ივერიონი / როდის მოგვშორდება სასამართლოს „უგვირგვინო მეფე“ და დაბრუნდება თუ არა უზენაესში ლადო ჭანტურია?

როდის მოგვშორდება სასამართლოს „უგვირგვინო მეფე“ და დაბრუნდება თუ არა უზენაესში ლადო ჭანტურია?

2015 წლის თებერვალში ქართული მართლმსაჯულების „უგვირგვინო მეფეს“ - კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება. კიდევ ცოტაც და „ნაციონალების“ მიერ მიჭირხვნილი მოსამართლეები ამოისუნთქავენ და საზოგადოებასაც (მითუმეტეს, ხელისუფლებას) არ ექნება იმის პრეტენზია, რომ სასამართლო სისტემა დღესაც „ნაციონალების“ სამსახურშია და სამართლიან გადაწყვეტილებებს არ იღებენ!

უკვე სახელდება კუბლაშვილის სავარაუდო შემცვლელებიც - უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, შევარდნაძისდროინდელი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო ჭანტურია.

რამდენადაც ვიცი, ქ-ნ ირინას, მიუხედავად საკმაოდ დატვირთული ბიოგრაფიისა, სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება არა აქვს, რაც შეეხება ლადო ჭანტურიას, მისი უზენაეს სასამართლოში დაბრუნება დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი სწორი საკადრო გადაწყვეტილება იქნება.

ჭანტურია საზოგადოებას დაამახსოვრდა როგორც ერუდირებული და მაღალპროფესიონალი იურისტი, რომელიც კორუფციულ ჭაობში ჩაფლული არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მას იძულებითი შეცდომა დააშვებინეს და საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიაღებინეს (თუმცა, ისიც ცალმხრივი) და „ვარდების რევოლუცია“ „გააპრავებინეს“, მიმაჩნია, რომ იგი ამ ეტაპზე უკონკურენტო კანდიდატურაა უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე!

ცალკე საუბრის თემაა დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება კოტე კუბლაშვილის მიმართ, რომელსაც ზურგზე აწევს ათასობით უკანონო გადაწყვეტილება (უკანონოდ წართმეული ქონებები, ათასობით უდანაშაულო ადამიანების (რომლებიც არ იჯდნენ „ნაციონალური“ რეჟიმის ინტერესებში), საზოგადოებისგან იზოლირება).

დღევანდელ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის სურვილი რომ ჰქონოდა, სამართლიანობის აღდგენა სწორედ კუბლაშვილის იმპიჩმენტით უნდა დაეწყო და მისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც უნდა მიეყოლებინა. მართალია, ეს ხალხის დაკვეთის შესრულება იქნებოდა, მაგრამ, ამ გზით ევროპას „ქართული დემოკრატიით“, ალბათ, ვერ გავაკვირვებდით!..

           
ანდრია ლისაშვილი

23-12-2014, 11:24
უკან დაბრუნება