ივერიონი / მაკა ასათიანი და მამუკა ღლონტი შოუ-ბიზნესის აღორძინებას იწყებენ?!

მაკა ასათიანი და მამუკა ღლონტი შოუ-ბიზნესის აღორძინებას იწყებენ?!

გადაწყდა ჰოლდინგის გაკეთება, სადაც იქნება ორი ტელევიზია და ორი რადიო - უკვე არსებულ "მაესტროს" ტელევიზიასა და რადიოს დაემატება, კიდევ ერთი, საერთო მაუწყებლობის სახის ტელევიზია და გასართობი რადიო სახელწოდებით "ვინილის რადიო".


ამის შესახებ "მაესტროს" პრესკლუბში ტელეკომპანია "მაესტროს" მფლობელებმა  მამუკა ღლონტმა და მაკა ასათიანმა განაცხადეს.

მამუკა ღლონტის თქმით, ტელეკომპანია "მაესტრო" კვლავ იქნება საინფორმაციო ფორმატის, ხოლო მეორე ტელეკომპანიას ექნება სერიალებიც, თოქ-შოუებიც და გასართობი გადაცემებიც.


რაც შეეხება რადიოს, მამუკა ღლონტი ამბობს, რომ არსებული "მაესტრო" შენარჩუნდება, ხოლო "ვინილის რადიო" იქნება მკვეთრად გასართობი ხასიათის.


"ამ რადიოდან, ჩვენ დავიწყებთ ქართული შოუ-ბიზნესის აღორძინების ხელშეწყობას. მომავალში, განსაზღვრული გვაქვს ჩავატაროთ სხვადასხვა სახის ფესტივალი და დაჯილდოვება სახელწოდებით "ოქროს ვინილი", რომელიც იქნება ქართული მუსიკალური დაჯილდვოება. ჩვენ ვეცდებით, რომ ქართული შოუ-ბიზნესიც დადგეს იმ სიმაღლეზე, რომელზეც იყო რამდენიმე წლის წინ," - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.


რაც შეეხება ჰოლდინგის დაფინანსებას, "მაესტროს" მფლობელები ამბობენ, რომ ეს იქნება საკუთარი შემოსავლები.


"სხვა დაფინანსების წყარო არ უნდა არსებობდეს ნორმალურ ქვეყანაში, რადგან ეს გულისხმობს ტელევიზიის პოლიტიკურ მიდრეკილებებს, რაც დაუშვებელია მედიისთვის," - ამბობს ღლონტი.

9-11-2012, 18:49
უკან დაბრუნება