ლადო გურგენიძე: უკრაინისთვის გარკვეული რჩევების მიცემას არ დავიზარებ!

ლადო გურგენიძე: უკრაინისთვის გარკვეული რჩევების მიცემას არ დავიზარებ!

 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე კერძო სექტორის დატოვებას და საჯარო სამსახურში გადასვლას არ აპირებს. გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ის შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნოს, გურგენიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე განმარტებას აკეთებს.

 გურგენიძის თქმით, კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ საკითხებზე უკრაინისთვის გარკვეული რჩევების მიცემას არ დაიზარებს - თუკი იქნება ამის საჭიროება და ეს ბევრ დროს არ წაიღებს.

"დღესდღეობით, მე თავს ყველაზე კომფორტულად კერძო (და არა საჯარო) სექტორში ვგრძნობ. "ლიბერთი ბანკი" განვითარების ახალ, საინტერესო ფაზაში გადადის, ბევრი დაწყებული და ჯერ დაუსრულებელი ინიციატივა და პროექტი მაქვს Bayport-ში, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში ვარ. Bank of Kigali-საც ჭირდება ჯერ მიხედვა, ხოლო ბოლო დროს დაწყებული სტარტაპ-ბიზნესები გამუდმებულ ყურადღებას საჭიროებენ. აქედან გამომდინარე, ჩემს მიერ ნებისმიერი ახალი full-time პროექტის დაწყება, რაოდენ საპატიოც არ უნდა ყოფილიყო ის, ამ ეტაპზე ნაკლებად რეალისტურია. ამავდროულად, არასდროს დამზარებია, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, გამეწია კონსულტაციები ან რჩევები მიმეცა სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის (და ეს არაერთხელ გამიკეთებია აფრიკაში ბოლო წლების მანძილზე), იმ შემთხვევაში, როცა ვგრძნობდი იდეოლოგიურ სიახლოვეს და ადგილი ჰქონდა ძირითადი ღირებულებების თანხვედრას - ბიზნესში სახელმწიფოს მაქსიმალურ ჩაურევლობას, რაც შეიძლება დაბალ გადასახადებსა და რაც შეიძლება ნაკლებ სახელმწიფო ხარჯებსა და რეგულაციებს. ბუნებრივია, მითუმეტეს არ დავიზარებ კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ საკითხებზე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის გარკვეული რჩევების მიცემას - თუკი იქნება ამის საჭიროება და თუკი ეს ბევრ დროს არ წაიღებს", - აცხადებს გურგენიძე.


გურგენიძის თქმით, უკრაინა დღეს ძალიან მწვავე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას.


 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: