დავით ფერაძე: მთავრობა სანიკიძის ხელით განათლების სისტემას შეგნებულად ანადგურებს!

დავით ფერაძე: მთავრობა სანიკიძის ხელით განათლების სისტემას შეგნებულად ანადგურებს!

„ივერიონს“ განათლების სისტემაში არსებულ მწვავე პრობლემებზე ესაუბრება პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ქ. თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგი  დავით ფერაძე.

- ბატონო დავით, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა პედაგოგთა ხელმოწერები შეაგროვა და ხელისუფლებას მასწავლებელთა საბაზო ხელფასის იანვრიდან გაზრდა მოსთხოვა. რა შეიძლება მოჰყვეს ამას?
- ყველა ნაბიჯი, რაც მასწავლებლებზე ზრუნვასა და შესაბამისად, განათლების სამომავლო მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს. ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა იდგეს. კინკლაობას მხოლოდ სანიკიძის ხუშტურების სასარგებლო შედეგები ექნება.

- ესე იგი იზიარებთ პროფკავშირის მოთხოვნას?
- ვეთანხმები ხელფასების დაუყოვნებლივ ზრდის მოთხოვნას, თუმცა მხოლოდ  50 ლარით ზრდას ვერ გავიზიარებ. სამწუხაროდ, როდესაც მარტოდმარტო მიხდებოდა ბრძოლა ამ კუთხით, ერთი სოლიდარობის ფრაზა არ დაცდენია პროფკავშირს. უფრო მეტიც: მხარიც კი აუბა სამინისტროს ჩემს წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მე მაინც მხარს ვუჭერ ამ მოთხოვნას.

- და თუ ამ მოთხოვნას ხელს 15 ათასამდე პედაგოგი აწერს, გამოდის, რომ მათ ხელს აძლევს ეს - ხელფასის გაცემის მინიმალურ ზღვარს ვგულისხმობ.
- არა, ასე არ არის. პროფკავშირს საკმაოდ დიდი ქსელი აქვს. ადგილობრივი ლიდერების მეშვეობით მათ შეძლეს სკოლების დიდ ნაწილში ამ ხელმოწერების შეგროვება. რაც შესთავაზეს პედაგოგებს, პედაგოგებმაც იმაზე მოაწერეს ხელი. ეტყობა ამ პრინციპით - ”ყვავს კაკალი მაინც გავაგდებინოთო”.
მეტი ოდენობა რომ ყოფილიყო, მაგასაც მოაწერდნენ ხელს, მაგრამ, როგორც ჩანს, პროფკავშირი განათლების სამინისტროსთან სიტუაციის დაძაბვას მოერიდა და ბალანსირების პოლიტიკა აირჩია. უნდა სცოდნოდა, რომ ეს ბალანსირება არ გამოვიდოდა. სანიკიძე მაგის ჩიტია?! ჰოდა, რადგან სიტუაცია მაინც გამწვავდებოდა, ბარემ მეტი მოეთხოვათ!

- რამდენადაც ვიცით, სანიკიძის პოზიციაა, რომ ხელფასების იანვრიდან ზრდა საბიუჯეტო პოლიტიკაზე ცუდად იმოქმედებს და ქვეყნისთვის ცუდი იქნება?
- რა თქმა უნდა, მსგავს სისულელეს სანიკიძე თუ იტყოდა. სადაა სინდისი, როდესაც უზარმაზარი საპრემიერო მადის მქონე ადამიანები ბიუჯეტის პრობლემას პედაგოგების ხელფასის მომატებას უკავშირებენ და არა თავიანთი ჯიბეების გასქელებას. რაღა მაინცდამაინც სულ პედაგოგების მხრებზე უნდა გადაიაროს საბიუჯეტო სიძნელეებმა? მაშინ, აღიარონ, რომ 2015 წლიდან ქვეყანა ფინანსური კრახის პირობებში გადადის!!!

- განათლების მინისტრი გამოეხმაურა თქვენს განცხადებებს სერთიფიცირებულ პედაგოგებთან დაკავშირებით და თქვა, რომ სასერთიფიკატო დანამატების გაცემას არავითარი საფრთხე არ შეექმნება...
- სჯობს ძირითად მოთხოვნას გამოეხმაუროს და მათ უპასუხოს ადეკვატურად. თუმცა, მისი პასუხები საერთოდ არაადეკვატურია. ერთი კვირის წინ ჩვენ როდესაც აქცია მოვუწყვეთ, ძირითადი მოთხოვნა გვქონდა საბაზო ხელფასის ზრდა, სასერთიფიკატო დანამატის საკითხი იქ მხოლოდ მეორეხარისხოვანი იყო... ის სპონტანურად განხორციელდა. ვფიქრობდით ვყოფილიყავით 10 პედაგოგი და უფრო მეტი მოვიდა - 25 კაცამდე. რომ დაინახეს სამინისტროში, აქცენტები შეცვალეს. თითქოს ჩვენ ვაპროტესტებდით  მხოლოდ  სასერთიფიკატო დანამატის სავარაუდო გაუცემლობას... რა დროს აქცენტების შეცვლაა, სულს ღაფავენ პედაგოგები არსებული საბაზო ხელფასის პირობებში და მომავალ წელს კიდევ უფრო გაუარესდება მდგომარეობა. სანიკიძეს, მის უწყებას და საერთოდ ქვეყნის ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდსაც კი ეს საერთოდ არ აღელვებთ!..

- და მაინც, სასერთიფიკატო დანამატის თემამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. საიდან ასკვნით, რომ იანვრიდან არ გაიცემა სასერთიფიკატო დანამატი?
- არსად ოფიციალურად არ უთქვამს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს რომ ეს მართლაც ასე იქნება. ჩვენ კი არ ვასკვნით რომ ასეა, ჩვენ ვეჭვობთ, რომ 2015 წლის ზოგადი განათლების ბიუჯეტში არაა იმ რაოდენობის თანხა, რაც უნდა ეყოს ერთად:  პირველი, პედაგოგის საბაზო ხელფასის ზრდას 50 ლარით, მეორე,  სექტემბრიდან მეორე კარიერულ საფეხურზე მოხვედრილი 20 ათასამდე პედაგოგისთვის სასერთიფიკატო დანამატის შენარჩუნებასთან ერთად 100 ლარამდე სახელფასო ზრდას, მესამე, ე.წ. 1000 ლარიანი მასწავლებლებზე 1000 ლარის დანამატების გაცემას. მეოთხე,  სამედიცინო კაბინეტების ამოქმედებას და ა.შ. ანუ ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული  50 მილიონიანი მატება ამისთვის საკმარისად ვერ მივიჩნიეთ. ბუნებრივია, გაჩნდა ეჭვი: ან იანვრიდან აღარ აპირებენ სასერთიფიკატო დანამატების გაცემას, ან სექტემბრისათვის დაანონსებული სახელფასო მატება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. აი, ამ საკითხზე ღია, ოფიციალური და ნათელი განცხადება მოვითხოვეთ მინისტრისგან და ახლაც ვითხოვთ...
მართალია, მან ტელევიზიით რაღაც „განმარტება“ გააკეთა, მაგრამ ეს არაა ოფიციალური პასუხი. სანიკიძე, როდესაც დოკუმენტურად განმარტავს რამეს, მაშინ არაა სანდო და მის მიერ ასე ჰაერში გასროლილ სიტყვებს ვინ ენდობა.  მეორეც: თავად მისი უწყების მაღალჩინოსნებმა გააცნეს  სკოლის დირექტორებს  აზრი ე.წ. ათასლარიანი პედაგოგების სამომავლო ”ბედის” შესახებ. ანუ, ფიქრობენ, რომ ორწლიანი ვადა მისცენ ამ კატეგორიის პედაგოგებს. თუ ისინი შესაბამისი აქტივობებით შეძლებენ სათანადო კრედიტ-ქულების დაგროვებას, მაშინ გადავლენ მესამე კარიერულ საფეხურზე და შეუნარჩუნდებათ  1000 ლარი, თუ არადა, უნდა დაემშვიდობონ. ერთი სიტყვით, ჯერ ოფიციალური და საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს, მეტიც, სქემაც არ დაუმტკიცებია მთავრობას, მაგრამ ამ დასამტკიცებელ ვერსიაში როგორ ასახონ ეს ყველაფერი, ამაზე ფიქრობენ ახლა. ეს მუშაობა ისევ გაუმჭვირვალეა. სქემა ისევ არაა ხელმისაწვდომი საჯარო სივრცეში.

- დავაზუსტოთ, რას ნიშნავს 1000 ლარიანი პედაგოგი?
- წინა ხელისუფლების დროს ზოგიერთი საგნის სერთიფიცირებული პედაგოგები, რომლებმაც დამატებით ჩააბარეს კომპიუტერული უნარ-ჩვევები და ინგლისურის ტესტები და შედეგებით საუკეთესო 25 % -ში მოხვდნენ, სახელფასო დანამატს იღებენ 1000 ლარით. ცხადია, 20 პროცენტიანი დაქვითვით. მათ ეძახიან ათასლარიანებს. ცხადია, სხვა თემაა, რამდენად სწორი იყო ეს დიფერენციაცია თავის დროზე და რატომ სხვებს არ მიეცათ ამის შესაძლებლობა, მაგრამ რადგან სახელმწიფომ მათ სამართლებრივი გარანტია მისცა დანამატის გაცემაზე, ეს გარანტია უნდა უზრუნველყოს კიდეც

- მინისტრმა განაცხადა, შეკითხვები უნდა დასვათ, პასუხი  რომ მიიღოთო...
- სანიკიძე რომ წერა-კითხვაზე ილაპარაკებს, მიწა არ უნდა გასკდეს?! მაგის ურცხვობა დიდი ხანია საზღვრებს გასცდა. ჩემი პოზიცია იცით: სანიკიძის მინისტრობა არ შეიძლება უამრავ მიზეზთა გამო, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია. თუ  ქვეყანაში სამართალია, ეგ საერთოდ დაუსჯელი როგორ დადის?! მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით და რადგან მინისტრია, ვითხოვთ კიდეც მისგან ოფიციალურ განმარტებას ამ თემაზე... რას ნიშნავს, განცხადებას ნუ გავაკეთებთ და შეკითხვით მივმართოთ? როდესაც კანონის დაცვით მივმართეთ და ეს იყო არაერთჯერ, დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერასდროს ვერ მივიღეთ...

- იმაზეც იყო საუბარი, რომ სერთიფიცირებული პედაგოგების სიტუაცია ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებამ უფრო გაუუმჯობესა. სანიკიძე ამბობს, რომ სქემაც მათი კეთილდღეობისკენაა მიმართული
- ”ზოგადი განათლების შესახე კანონში”  შევიდა ცვლილებები, რომლითაც სერთიფიცირების პროცესი გაუქმდა, შესაბამისად ამოვარდა მუხლები, რომელიც განსაზღვრავდა სერთიფიცირებული პედაგოგის სტატუსს, სერთიფიკატის ვადას და ა.შ. ანუ, უქმდება სასერთიფიციკატო გამოცდები და სერთიფიცირებულობის რვაწლიანი ვადა. სამინისტროს ინიცირებული მუხლის გაუქმებით პარლამენტმაც უხეშად დაარღვია სერთიფიცირებულთა უფლებები.  ერთის მხივ, თითქოს ამით მასწავლებელთა მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო, რადგან ცვლილებამდელი კანონით  რვა წლის შემდეგ სერთიფიცირებული პედაგოგი თუ ისევ არ ჩააბარებდა სასერთიფიკატო გამოცდას, საერთოდ კარგავდა მასწავლებლობის უფლებას. ალბათ, სამინისტროს ეს აქვს მხედველობაში, როდესაც საუბრობს პედაგოგის სამომავლო ”სამოთხეზე” მაგრამ პირიქითაა: კანონში ცვლილებებით  სიტუაცია კიდევ მეტად დამძიმდა.  სერთიფიცირების რვაწლიანი უფლებაც ჩამოართმეულია და ისიც  ღმერთმა უწყის, იქნებიან თუ არა უკვე სერთიფიცირებულები გათვალისწინებულნი ახალ სქემაში, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს!..

- როდესაც ახალი სახელფასო პოლიტიკის პრეზენტაცია ჰქონდა სანიკიძეს, მან უთხრა მასწავლებლებს, რომ სერთიფიცირებული პედაგოგები  მეორე კატეგორიაში მოიაზრებიან...
 - კი, ეს წერია მათ პრეზენტირებულ ”აბსურდშოუში”, მაგრამ კანონში შეტანილ ცვლილებას თუ დავეყრდნობით, სერთიფიცირება აღარ არსებობს და ერთის მხრივ, სერთიფიკატის დანამატის გაცემასაც გამოეცალა კანონიერი საფუძველი. ამავდროულად, კულუარული სქემა, რომელიც გასაიდუმლოებული ჰქონდათ და მე გავავრცელე ინტერნეტით,  სულ სხვა საშიშროებას გვიქადის. ანუ, ჯერ არ ვიცით, რა ბედი ელით სერთიფიცირებულებს.

- ამბობენ,  რომ საფეხურებზე გადასვლის პროცესი არ იქნება რთული
- შემოთავაზებული სქემა საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ რადგან კბილებით გააქვთ, ცხადია, ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ მისგან ნაკლებად დავზიანდეთ. საერთოდ, მასწავლებლები რომ ფხიზლად ყოფილიყვნენ და ან ახლა გამოფხიზლდნენ, მათ რომ ერთი-ორ კაცს არ მიანდონ ”ნარის გლეჯა”, მაშინ ყველაფერი უკეთ იქნებოდა და ახლა საბაზო ხელფასი 305 ან 355 კი არა, 900 – 1000 ლარი მაინც იქნებოდა. ამიტომ, მე სულ ამას ვამბობ. მთლად ყველაფერი დილეტანტი და ნეპოტისტი სანიკიძის ბრალი კი არაა, ლომის წილი ამაში ჩვენ, პედაგოგებს მიგვიძღვის ჩვენი პასიურობით და სანამ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება, არც საშველი არ იქნება. მოკლედ ჯერ არაა გათვალისწინებული მასწავლებელთა შეფასების კრიტერიუმები, არაა სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობის ჩამონათვალი, კრედიტ-ქულების ე.წ. შეწონვის, გაანგარიშების, წესები, მათი დაგროვების ვადები, ეს არც ჩემ ხელთ არსებულ კულუარულ სქემაშია. არც არავის უმხელენ. როგორც ჩანს, ჯერ არც მოუფიქრებიათ, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ შესაძლოა წნეხი  ამ მხრივაც გაიზარდოს. თუმცა, ღმერთმა ქნას, ასე არ იყოს!

- მინისტრი ამბობს, რომ სქემაში ჩართვით და სეფეხურებზე გადასვლის შემდეგ მასწავლებლების მდგომარეობა გაუმჯობესდება?
- მასწავლებლებს კომფორტს შეუქმნიდა სათანადო ანაზღაურება. რას ნიშნავს სამომავლო კეთილდღეობა? უკაცრავად, მაგრამ გარდაცვალების მერე სამოთხეს ჩვენ ღმერთი გვპირდება და სანიკიძე ამას ნუ აიღებს საკუთარ თავზე...  ხაზგასმით ვამბობ: პედაგოგზე ზრუნვა ამ ეტაპზე ერთადერთი ნაბიჯით დადასტურდება: სათანადო ანაზღაურებით, საბაზო ხელფასი არ უნდა იყოს ოთხნიშნა რიცხვზე დაბალი. თუ ხელფასები არ მოწესრიგდა, ჩათვალეთ, რომ განათლების სისტემას მთავრობა შეგნებულად კლავს!

- სამინისტროში აცხადებენ რომ ცვლილებები მიმართული იქნება სკოლების დეცენტრალიზაციის სასარგებლოდ
- როგორ? იმით, რომ თითქოს დირექტორის მოადგილის რეგისტრაცია გაიოლდა ვითომ? თუ რის მიხედვით ამბობენ?  არ შეცვლილა მაგალითად  ეს დიქტატორული მუხლი, როდესაც მეორე წერილობით გაფრთხილებაზე მინისტრს შეუძლია დირექტორის გათავისუფლება და მეტიც სკოლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნაც. სადაა აქ სკოლის ავტონომიურობა? თან სანიკიძისნაირი ბოღმიანი მინისტრის პირობებში სრულიად ადვილია ასეთი გაფრთხილებების გამოცხობა. მოგიყვანთ ერთ შეტანილ ცვლილებასაც: კანონს დაემატა, რომ დირექტორის მინდობილობის საფუძველზე სასამართლო დავისას  საჯარო სკოლის წარმომადგენელი იქნება განათლების სამინისტროს ან რესურსცენტრის თანამშრომელი. არ არის ეს ნონსენსი? მაგალითად, დღეს 116-ე საჯარო სკოლის დირექტორს სარჩელი აქვს შეტანილი განათლების მინისტრის წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, ამ სკოლას სამინისტრომ თავისი წარმომადგენელი მიუვლინოს თავისივე მინისტრის წინააღმდეგ, რა გამოვა? სასამართლო დავა წარიმართება მინისტრის ორ წარმომადგენელს შორის?

- რა რეაგირება მოჰყვა პარლამენტის მხრიდან თქვენ მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომლითაც 2013 წლიდან დღემდე ჩატარებული კონკურსების ბათილად ცნობას  და ზოგიერთი პირის, მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტის პასუხისმგებლობასაც ითხოვთ?
- ვუცდით პარლამენტის შესაბამის კომიტეტს. წესით მათ აქამდე უნდა გაეცათ პასუხი. ვერ გეტყვით, რატომ აგვიaნებენ. თუ უახლოეს დღეებში არ გვიპასუხებენ, მაშინ განმეორებით მივმართავთ!

                                      ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: