ივერიონი / "პლასტელინი სიცივეში მაგრდება, მაგრამ "მიჯირყვნის" შემდეგ კვლავ მორჩილი ხდება"

"პლასტელინი სიცივეში მაგრდება, მაგრამ "მიჯირყვნის" შემდეგ კვლავ მორჩილი ხდება"

   "სახალხო პარტია" სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

   -"პრეზიდენტადწოდებულმა მარგველაშვილმა გამოთქვა მზაობა რუსეთთან ურთიერთობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის  განსახილველად პოლიტიკურ სპექტრთან, მათ შორის,  არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შესახვედრად.

   ,,სახალხო პარტიამ" წერილობით მიმართა, რომ ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში წარუდგენდა პარტიის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხზე, რომელთა ნაწილი პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებებშიც აისახა, მაგრამ მისი რეალიზება არ განხორციელდა (ამიტომაც აღვმოჩნდით ამ მდგომარეობაში ).

   მარგველაშვილმა მასთან შეხვედრაზე მიიწვია მხოლოდ ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც დაშვებულია  "შუაგაკრეფილ"  სქემაში ("ნაცმოძრაობა" კი განსაკუთრებული პატივით").

   ეს   კიდევ ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ზემოთაღნიშნულ საკითხზე ხელისუფლებას  უკვე ჩამოყალიბებული აქვს თავისი პოზიცია  (რომლის  გაჟღერებას ჯერ-ჯერობით  ვერ ბედავს)  და დანარჩენი   ,,დემოკრატიით" თამაშია.  გამოჩნდა, რომ არა თუ რუსეთის პრეზიდენტთან, არამედ საქართველოში   არსებულ  ჩამოყალიბებული პოზიციის მქონე  საქართველოს ინტერესების დამცველ პოლიტიკურ ძალებთან შესახვედრადაც არ არიან მზად. მაშ, რა უნდა ასეთ ხალხს ხელისუფლებაში!   

   ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციით ევროკავშირი სიტყვა-სიტყვით მოუწოდებს ჩვენ ხელისუფლებას დაამთავროს პოლიტიკური ორპოლუსიანობა და, რომ საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაცია დამღუპველი იქნება ქვეყნის სტაბილურობისთვის.

   ხელისუფლებას ვურჩევდით, კარგად დაფიქრდეს ამ მოწოდებაზე. რეზოლუციით მოცემული რეკომენდაციების  შეუსრულებლობა დიდი დაბრკოლება იქნება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუ, რა თქმა უნდა, დეკლარირებული პოლიტიკის რეალიზების  სურვილი აქვთ მათ.

 

24-12-2014, 10:42
უკან დაბრუნება