ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: საყდრისი ძალიან რთული და მტკივნეული საკითხია!

ირაკლი ღარიბაშვილი: საყდრისი ძალიან რთული და მტკივნეული საკითხია!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით სამტრედიაში, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც პრემიერმა განაცხადა  საყდრისი ძალიან რთული და მტკივნეული საკითხია.

"მინდა, მოკლე შესავალი გავაკეთო, რა იყო მანამდე. ერთი წლის წინ ამაზე დაიწყო აქტიური საუბარი. პირადად მქონდა შეხვედრები მეცნიერებთან, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. ჩვენი მეცნიერებათა აკადემიის დასკვნაც ვიხილეთ, რომლის თანახმად, ეს არის სტერილური არქეოლოგიური ობიექტი და არავითარი კულტურული ღირებულება მას არ ჰქონდა. ამის საფუძველზე ყოფილმა მინისტრმა ოდიშარიამ მიიღო გადაწყვეტილება, მართალია, პროცედურის დარღვევით, მაგრამ ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ. მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ ძეგლის სტატუსი ამ ობიექტმა 2006 წელს მიიღო და მას შემდეგ, რაც ოდიშარიამ მას მოხსნა ძეგლის სტატუსი, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე დააკმაყოფილა ეს მიმართვა, დაეთანხმა მას და სააკაშვილმა მოხსნა ძეგლის სტატუსი. ასე რომ, დღეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ამ მართლაც გაუგებარი ადამიანების, ოპონენტების და სააკაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარები, რომელიც იყო ამ აქტის ხელმომწერი.

ბრალდება, თითქოს მთავრობა ნაკლებ ყურადღებას აქცევს კულტურულ ძეგლებს და არქეოლოგიურ ობიექტებს, არის ძალიან უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო. მინდა, საზოგადოებას მივმართო, ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი. დაიდო დასკვნა, რომ ეს არის არქეოლოგიური ობიექტი და მას არავითარი ისტორიული ძეგლის სტატუსი არ გააჩნია. ჩვენს წინაშეა ორი მოცემულობა - ერთი მხრივ, არის კომპანია, რომელიც არის პრაქტიკულად დახურვის პირას, ამ კომპანიაში მუშაობს 3 ათასზე მეტი ადამიანი, ანუ ამდენი ოჯახი იღებს ხელფასს. 2012 წელს კომპანიის სახელფასო ბიუჯეტი შეადგენდა 35 მილიონ ლარს, 2013 წელს 41 მილიონ ლარს და 2014 წელს სულ რაღაც ნახევარი მილიონი ლარი იქნა გაცემული, რადგან კომპანია გაკოტრების პირას არის მისული. ჩვენ ამ ინვესტორებთან შეხება არ გვაქვს, ეს მოხდა იქამდე, ვიდრე სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, მაშინ შემოვიდნენ ისინი და 300-400 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოიტანეს საქართველოში. ჩვენ გვაქვს არჩევანი - 3 ათასი ოჯახი დარჩეს დასაქმების და ხელფასების გარეშე თუ არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის დასკვნის საფუძველზე სტერილური ობიექტია? რომელი გვირჩევნია? არ მახსოვს, წლების განმავლობაში ვინმეს ეხსენებინოს საყდრისი-ყაჩაღიანი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 საყდრისთან დაკავშირებით არის ვიწრო ჯგუფის მიერ გამოჩენილი ინტერესი, რომელსაც ჰქონდა მოძიებული გრანტი ერთი მილიონი ევროს ოდენობით და დამატებით კიდევ ელოდებოდნენ გრანტს, რომ იქ გაეგრძელებინათ არქეოლოგიური გათხრები აღნიშნა პრემიერმა.

"ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გავაკეთოთ არჩევანი ორ სიკეთეს შორის. აქეთ არის 3 ათასი ოჯახის შენახვა და კეთილდღეობა და მეორე მხრივ, სტერილური არქეოლოგიური ობიექტი. მივმართავ საზოგადოებას, რომელი გვირჩევნია - გადავარჩინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელიც მთლიანად მიბმულია ამ კამპანიაზე, თუ შევინახოთ და არაფერში გამოგვადგეს ეს ობიექტი. "არემჯი", ჩემი ინფორმაციით, 80%-ით ფარავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხარჯებს, სახელმწიფოს აქვს მინიმალური დანახარჯები მუნიციპალიტეტის შენახვაში და წელს უკვე ჩვენ გავიღეთ 9 მილიონ ლარზე მეტი იმისთვის, რომ შეგვენახა მუნიციპალიტეტი, რადგან ხელფასების გაცემის რისკიც კი არსებობდა. "არემჯი" მზად არის, ობიექტზე მოძიებული არტეფაქტები ბოლნისში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მუზეუმში გადაიტანოს, რომელსაც თავად ააშენებს.

ისე არ უნდა მოხდეს, რომ ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ. მინდა, მივმართო საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მოვუწოდებ, შეხვდნენ ამ სამი ათას ოჯახს, ბოლნისის მოსახლეობას გაესაუბრონ და გაარკვიონ მეორე მხარეს არსებული სიმართლე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

20-12-2014, 18:48
უკან დაბრუნება