აშშ და ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ათანხმებენ

აშშ და ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ათანხმებენ

დღეს აშშ და ევროკავშირი ენერგეტიკული საბჭოს სხდომაზე მიიღებენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების და კოორდინირებული მოქმედების პირობას დებენ.

სააგენტო Reuters-ს ხელთ ჩაუვარდა განცხადების პროექტი რომელშიც ნათქვამია: "ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია სანქციების კოორდინირება, სეპარატისტების წინააღმდეგ ზომების გაძლიერება და ყირიმის ანექსიის არაღიარების პოლიტიკის გაფართოება".

დღეს ბრიუსელში გაიმართება ამერიკა-ევროკავშირის ენერგეტიკული საბჭოს სხდომა, რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო და ენერგეტიკის მდივნები ჯონ ქერი და ერნესტ მონიცი მიიღებენ მონაწილეობას. ევროპელების მხრიდან საბჭოს სხდომას დაესწრება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი, ენერგეტიკის ევროკომისარი მიგელ არიას კანიეტე და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შევჩოვიჩი. ეს უკანასკნელი რუსეთთან გაზის საკითხებზე მოლაპარაკებებს კურირებს. წინასწარი ინფორმაციით, საბჭო მხარს დაუჭერს ამერიკიდან ევროპაში გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტს, რაც ბებერი კონტინენტის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კვლავ ალაპარკადნენ რუსეთის წინააღდეგ სანქციების შესაძლო გამკაცრებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელიც ბრიუსელში ჯონ ქერისთან ერთად იმყოფება, განაცხადა, რომ აშშ და ევროკავშირი "სანქციების გაფართოების საკითხს განიხილავენ".

"ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, საითკენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები და როგორ უნდა ვუპასუხოთ მძიმე შეიარაღების უწვყვეტ ნაკადს რუსეთიდან" - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

გუშინ ჯონ ქერი დაესწრო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელზეც "მზადყოფნის სამოქმედო გეგმის" (the Readiness Action Plan)  განხორციელება განიხილეს. ნატოს განცხადებით, ალიანსის ქმედებები მიზნად ისახავს უპასუხოს რუსეთის გაზრდილ სამხედრო აქტივობას. ალიანსის ძალები ასევე გეგმავენ გაძლიერებულად დააკვირდნენ რუსული ავიაციის ფრენებს რეგიონში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: