კრემლი აფხაზეთზე კონტროლს აძლიერებს, რიგში ე.წ. სამხრეთ ოსეთია

კრემლი აფხაზეთზე კონტროლს აძლიერებს, რიგში ე.წ. სამხრეთ ოსეთია

დენიელ ვეხლინი
(შემოკლებით)
გასულ კვირას რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი კიდევ უფრო დაიახლოვა: მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სექტემბერში სოხუმს წინასწარშედგენილი ხელშეკრულების პროექტი გაუგზავნა, გარკვეული განხილვის შემდეგ, მცირედ შესწორებულ ხელშეკრულებას ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯინბამ სოჭში ხელი მოაწერეს. მხარეებმა ერთმანეთის შესამკობლად სიტყვები არ დაიშურეს... მოკლედ, წინ აფხაზეთს რუსეთის მფარველობა და რუსული ფული ელოდება.


რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება განამტკიცებს დღემდე არსებულ სტატუს-ქვოს, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი სისხლიანი კონფლიქტის დროს ჩამოყალიბდა.


რას წარმოადგენს დღეს აფხაზეთი?


კრემლი ამ სეპარატისტულ რეგიონს ბოლო წლებში, 2008 წლიდან დაწყებული, საკმაოდ მდიდრულად ეხმარებოდა, მაგრამ შედეგები მაინც და მაინც არ ჩანს. მართალია, სოხუმის ცენტრში რაღაც შენდება, მაგრამ თითქმის 20 წლის წინანდელი ნახანძრალი და ნანგრევები ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი. სოხუმს კიდევ არა უშავს, რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე უპტრონობის კვალია დარჩენილი, ინფრასტრუქტურა განუვითარებელია, 240 ათასი ადამიანის ცხოვრების დონე ძალზე დაბალია. აფხაზეთში არაფერი არ იწარმოება, ყველანაირი საქონლისა და პროდუქციის იმპორტი რუსეთიდან ხდება.


ჯერ-ჯერობით აფხაზეთის სიტუაციას რუსეთთან დღემდე დადებულმა ვერანაირმა ხელშეკრულებამ ვერ უშველა. ფართოდაა გავრცელებული კორუფცია, ჩრდილოვანი მეწარმეობა... არადა, აფხაზეთში ისეთი კლიმატია, რომ ეკონომიკა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა, განვითარებული უნდა იყოს.


მოსახლეობის პერსპექტივა უსიხარულოა: ბევრი სამუშაოს რუსეთში ეძებს, ან თურქეთში მიდის. თითქმის ყველას აქვს რუსული პასპორტი, რომელიც მიმოსვლის თავისუფლებას უზრუნველყოფს. აქვთ აგრეთვე აფხაზური პასპორტებიც, რომელსაც, რუსეთის გარდა, არცერთი სახელმწიფო არ აღიარებს.


ნათელია, რომ ისედაც რთული საქართველო-რუსეთის ურთიერთობები სოჭში დადებულმა შეთანხმებამ კიდევ უფრო გაამწვავა. უფრო მეტიც, როგორც წინა კვირას გახდა ცნობილი, რუსეთი აფხაზეთის მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთანაც აპირებს. თბილისი დასავლეთის სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს, კეთდება მოსკოვის დამგმობი განცხადებები, მაგრამ რუსეთი მაინც თავის საქმეს აკეთებს.

„ნოიე ციურჰერ ცაიტუნგი“ (შვეიცარია), 26 ნოემბერი, 2014 წელი
www.nzz.ch/international/asien-und-pazifik/der-kreml-festigt-seinen-griff-um-abchasien-1.18432199



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: