ეროვნულმა არქივმა ბალეტმეისტერ ალექსანდრე ჭიჭინაძის ფოტოკოლექცია შეიძინა

ეროვნულმა არქივმა ბალეტმეისტერ ალექსანდრე ჭიჭინაძის ფოტოკოლექცია შეიძინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა კერძო პირისგან შეიძინა ქართველი ბალეტის მსახიობისა და ბალეტმეისტერის ალექსანდრე ჭიჭინაძის კოლექცია. კოლექციაში შესულია 1932-1967 წლებში გადაღებული ფოტონეგატივები.


ამიერიდან ფოტონეგატივები ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში იქნება დაცული.


კოლექცია აერთიანებს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საბალეტო სცენების ფოტომასალას _ "მთების გული", "ოტელო", "ჟიზელი". კოლექციაში ასევე დაცულია ფერადი კადრი ფილმის "ქართული ბალეტის ოსტატების" გადასაღები მოედნიდან, რომლის რეჟისორები შოთა მანაგაძე და ვახტანგ ჭაბუკიანი არიან.


ფოტოკოლექციაში ასევე დაცულია საქართველოში უცხოელი ბალეტის მსახიობების ვიზიტების ამსახველი კადრები. ეროვნული არქივის მიერ შეძენილი ფოტოკადრები მოიცავს ალექსი ჭიჭინაძის საბალეტო-სამუსიკო სცენის უფრო ადრეულ პერიდსაც.


ფოტოკოლექციაში დაცულია კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის, დირიჟორ ივანე ფალიაშვილის, მათი ოჯახის წევრების, ასევე მომღერალ ნადეჟდა ბუზოღლის, ევგენი მიქელაძის, ბალეტმეისტერ დავით მაჭავარიანისა და სხვათა ჯგუფური და ინდივიდუალური პორტრეტები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: