საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტი მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილ ე.წ. "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებასთან" მიმართებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულების ტექსტის გამოქვეყნებისთანავე (2014 წლის 13 ოქტომბერი), საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აქტიური მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, სათანადო რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით.
დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობები რეგულარულად იღებდნენ შესაბამის ინსტრუქციებს.
საზღვარგარეთ ქართველი დიპლომატები მუდმივ კონტაქტზე არიან ადგილსამყოფელი ქვეყნების კოლეგებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მასმედიის საშუალებებთან.
ე.წ. ხელშეკრულების პროექტით შექმნილი საფრთხეების საპასუხოდ, 15 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური განცხადება ე.წ. ხელშეკრულების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მორიგი პროვოკაციული ქმედების გამო და ე.წ. ხელშეკრულება ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. იმავე დღეს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაეგზავნათ სამინისტროს ინსტრუქცია და დაევალათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში/ორგანიზაციებში მაღალი დონის შეხვედრების გამართვა, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების უზრუნველსაყოფად (დამგმობი განცხადების გაკეთება, რუსეთთან ორმხრივ ფორმატში საკითხის დაყენება).
2014 წლის 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის 28 წევრი-ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლის უმთავრესი თემა იყო ე.წ. ხელშეკრულება. შეხვედრის დროს დარიგდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ნონ-პაპერ. შეხვედრის შედეგად გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი 7 განცხადება (ლიტვის, უნგრეთის, რუმინეთის, ლატვიის, ესტონეთის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარი შტეფან ფულე). მოგვიანებით, დამგმობი განცხადება გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ტწიტტერ-ზე.
20 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც დიპლომატებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების 29-ე რაუნდისა და აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შედეგების შესახებ. ასევე ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციის თაობაზე. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მიღებულ ინფორმაციას მიაწვდიდნენ დედაქალაქებს, შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფის რეკომენდაციით.
შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის მოლაპარაკებების სამივე თანათავმჯდომარესთან. მათ რეგულარულად მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია მოვლენების განვითარების თაობაზე. 22 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრა ერთ-ერთ თანათავმჯდომარესთან, ეუთო-ს წარმომადგენელთან ანჯელო გნედინგერთან.
23 ოქტომბერს გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის პირველ კომიტეტში (უსაფრთხოება და განიარაღება). სხვა საკითხებს შორის, მისი გამოსვლა ე.წ. ხელშეკრულების საკითხს დაეთმო.
24 ოქტომბერს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდა მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე, სადაც ევროპის საბჭოს წევრ-სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მორიგი პროვოკაციული ნაბიჯების თაობაზე.
24 ოქტომბერს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა მიიღო რეზოლუცია მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. "ხელშეკრულების" დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით.
30 ოქტომბერს გაიმართა საქართველო-ნატოს საბჭოს სხდომა, რომელიც მიეძღვნა აღნიშნული საკითხის განხილვას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა ალიანსის მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეებს გააცნო ქართული მხარის პოზიცია ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომლებსაც დაურიგდათ საინფორმაციო მასალა ნონ-პაპერ-ის სახით. ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ეთხოვათ მკაცრი რეაგირება და დეკემბერში დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საკითხის ნატო-საქართველოს საბჭოს ფარგლებში განხილვა.
30 ოქტომბერს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც სიტყვით გამოვიდა ეუთოს-თან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. საბჭოზე ე.წ. ხელშეკრულების პროექტის თაობაზე წუხილი გამოთქვეს ეუთო-სთან ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის და ნორვეგიის მისიებმა.
6 ნოემბერს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. შეხვედრაზე თანა-თავმჯდომარებთან ერთად შეშფოთება გამოხატეს აშშ-ის და ევროკავშირის დელეგაციებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა თურქეთმაც.
17-18 ნოემბერს ჩატარდა ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად განიხილა აღნიშნული საკითხი ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებთან და მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია.
19 ნოემბერს შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ლონდონში, სადაც საკითხი ფართოდ იქნა განხილული ბრიტანულ მხარესთან ყოველწლიური ორმხრივი დიალოგის პირველი სხდომის ფარგლებში.


21-22 ნოემბერს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომლის დროსაც ე.წ. ხელშეკრულების საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.
შეთანხმების ხელმოწერის დღეს, 24 ნოემბერს, შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

25 ნოემბერს შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან.
ქართული მხარის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და რუსეთის ფედერაციის ქმედება დაგმეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლებმა, ასევე შემდეგი ქვეყნების საგარეო უწყებებმა: აშშ, გერმანია, დანია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, უკრაინა, ჩეხეთი, ბულგარეთი. 2014 წლის 24 ნოემბერს აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადება ასევე გააკეთა ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმმა.

25 ნოემბერს ქ. ბრიუსელში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით.

25 ნოემბერს ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდა ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც მისია "რესოლუტე სუპპორტ"-ის თემას მიეძღვნა.
26 ნოემბერს, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1213-ე სხდომაზე საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. "ხელშეკრულების" გაფორმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ თემაზე განცხადება ასევე გააკეთა ევროკავშირის დელეგაციამ, რომელსაც მიურთდნენ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ისლანდია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, სან მარინო, უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა. სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია ასევე დააფიქსირეს: ესტონეთმა, უკრაინამ, პოლონეთმა, თურქეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, ლიტვამ, დანიამ, მოლდოვამ და რუმინეთმა.

26 ნოემბერს შედგა სატელეფონო საუბრები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, რომლებსაც 24 ნოემბერსვე მიეწოდა ინფორმაცია ე.წ. "ხელშეკრულების" გაფორმების შესახებ.

27 ნოემბერს ქ. ვენაში გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს, რათა უახლოეს მომავალში შედგეს შესაბამისი ღონისძიებები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში - პირველ რიგში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა, ისევე როგორც დაიგეგმოს ნატო-საქართველოს საბჭოს (NGჩ) სხდომა.
ე.წ. ხელშეკრულების საკითხის განხილვა მოხდება მიმდინარე წლის 2 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს და ა.წ. 4-5 დეკემბერს ქ. ბაზელში დაგეგმილი ეუთო-ს მინისტერიალების ფარგლებში;
9-10 დეკემბერს საქართველოს დელეგაცია ე.წ.ხელშეკრულების თემას დააყენებს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, რიგით 30-ე რაუნდის დღის წესრიგში", - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: