უკრაინა, შენ დედა გყავს?

უკრაინა, შენ დედა გყავს?

 საქართველოში საჭორაო და "საგანგაშო" თემას რა გამოლევს - ახლა ყველაზე მეტად "ცვეტში" უკრაინაა, სადაც ახალი მთავრობის ფორმირება მიმდინარეობს და სადაც ერთი მინისტრის  პორტფელი სააკაშვილისდროინდელმა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დაიკავა.

ამაო გამოდგა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გავიცეპრემიერების მოლოდინი - როგორც ოფიციალური წყაროები აღნიშნავენ, საქართველოს "ძლევამოსილმა" ექსპრეზიდენტმა ეს შემოთავაზება თურმე არ მიიღო. ასევე ჩვენს "მაღალს" უარი უთქვამს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარეობაზეც!..

მავანნი უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ჩანერგვას მოკავშირე სახელმწიფოს მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებად აფასებენ და ღიად აცხადებენ, რომ იმ პიროვნებებზე, ვინც ძიებაშია და ვისზეც სამართლებრივი დევნა ხორციელდება, სხვა სახელმწიფოს მთავრობაში მათი ადგილი არ უნდა იყოს!

   ზოგიერთები იქამდეც მივიდნენ, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უკრაინასთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტასაც კი ურჩევენ.

ნებისმიერ  სახელმწიფოს უფლება აქვს საკუთარი მთავრობა როგორც მოეპრიანება, ისე დააკომპლექტოს, მაგრამ თუ კონკრეტულ ადამიანებზე სამართლებრივი დევნა ხორციელდება, მან ანგარიში უნდა გაუწიოს საერთაშორისო პრაქტიკას და ოფიციალურ სტრუქტურებში მათ დანიშვნაზე თავი უნდა შეიკავოს!

ეს მოთხოვნა ნაკლებად მოქმედებს კვიტაშვილის და ზღულაძის შემთხვევაში (საუბარია ამ უკანასკნელის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნაზე), მაგრამ მართლაც რა გაუჭირდა ისეთი მრავალმილიონიან უკრაინას საქართველოს მიერ "დაბრაკული" " მაღალპროფესიონალები"  საკუთარ მთავრობაში არ წამოატივტივოს?!

როგორი რეფორმატორი გვყავდა კვიტაშვილი და რა ხელი დაატყო მან საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, ეს თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა. რაც შეეხება ეკა ზღულაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მისი მოღვაწობა დიდი რეფორმატორული  უნარით არ გამოირჩეოდა და აქედან გამომდინარე, მოძმე უკრაინელები ამ პერსონას არ უნდა დახარბებულიყვნენ...

საქმე სხვა რამეშია - შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ "სხვა რამე" არის სწორედ ის აქილევსის ქუსლი, რომელიც ხვალ-ზეგ უკრაინაში იჩენს თავს და შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, საბედისწეროც აღმოჩნდეს მისთვის!

"რა გაუჭირდა გონებრივად უკრაინელ ერს, რით ვერ იპოვეს ღირსეული სამი უკრაინელი მინისტრი?!" - წერს ქ-ნი ხათუნა ლაგაზიძე.

ქ-ნო ხათუნა, სამწუხაროდ პრობლემა უკრაინელი ხალხის გონებაშეზღუდულობაში კი არ არის, არამედ, იმ პოლიტიკაშია, რომელიც თავს მოახვიეს უკრაინას ოკეანისგაღმელებმა და რომლის მიზანი ვითომ რუსეთის დასუსტებაა, მაგრამ საბოლოოდ უკრაინის დასამარება იქნება.

თუ ობიექტურად განვსჯით, დღეს უკრაინას საკუთარი მთავრობა არ ჰყავს და არც მომავალში ეყოლება - რა მნიშნელობა აქვს ქართველი იქნება ჯანდაცვის მინისტრი თუ ამერიკიდან და ბალტიისპირეთიდა ჩამოიყვანენ მთავრობის სხვა წევრებს და საკვანძო თანამდებობებს ჩააბარებენ?!

  აქსიომაა: გარედან თავსმოხვეული ნებისმიერი რევოლუცია იმ კალაპოტში აქცევს კონკრეტულ სახელმწიფოს, რა კალაპოტიც აქვთ გამზადებული რევოლუციის ინსპირატორებს.

კატეგორიულად ვემიჯნები ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ეს ნაბიჯი უკრაინის დღევანდელ მარიონეტ ხელისუფლებას რეფორმების უმტკივნეულოდ გასატარებლად სჭირდება.  როგორც წესი, ამ შემთხვევაში აპელირება მოხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და ისინი ამით საზოგადოების წინაშე გარკვეულ პასუხისმგებლობასაც მოიხსნიან!..

სამწუხაროდ, უკრაინამ საქართველოს ტრაგიკული მაგალითი ვერ გაითვალისწინა და საკუთარი ნებით ავიდა გილიოტინაზე! არსებითი მნიშვნელობა არა აქვს,  ვისი ხელით დაასუსტებს და დაშლის ქვეყანას.

რაც შეეხება ქ-ნი ნინო ბურჯანაძის კატეგორილ განცხადებას, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილის დროინდელი ძებნილი მაღალჩინოსნები ოფიციალურ სტრუქტურებში  დანიშნა, ჩვენ უკრაინასთან დიპლომატიური კავშირი უნდა გავწყვიტოთ, საკმაოდ მწვავე პოლიტიკური განცხადებაა და საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს.

ჯერ ერთი, თუ ასე მოხდა, ეს იქნება კიდევ ერთი პროვიკაციული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ იმ საერთაშორისო ძალების (თუ ქვეყნების) მხრიდან, ვინც ასე გვეფიცება "ძმობას" და "მეგობრობას".

   მეორეც, ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დადასტურდება, თუ რა ცეცხლს ეთამაშება თვით უკრაინა და რა საფრთხე ემუქრება საერთოდ მის სახელმწიფოებრიობას!

  საბა  საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: