გააჩერეთ ნათია ფანჯიკიძე, თორემ პირველ ლედობასაც გამოჰკრავს ხელს!

გააჩერეთ ნათია ფანჯიკიძე, თორემ პირველ ლედობასაც გამოჰკრავს ხელს!

პოლიტიკოსთა ცოლები ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევიან _ ზოგი ზედმეტად აქტიურია და თავისი ხუშტურებით საკუთარ ქმარს უხერხულობაში აყენებს, დღევანდელი ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, შავ პიარს უკეთებს, ზოგიც საკუთარი დახვეწილობითა და თავშეკავებულობით სერიოზულ იმიჯს უქმნის თავის მეორე ნახევარს.

ვინც საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებს აკვირდება, დამეთანხმება, რომ ქართული პოლიტიკური კულტურა საერთაშორისო, ე.წ. ცივილიზებულ ჩარჩოებში ნაკლებად ჯდება და იგი უფრო ველურის შთაბეჭდილებას ტოვებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ე.წ. ქართველ პოლიტიკოსებს სახელმწიფოსგან მიაქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა მათი კეთილდღეობისათვის (მაქსიმალური კომფორტისთვის), სანაცვლოდ კი სახეიროს არაფერს აბრუნებენ.

როცა პოლიტიკოსს ვამბობ, არ ვგულისხმობ ე.წ. „ჭ“ კლასის პოლიტიკოსებს, რომლებსაც საკუთარი ადგილი ნამდვილ საქმეში ვერ უპოვიათ და პოლიტიკურ ლაბირინთებში ხელის ცეცებით დაეხეტებიან - იქნებ რაღაცას გამოჰკრან ხელი!

ახლა ისევ სათქმელს დავუბრუნდეთ. ხშირად ჭორის მიზეზი ხდებიან პოლიტიკოსთა ცოლები, რომლებიც თავიანთი „ორიგინალობით“ თუ ტინგიცობით საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევიან.

ასე მაგალითად, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე ღიად საუბრობდნენ მანანა არჩვაძის „ოფოფებზე“, რომელმაც ძალზე დააკნინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის იმიჯი და ხელი შეუწყო მოვლენების არასწორად განვითარებას - ყველას სჯეროდა, რომ არჩვაძე პირდაპირ ერეოდა კადრების დანიშვნაში და პრეზიდენტი ყველაზე მწვავე გადაწყვეტილებებსაც კი მისი თანხმობის გარეშე ვერ ღებულობდა.

საკმაოდ შეურყია ავტორიტეტი მომდევნო პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს მისი მეუღლის ქალბატონ ნანული შევარდნაძის ნებსით თუ უნებლიეთ ნასროლმა ფრაზამ: „კარგი დიასახლისი ოჯახს 28 ლარადაც მშვენივრად შეინახავსო“ (მაშინ პენსია 28 ლარი იყო!). საზოგადოებამ ეს სიტყვები ცინიზმად აღიქვა და საკმაოდ მკაცრი რეაქციებიც მოჰყვა.

მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, მათგან საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა „ნაციონალური“ რეჟიმისდროინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. მიუხედავად სააკაშვილის და მისი პოლიტიკის მიმართ არსებული აგრესიისა და მკაცრად ნეგატიური დამოკიდებულებისა, რულოვსი საზოგადოებაში უარყოფით ასოციაციას ნამდვილად არ იწვევდა - მისი ყოველი საჯარო გამოჩენა მოზომილი და მიზანსწრაფული იყო. სხვათაშორის, მიუხედავად არაერთი ბრალდებისა, სანდრას მიმართ აგრესია დღესაც პიკამდე არ ასულა!

არ ვიცი, რამდენად გამოჰკრავს ხელს პირველ ლედობას ნათია ფანჯიკიძე, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი ფეისბუქსტატუსები ირაკლი ალასანიას კარგ სამსახურს ნამდვილად არ გაუწევს!

ამ ბოლო ხანებში მისი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც ხან აქილიკებს, ხანაც მის თვისებებს სააკაშვილისას ადარებს.

ცინიზმი, მითუმეტეს ასეთი სტატუსის მქონე ქალისთვის არასერიოზული საქციელია და მისი ღირსებებზე და ინტელექტზე უარყოფითად აისახება.

ვის, ვის და ირაკლი ალასანიას მეუღლეს ნამდვილად არა აქვს უფლება იქილიკოს ივანიშვილზე - ადამიანზე, რომელმაც სასათბურე პირობები შეუქმნა მათ ოჯახს და ურეიტინგო პარტია თავის ლიდერიანად ხელისუფლებაში წამოასკუპა (სწორედ ამას ჰქვია ვირო მადლიო!).

ზოგადი ნათქვამი რომ არ გამომივიდეს, მკითხველს შევახსენებ ნათია ფანჯიკიძის ბოლოდროინდელ ფეისბუქსტატუსს, სადაც იგი ივანიშვილს „არწმუნებს“, რომ ჯონ ლენონი დავით საგანელიძემ მოკლა, ხოლო ირაკლი ალასანია იქვე გვერდით იმყოფებოდა და კადრში მაშინ მოხვდა, რომ ლენონს ტუჩებიდან სისხლს წმენდდა...

არ ვიცი, რისი თქმა სურდა ამ ირონიით ქალბატონ ფანჯიკიძეს, მაგრამ საზოგადოებამ ზუსტად ისე აღიქვა, როგორც საჭირო იყო, ანუ ობიექტურად.

უფრო შორს გამიზნული გზავნილი იყო ივანიშვილის ხასიათის სააკაშვილთან შედარება. დიახაც, ძალზე საინტერესოა ივანიშვილის ფენომენის „ლუსტრირება“ (თანამედროვე ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით), მაგრამ, გააჩნია, ვინ ამბობს ამას და რა მოტივით.

არა მგონია, ასეთი „გამოხტომებით“ - ცინიზმ-ქილიკ-ირონიით ქალბატონმა ნათიამ თავის მეუღლეს დადებითი ქულები შესძინოს, ხალხი ამას უკვე აღარ „ჭამს“!

ასე რომ, დროზე გააჩერეთ ნათია ფანჯიკიძე, თორემ თუ ასე გააგრძელა, შეიძლება პირველ ლედობასაც „გამოჰკრას ხელი“!

                                              საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: