მიხეილ ჯიბუტი: ახალ ხელისუფლებას 100 დღე უნდა ვაცალოთ!

მიხეილ ჯიბუტი: ახალ ხელისუფლებას 100 დღე უნდა ვაცალოთ!

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე "ივერიონს" ესაუბრება ეკონომიკის ექს-მინისტრი პროფესორი მიხეილ ჯიბუტი.


ბატონო მიხეილ, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა შეიცვალა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა და შეასრულა კიდეც _ მისმა პოლიტიკურმა კოალიციამ არჩევნების გზით დაამარცხა " ნაციონალური მოძრაობა". როგორ ფიქრობთ, _ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის დასრულებულია თუ არა ბრძოლა, თუ ჯერ მხოლოდ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვიხილეთ და სრულმეტრაჟიანს აწი გვიჩვენებენ?


_ ცხადია, 1 ოქტომბრის არჩევნებმა შეცვალა სიტუაცია ქვეყანაში _ პოლიტიკურიც, სოციალურიც, ფსიქოლოგიურიც და მათ შორის, პოლიტ-ეკონომიკურიც. საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე ხელისუფლებაში მყოფი ერთი პოლიტიკური ძალა არჩევნების გზით ჩაანაცვლა მეორემ.  თუმცა, ეს ჩანაცვლება არ არის აბსოლუტური, ხელისუფლების ბევრი სეგმენტი, ბევრი ბერკეტი ჯერ კიდევ დამარცხებულ პოლიტიკურ პარტიას აქვს შენარჩუნებული _ ცენტრალური ხელისუფლების ნაწილი და ადგილობრივი თვითმმართველობები "ნაციონალური მოძრაობის" კონტროლქვეშაა,  ქვეყნის პრეზიდენტი ხომ ამ პარტიის თავმჯდომარეა.


1 ოქტომბრის არჩევნები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლით დასრულდა ერთი პარტიის _ "ნაციონალური მოძრაობის" ერთპარტიული მმართველობა.


_ ახალი ხელისუფლების ლიდერთა რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა და შერბილდა, მაგრამ  პრივატულ საუბარში ისინი არ მალავენ, რომ შეჩერებას არ აპირებენ და რაც "ნაციონალურ მოძრაობას" დარჩა, იმ სახელისუფლებო ბერკეტებსაც დაათმობინებენ. აქეთ: ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების იმ შერჩენილ ნაწილს ებღაუჭება.  როგორც ჩანს, სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის მოლოდინში უნდა ვიყოთ.


_ მთავარია, ჩვენ სწორი დასკვნა გავაკეთოთ _ დღეს გვყავს ორი სახელისუფლებო პარტია. ერთი გამარჯვებული, პარლამენტში უმრავლესობით მოსული და მეორე, დამარცხებული, ოპოზიციური, მაგრამ მაინც სახელისუფლებო პარტია. ეს არის სიმბიოზური პარტიის ხელისუფლება.  გამარჯვებული პარტია ცდილობს ეს სიმბიოზი მიიყვანოს მონოპოლიამდე.


_ "ქართული ოცნების" არაერთი ლიდერი წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, სამართლიანადაც იმუქრებოდა, რომ ძალაუფლების მოპოვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს ციხეში გამოამწყვდევდა. დამნაშავე რომ უნდა დაისაჯოს, ეს არ არის სადაო, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ კვლავ რევანშიზმისა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დასჯის საფრთხის წინაშე ვდგავართ?


_ სასამართლო რეფორმა უნდა გატარდეს და სასამართლო პოლიტიკური და ნებისმიერი სახის წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს. ამას წინასაარჩევნოდაც ამბობდნენ და დღესაც ხშირად იმეორებენ გამარჯვებული პარტიის ლიდერები.  თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ იმ მანკიერებებს, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ვერ მოვიცილებთ, კი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის, მაგრამ უნდა დასრულდეს _ "ეს ჩემიანია და არ დავიჭერ, ის იმისია და დავიჭიროთ." პოლიტიკური ნიშნით სასამართლო სისტემის გამოყენება, რაც რეალურად რეპრესიაა, უნდა დასრულდეს  ამ ქვეყანაში. ამის გარეშე ვერანაირი რეფორმა ვერ განხორციელდება ქვეყანაში და დავრჩებით იქ, სადაც ვართ!


_ ისე, ბატონო მიხეილ, მარტო მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს რომ დავეყრდნოთ, აღმასრულებელ ხელისუფლებას რომ თავი დავანებოთ, "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო დეპუტაციის 80% დასაჭერია, მეტი თუ არა.


_ ემოციებს და გრძნობებს არ უნდა ავყვეთ. მართლმსაჯულების აღსრულება ხანგრძლივი პროცესია, განსჯა, ფიქრი, დრო სჭირდება. თუ დამნაშავეა ვინმე, უნდა დასაჯო. ეს მართლა უდაოა. მმართველმა პარტიამ უნდა განახორციელოს კანონის უზენაესობა. კი, წინა ხელისუფლებამ ბევრი უკანონოდ დასაჯა, არსებობდა ხიდჩატეხილობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ლამის ზღვარგადასული სოციალური უსამართლობაც იყო, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა აღვადგინოთ არა იმით, რომ ვიღაცა მომწონს, ვიღაცა არ მომწონს პრინციპით აღსრულდეს სამართალი, არამედ ნდობა უნდა აღდგეს სასამართლოს მიმართ.


_ არჩევნებამდე ერთი პოლიტიკური ძალა ფლობდა საზოგადოებასთან კომუნიკაციის ყველა ბერკეტს, თუმცა, დღეს რეალობა შეიცვალა _ დღეს ორივე პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება, ხალხს ელაპარაკოს, რას შეცვლის ეს?


_ კი, არჩევნებმა რეალობა ამ მხრივაც შეცვალა. ორივე სახელისუფლებო პარტია ფლობს ხალხთან კომუნიკაციის საშუალებას _ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეინარჩუნა მედიასაშუალებების ნაწილი და ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ფლობს ძალაუფლებას. მოვლენები, შესაძლოა, განვითარდეს შემდეგნაირად. "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ ან პირიქით "ქართული ოცნება" შეიძლება შეიცვალოს უარესობისკენ _ ორივეს შეუძლია თავისი პოზიცია დაიყვანოს მოსახლეობამდე.  დღეს საზოგადოებას არ გააჩნია იმუნიტეტი, გაიგოს რომელია მართალი. საზოგადოებრივ აზრს ქმნის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხალხს ეტყვის, ვინ არის მტყუანი და ვინ _ მართალი. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ფაქტიურად არ არსებობს.  საზოგადოებრივი აზრი, როგორც პოლიტიკის მაკონტროლებელი სისტემა, ამ 20 წლის მანძილზე არ ჩამოყალიბებულა. ამ ახალმა რეალობამ კი გააჩინა შანსი, ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება.


_ სამოქალაქო საზოგადოებას წლები და თავისუფლება სჭირდება.


_ გეთანხმებით, წლები და თავიოსუფლება სჭირდება. თავისუფლების ხარისხი ყოველთვის ძალიან დაბალი იყო საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელისუფლების ნება, მაგრამ ხალხმა თავად უნდა მოიპოვოს ეს თავისუფლება.


აქ კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ჩვენთან არ არის ჩამოყალიბებული ტიპიური სახით პარტიები. ყველა ხელისუფალს თავისი პარტია ჰქონდა _ ზვიად გამსახურდიას _ "მრგვალი მაგიდა", ედუარდ შევარდნაძეს _ "მოქალაქეთა კავშირი", მიხეილ სააკაშვილს _ "ნაციონალური მოძრაობა", უკანასკნელს _ "ქართული ოცნება". ყველას ლიდერზე მიბმული პარტია ჰყავდა, ნამდვილი პოლიტიკური პარტია არც ერთს არ ჩამოუყალიბებია. ყველა იყო ცალკეულ პოლიტიკოსთა და პოლიტიკურ პარტიათა ნაკრები. შესაბამისად იქცეოდნენ სხვა, არასახელისუფლებო პარტიებიც. საჭიროა პარტიული ლიდერისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. არ შეიძლება პარტიული ლიდერი იყოს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი. ამდენად, ჩვენ მარტო სამოქალაქო საზოგადოების პრობლემა არა გვაქვს, ჩვენ ტიპიური პოლიტიკური პარტიების პრობლემაც გვაქვს და ეს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების შემაფერხებელი ფაქტორია.


_ არჩევნებში ვინც "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა, მათმა 80-მა პროცენტმა ბიძინა ივაბნიშვილს მისცა ხმა და არა ამ კოალიციაში შემავალ პარტიებს. ანუ, ხალხმა ივანიშვილი და მისი 4-წლიანი პროგრამა აირჩია. რამდენად ლოგიკურია, ასეთ შემთხვევაში, რომ ხალხის მიერ 4 წლით არჩეული პრემიერ-მინისტრი ერთნახევარ წელში გადადგეს?


_ ამ გამარჯვებაში, ამ რეალობის შექმნაში აბსოლუტურად გადამწყვეტი როლი შეასრულა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ერთი კაცის მნიშვნელობას სისტემაში. "ქართული ოცნების" ლიდერებს ეიფორია არ უნდა დაემართოთ და არ უნდა იფიქრონ, რომ ეს მათი პარტიული მოღვაწეობის შედეგია.  წინასაარჩევნოდ ყველა პარტიას ლამის ერთნაირი პროგრამა ჰქონდა, საქმე იქამდე მივიდა, ერთმანეთს ჰპარავდნენ რაღაც-რაღაცეებს პროგრამიდან. "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა იმიტომ, რომ ხალხმა უარი უთხრა "ნაციონალურ მოძრაობას", ხალხს ამ პარტიის მმართველობის ატანა აღარ შეეძლო და არა იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" "ნაციონალურ მოძრაობაზე" უკეთესი პროგრამა ჰქონდა.


პროგრამების ჭიდილი არ ყოფილა ამ არჩევნებზე. "ქართული ოცნების" გამარჯვება ტოლფასია ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებისა. ეს წელიწადნახევრის თემა ცოტა დამაბნეველი თემაა. საიდან უნდა ავითვალოთ ეს წელიწადნახევარი, არც ეს დაკონკრეტებულა. კი, ბატონო წავიდა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მის მაგიერ ვინ დარჩება? "ქართული ოცნება", როგორც გამარჯვებული პარტია, კია საკრებულო პარტიათა და ლიდერ-პოლიტიკოსთა, მაგრამ პასუხისმგებლობა აღებული აქვს ერთ კაცს _ ივანიშვილს. ამიტომ უნდა წამოვდინენ წინა პლანზე "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკოსები, რომლებიც თავისთავზე აიღებენ, გაიყოფენ პარტიულ პასუხისმგებლობას, პარტიის წარმატებასა და წარუმატებლობას.


თქვენს კითხვაზე მეტ კონკრეტულ პასუხს ვერ  გავცემთ, რადგან ძალიან ბუნდოვანია თავად საკითხი. უფრო როცა დააკონკრეტებს ბიძინა ივანიშვილი ამ ბუნდოვან წელიწადნახევრიანი მმართველობის საკითხს, მაშინ უფრო კონკრეტულად შემეძლება ამ თემაზე საუბარი.


_ ბრძანეთ, პროგრამების ჭიდილი არ ყოფილა ამ არჩევნებზეო, _ ხალხი ხმას აძლევს ლიდერს და წინასაარჩევნო დაპირებებს.


_ კი, არ ყოფილა პროგრამების არჩევნები. "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა სქელტანიანი დოკუმენტი წინასაარჩევნოდ _ პარტიული პროგრამა 4 წლიან მმართველობაზე გათვლილი. ის რაც მასში დევს, მისი განხორციელების შესაძლებლობა ქვეყანას არ გააჩნია. წარსულიდან გეტყვით ერთ მაგალითს: საარსებო მინიმუმად 105 ლარი 2003 წელს დაფიქსირდა და 9 წელი დასჭირდა, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გატოლებოდა. სოციალურ სფეროში იმდენი დაპირებაა, ვერ შეძლებს მის აღსრულებას "ქართული ოცნება".


_ ახალი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ პროგრამაზე რას იტყვით _ შეძლებენ მის შესრულებას? იქ ხომ წინასაარჩევნო დაპირებები არ არის? ემოციისგან დაცლილი დოკუმენტია.


_ საკმაოდ ხარვეზიანიც. ამ დოკუმენტში არის საკითხები, რომელიც პრემიერ-მინისტრის კომპეტენციას სცილდება, თუნდაც სამხარეო-ტერიტორიული მოწყობისა და თვითმმართველობის საკითხები, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს. ეს თემა "ნაციონალურმა მოძრაობამ" წამოსწია, მაგრამ განხორციელება ვერ შეძლო. იგივეს დღეს "ქართული ოცნება" აპირებს _ საქართველოს მხარეებად დაყოფს. საით მივდივართ? სახელმწიფოს ფედერალური მოწყობისკენ? თუ ასეა, ეს რბილად რომ ვთქვათ, მცდარი არჩევანია. რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 9 წელიწადში ვერ გააკეთა, "ქართული ოცნება" იმის განხორციელებას" 4 წელიწადში  აპირებს.


მე ვფიქრობ 4 წლიანი პროგრამა წინასაარჩევნო დაპირებების ფონზეა დაწერილი. ქართული ეკონომიკა იმდენს ვერ ზიდავს, რაც იქ წერია. უმჯობესი იყო, უფრო ცივი გონებით დაწერილიყო ეს დოკუმენტი _ რაც მთავარია, საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების რეალური გათვლებით.


_ ბიძინა ივანიშვილს ბევრი საკადრო პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. როგორ შეაფასებთ მის მინისტრთა კაბინეტს?


_ ბუნებრივია, რომ "ცოცხების რევოლუციის" შემდეგ, ხელისუფლება დაკომპლექტდა კონკრეტული ადამიანებით, იმ წვლილისა და დამსახურების მიხედვით, რაც მათ გამარჯვებაში შეიტანეს. თავისთავად კონკრეტული პიროვნების პოსტზე დანიშვნა კი არ არის პრობლემა, პრობლემა საჯაროობაა. როცა ვამბობთ, რეალობა შეიცვალაო, ეს ნიშნავს, რომ "დახურული საჯარო პირები", როგორებიც იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ამ ქვეყანაში ვეღარ იქნებიან. საჯარო პირი არის საჯარო პირი და მისი მთელი ცხოვრება 24 საათის განმავლობაში ცნობილი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. თუ ვინმეს აქვს იმედი, რომ საჯარო პირი გახდება და თან კორუფციას მიჰყოფს ხელს, უნდა იცოდეს, რომ ეს აღარ მოხდება. თუ საჯარო თანამდებობის პირმა არ ისწავლა ხელფასზე ცხოვრება და ისე ქვეყნის სამსახური, ის უნდა წავიდეს სამსახურიდან. საზოგადოება ამას კონტროლს გაუწევს. 100 დღის მერე ეს გამოჩნდება. საზოგადოების განსასჯელი უნდა იყოს, რამდენი თვითმფრინავი უნდა ჰყავდეს პრეზიდენტს _ ერთი თუ ორი და ამაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები სადისკუსიოდ არ უნდა სცდებოდნენ. მათ კანონი უნდა აღასრულონ. იმ კანონში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი რამდენი მოადგილე უნდა ჰყავდეს მინისტრს, რამდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი, რა ფასიანი პერსონალური ავტომობილის შეძენის უფლება უნდა ჰქონდეს და ა.შ. ყველაფერი უნდა იყოს ლიმიტირებული და გასაჯაროებული.  მერე ეს ყველაფერი უნდა გააკონტროლოს საზოგადოებამ. აი, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და არა საკადრო პოლიტიკაზე. საკადრო პოლიტიკა არის გამარჯვებული ძალის პრეროგატივა. ჩვენ სტანდარტებზე უნდა ვილაპარაკოთ.


_ მაგრამ პიროვნებები ბევრს წყვეტენ პოლიტიკაში...


_ რა თქმა უნდა, ბევრს წყვეტენ. გამარჯვებულები ინაწილებენ ტორტს _ ეს ასე იყო და ასე იქნება, ასე მოხდა "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაშიც კოალიციიდან დააკომპლექტეს ხელისუფლება. მთავარია, ხელისუფლებაში ისეთი ხალხი იყოს, რომელთათვისაც ხელისუფლება ფუფუნება არ იქნება. ასევე უნდა დაწესდეს სტანდარტები. აქსიომაა _ თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურება. ეს პრინციპი უნდა ამუშავდეს საჯარო სამსახურში. შესაძლოა, ერთ უწყებაში მძღოლს მეტი ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე მეორე უწყებაში _ დეპარტამენტის თავმჯდომარეს. აი, ასეთი სტანდარტებია მოსაგვარებელი იმ 100 დღეში, რომლის შემდგომაც, როგორც წესი, იწყება ახალი ხელისუფლების საქმიანობის შეფასება.


_ მთავრობის ეკონომიკურ გუნდზე რას იტყვით?


_ ეკონომიკური გუნდი რეალურად წარმოადგენს იმ რეალობას, რისი საშუალებაც დღეს ქვეყანას ჰქონდა. შეიძლება ვინმე პროფესიულად ან პიროვნულად ცოტა მეტია, ან ცოტა ნაკლები, მაგრამ მაინც ნორმალური ეკონომიკური გუნდია. ამ გუნდს აქვს ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური  პრობლემების გადაჭრის პერსპექტივა, მაგრამ შეძლებს თუ არა ამას, მომავალი გვიჩვენებს.


პრობლემა ის არის, რომ გუნდი კარგია, მაგრამ არ არსებობს ამ გუნდის კოორდინაციისთვის აუცილებელი დოკუმენტი. მე გავეცანი მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას, მაგრამ იქ არ არის არც ერთი ციფრი. ეს არ არის სრულყოფილი დოკუმენტი. პროგრამაში ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს გაწერილი და ის უნდა იყოს გუნდის შემკვრელი, აი, მაშინ იქნებოდა ამ გუნდის მუშაობა ეფექტური.


არის ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზიც, ქვეყნის ბიუჯეტს, რომელსაც ადგენს ფინანსთა მინისტრი და მიდის ის პრემიერ-მინისტრამდე, უნდა გადიოდეს განხილვას, უნდა არსებობდეს პრემიერის საბიუჯეტო ოფისი, რომელიც პრემიერამდე ვიდრე მივა ბიუჯეტი, მის ხარვეზებს გამოასწორებს.


_ ალბათ, ორი მინისტრის დიალოგის შედეგად.


_ არის საკითხები, სადაც საჭიროა კომპეტენტური ადამიანების ჩარევა. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას  ორგანო, თუნდაც 2-3 კაციანი, დავარქვათ მას პრემიერის საბიუჯეტო ოფისი. ეს ორგანო ექსპერტიზას გაუკეთებს ბიუჯეტს, მოამზადებს დასკვნას, ყველა ფინანსურ დოკუმენტს და პრემიერი აღარ აღმოჩნდება მრავალი პრობლემის წინაშე, თუნდაც, ბიუჯეტის განხილვისას.


ჩვენთან საპრეზიდენტო ინსტიტუტი იყო და პრეზიდენტი მინისტრთან ერთად წყვეტდა ყველაფერს. კონსტიტუცია კი შეიცვალა და პრემიერი გვყავს, მაგრამ შუალედური რგოლი არც ახლა არსებობს. არადა, ეს აუცილებელია. არა მარტო ფინანსთა სამინისტროს ვგულისხმობ, უნდა არსებობდეს მაკოორდინირებელი ინსტიტუტი, რომელიც სამინისტროსა და პრემიერს შორის ურთიერთობისას ყველა ხარვეზს აღმოფხვრის და პრემიერს გადაწყვეტილების მიღებას გაუიოლებს, რადგან მას ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტზე ექნება მიუკერძოებელი, ობიექტური დასკვნა. ახლა რა ქნას პრემიერმა? როგორ უნდა გააკონტროლოს ეკონომიკური გუნდი? იძულებული იქნება, ერთგულების ან სხვა ნიშნით აირჩიოს ერთი მინისტრი, გამოარჩიოს გუნდში და მას დაეყრდნოს.


ესაუბრა ლევან ჯავახიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: