით, პარლამენტში შეტანილია კანონი “კანონი სახელმწიფო ენის შესახებ“, რომელიც რამდენიმე კომიტეტმა უკვე განიხილა. თუმცა, თქვენმა, ანუ პარლამენტის მაპროფილებელმა კომიტეტმა ამ კანონს ჯერჯერობით მწვანე შუქი არ აუნთო. რა არის ამის  მიზეზი?

- ამასთან დაკავშირებით ბევრი  შენიშვნაა, მათ შორის შენიშვნები აქვს ეუთოს უმაღლეს კომისარს. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები შენიშვნებთან დაკავშირებით. თუმცა, შენიშვნებს  სერიოზულად და არასერიოზულად ვერ დავყოფ. ამასთან, არის წინააღმდეგობებიც -  ნუ შევალთ ასე ღრმად...

არსებობს  ბევრი ქვეყანა,  სადაც ამგვარი კანონი არ არსებობს. მაგალითად, საფრანგეთს და სლოვაკეთს  აქვს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, ჩეხეთს  - არა, რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის  ქვეყნებს, სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ერთადერთი, სადაც კანონი სახელმწიფო ენის შესახებ არ არსებობს!

- საპარლამენტო არჩევნების წინ, ყოფილი პრემიერ-მინისრტი ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ ქართულ ენის დასაცავად გატარდებოდა საგანგებო ღონისძიებები და მასზე იზრუნებდა სახელმწიფო, რათა სახელმწიფო ენის კონსტიტუციური უფლებების დაცვა გარანტირებული ყოფილიყო. როგორც ჩანს, ესეც სხვა დაპირების მსგავსად, სიტყვიერ დაპირებად დარჩა?

- სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული საკითხი რთული და ფაქიზია. არიან  ადამიანები, რომელთაც ეშინიათ,  რომ ამ კანონის მიღება ეთნიკურ წრეებში უკმაყოფილებას  გამოიწვევს!

 ჩვენმა კომიტეტმა  2013 წლის მარტიდან დაიწყო ამ კანონზე მუშაობა. პროცესები ნელა  მინდინარეობ, მაგრამ შედეგი იქნება!

- წინა ხელისუფლების პირობებში გაუქმდა პრეზიდენტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისია და ენის სახელმწიფო პალატა. ამასთან, არ არსებობს პარლამენტის სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ენა სახელმწიფოში გერის როლშია?!

- არა, ბატონო, არა!  მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით  მთემატიკოსი ვარ და არა ენათმეცნიერი, ამ საკითხებით ვარ დაკავებული. მე არ შევურიგდები ქართული ენის გერის როლში ყოფნასსაქართველოში!

- სამწუხარო რეალობაა,  რომ საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების ხარისხი არასახარბიელოა. თუ ზემოთ აღნიშნული კანონი არ ამოქმედდა, ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა, კიდევც უფრო დაკნინდება...

- მე ოპტიმისტი  ვარ!   წინააღმდეგობები არსებობს, მაგრამ ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ. ვერ გეტყვით, 15-20 დღეში მივიღებთ-მეთქი, მაგრამ მივიღებთ!

- მე, როგორც ჟურნალისტი, გულისტკივილით ვამბობ, რომ ქართული მედიის ენა, კრიტიკას ვერ უძლებს. ბოლოს და ბოლოს, ვინ უნდა იზრუნოს სახელმწიფო ენის პრობლემაზე?

- ჩვენ ევროპულ ოჯახში შესვლა თუ გვინდა, იქ ჩვენი კულტურითა და ენით უნდა დავმკვიდრდეთ. ენის საზიანოდ  კომპრომისებზე  წასვლა არ შეიძლება!

სხვათა შორის, ამ კანონის მიღებაში ხელი ჟურნალისტებმაც შეგვიშალეს. ეს იყო არა სახელმწიფოს, არამედ, მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივა, მათ კი თქვეს, რომ სახელმწიფოს მედიაზე ზეგავლენა სურდა.

 დღეს სახელმწიფო ენისადმი დამოკიდებულება გაცილებით ცუდია, ვიდრე გასული საუკუნის 20-30-იან  წლებში. შეხედეთ, რა ტერმინები დამკვიდრდა დღეს ქართულ სალიტერატურო ენაში! გახსოვთ ალბათ, ტერმინი  საბჭო  ილია ჭავჭავაძემ  შემოატანინა ლელთ ღუნიას. საბჭოა - სადაც ბრძენნი სამართალს  ბჭობენ. დღეს კი ჟურნალისტები და  პოლიტიკოსები იყენებენ სიტყვა ბორდს. აი, ასეთ ცუდ მდგომარეობაშია დღევანდელ საქართველოში სახელმწიფო ენა!


                                                              ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: