სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება

სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება

    გლდანის ციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველი საგანგებო განცხადება ავრცელებს:

 

   -"ვითვალისწინებ რა, სასჯელაღსრულების მე–8 დაწესებულებაში ჩემი რწმუნებულების მიერ პატიმართა სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენის შედეგად განვითარებული მოვლენებისადმი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და ვხელმძღვანელობ რა ქვეყნის უზენაესი კანონით გარანტირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, მსურს  კიდევ ერთხელ რამდენიმე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტზე გავამახვილო ყურადღება: ჩემი რწმუნებულებისთვის თბილისის პროკურატურის გამომძიებლების მიერ 2014 წლის 22 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქის პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782–ე მუხლით, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთით სარგებლობას გულისხმობს, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი, სს საქმეს 21 ნოემბერს ქალაქის პროკურატურამ დაამატა. 12 ნოემბერს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში დაფიქსირებულ ფაქტზე ამ მუხლებით გამოძიების წარმართვა გამოძიებას იმთავითვე არაეფექტურს ხდის; ჩემს მიერ საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მიწოდებული ინფორმაცია და მასალები იძლეოდა შესაძლებლობას პროკურატურას გამოძიება დაუყოვნებლივ დაეწყო მინიმუმ, ვიმეორებ მინიმუმ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443–ე მუხლით, რაც  დანაშაულად აცხადებს არაადამიანურ მოპყრობას.  ჩემმა რწმუნებულებმა დღეს, 24 ნოემბერს უკვე ჩააბარეს მთავარ პროკურატურაში წერილობითი მოთხოვნა 12 ნოემბრის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჩემთვის დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით. თუმცა, ამ ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში მიღებამდე,  მოვუწოდებ  საქართველოს პროკურატურას, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, გაასაჯაროოს  –         სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების დაწყების თარიღის და უწყების მითითებით;  როდის დაინიშნა და ჩატარდა თუ არა 12 ნოემბერს დაზარალებული პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებების დასადგენად სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა. ამ საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ვადასტურებ, რომ 20 ნოემბერს ჩემი რწმუნებულები კიდევ ერთხელ შეხვდნენ აღნიშნულ ორ პატიმარს და მათ კვლავ აღენიშნებოდათ სხეულზე დაზიანებები, ამიტომ, აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ დაზიანებების კვალი გამოძიების დაწყების დროისთვის უკვე წაშლილი იქნებოდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამ დრომდე საქართველოს პროკურატურის მოქმედებები # 8 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტზე, მათ შორის ჩემი რწმუნებულების დაკითხვის დროს დასმული შეკითხვები არ იყო მიმართული იმისკენ, რომ 12 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე ეფექტური გამოძიება ჩატარდეს. სამწუხაროდ, გამომძიებლების ინტერესის საგანს უპირატესად წარმოადგენდა თუ რა წესებით ხდება შიდა საქმისწარმოება სახალხო დამცველის აპარატში და არა ის თუ რა სავარაუდო დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ ჩემი რწმუნებულები და რა ინფორმაცია მიიღეს მათ პატიმრებისა და დაწესებულების თანამშრომლებისგან. არაეფექტურია საქართველოს მთავარი პროკურატურის პრაქტიკა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა სავარაუდო წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მხრივ, რაც გულისხმობს, გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობას. შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს 19 ნოემბრის განცხადებით, გამოძიება საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო, #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიერ აკრძალული ნივთით სარგებლობის ფაქტზე და მხოლოდ სამინისტროს 20 ნოემბრის განცხადებით საქმე გადაეცა მთავარ პროკურატურას. აღნიშნული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33–ე მუხლის მე–6 პუნქტის მიხედვით, მთავარი პროკურორი უფლებამოსილია ქვემდებარეობის მიხედვით, ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე ამოიღოს ერთ საგამოძიებო უწყებიდან და გადასცეს მეორეს. ხოლო, ადამიანის უფლებების და ეფექტური გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, მსგავს შემთხვევებში ვერ იქნება გამოძიების მწარმოებელი დამოუკიდებელი უწყება. ეს გარემოება საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ არაერთ გადაწყვეტილებაზე უკვე დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.საქართველოს პროკურატურის მოქმედებები ამ და სხვა არაერთ საქმეზე ნათელს ხდის, რომ გარდაუვლად აუცილებელია უმოკლეს ვადებში საქართველოში შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე პოლიციელთა მიერ წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი არაერთი საქმე მიუთითებს, რომ მთავარი პროკურატურის მუშაობა ამ მხრივ არაეფექტურია. კერძოდ,  2014 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გავაგზავნე 18 წინადადება, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მოვითხოვე გამოძიების დაწყება. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი, 1443–ე მუხლით. კვალიფიკაციის გარდა საგანგაშოა ის ფაქტი, რომ უმეტეს შემთხვევაში გამოძიება ჩაატარა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა და არა საქართველოს პროკურატურამ. რამდენიმე შემთხვევაში, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიებაც კი არ დაიწყო და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და პატიმართა განმარტებების საფუძველზე ჩათვალა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, 18 შემთხვევიდან არცერთზე ჩემთვის არ არის ცნობილი გამოვლენილია თუ არა ბრალდებული პირი. სწორედ ეს ფაქტები მიუთითებს პროკურატურის საქმიანობის არაეფექტურობაზე, მსგავსი დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა დასჯის კუთხით.  სასჯელაღსრულების ისევე როგორც სხვა დახურულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეები, მიუთითებს, რომ აუცილებელია პრევენციის ეროვნული მექანიზმს ჰქონდეს დახურულ დაწესებულებებში ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება. ამიტომ, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დააჩქაროს სახალხო დამცველის აღნიშნული ინიციატივის განხილვა და მიღება. ასევე, არსებითი მნიშვნელობისაა სახალხო დამცველს და პრევენციის ეროვნულ მექანიზმს ჰქონდეს დაშვება დახურულ დაწესებულებაში განთავსებული ვიდეო კამერების ჩანაწერებზე. აქვე უნდა აღვნიშნო მედია საშუალებებით არასწორად გაჟღერებული ინფორმაციის საპირისპიროდ, რომ 2014 წლის 12 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის ადგილას არ არის ვიდეო კონტროლი და შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ვიდეო კამერებით დაფიქსირებული ვერც იქნება. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ჩემი რწმუნებულების მიერ დოკუმენტურად დაფიქსირებული გარემოებები, ისევე როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებული არათანმიმდევრული და უზუსტო ჩანაწერები. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში აუცილებელია, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ უზრუნველყოს აღნიშნული პატიმრების უსაფრთხოება და გამორიცხოს მათზე ნებისმიერი ზეწოლა; ამისთვის, აუცილებელია მათი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. ასევე, მნიშვნელოვანია, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 91–ე მუხლის შესაბამისად, ჩამოშორდნენ სამსახურს დაწესებულების ყველა ის თანამშრომელს, რომელიც დასახელებულია საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნილ ჩემს  წინადადებაში. დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველს კი წარმოადგენს დაწესებულების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება, რაც გამოიხატა სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ანგარიშის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისათვის დაუყოვნებლივ არგაგზავნაში, პატიმართა სხეულზე არსებული დაზიანებების არასრულ დოკუმენტირებასა და ტელეფონოგრამით ინცინდენტის შესახებ არასრული ინფორმაციის მიწოდებაში.            მინდა ასევე გამოვეხმაურო გუშინ, 23 ნოემბერს რუსთავის2–ის გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასულ სიუჟეტს, სადაც 12 ნოემბერს გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა იყო გაშუქებული. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სიუჟეტის მთავარი მესიჯი სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. სამწუხაროა, რომ მაღალრეიტინგული მედიასაშუალება, ნაცვლად იმისა, რომ სახალხო დამცველთან ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო საშუალებების გამოყენებით ასრულებდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების პროცესში, დაკავებულია ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციური ინსტიტუტის საქმიანობის დისკრედიტაციით.მინდა მოვუწოდო ყველა მედიასაშუალებას ღრმად გაითავისონ  ის უდიდესი როლი, რომელიც მათ  საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ეკისრებათ და ვთხოვო, რომ მსგავს სენსიტიურ თემებზე მათ მიერ  მომზადებული ყველა რეპორტაჟი იყოს მაქსიმალურად ობიექტური"- ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: